logo_geo
eng_logo
დეკანოზი ალექსანდრე: ჩემს მრევლს, იმიტომ რომ ვერ დავიცავ, ვუთხარი - დარჩით სახლში
- +

17 აპრილი. 2020. 01:37

 

 

„ჩვენს ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდება, მაგრამ მრევლის გარეშე. მე ჩემს მრევლს, იმიტომ რომ ვერ დავიცავ, ვუთხარი, რომ დარჩით სახლში, ჩვენ ერთად ვილოცებთ, ადგილს არ აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა დეკანოზმა, მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღოლმა ალექსანდრე გალდავამ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

 

მისი თქმით, ტაძარიც და ეზოც პატარაა და ამიტომ მრევლს სთხოვა, მსახურებაზე არ მისულიყვნენ.

 

 

„ბზობა დღეს მრევლს ვთხოვე, ცოტანი მოსულიყვნენ, მაგრამ მაინც ბევრად მეტი მოვიდა. ამან ძალიან დამაფიქრა, შემაშფოთა და დავინახე, რომ ვერ ვმართავ სიტუაციას. ამიტომაც მოვუფრთხილდი ჩემს მრევლს და ვთხოვე მათ, რომ ერთი აღდგომა ჩავატაროთ ერთმანეთის გარეშე-თქო. ყველას ძალიან გვიხარია აღდგომა. ეს უბედნიერესი დღეა. გამარჯვებაა სიცოცხლისა სიკვდილზე და მსახურება ძალიან ამაღელვებელია, მაგრამ რა ვქნათ, ახლა რეალობა ასეთია. ჩემი მრევლიც გაგებით მოეკიდა ამას. ჩვენ დავშორდით დღეს ერთმანეთს და შაბათს ღამე ერთმანეთს არ შევხვდებით“, - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

 

 

როგორც დეკანოზი აღნიშნავს, უფალი არის სულში და ჭეშმარიტებაში და მნიშვნელობა არ აქვს სად იდგები.

 

 

„მაცხოვარმა გააუქმა ნებისმიერი ადგილი, უფრო მეტიც, იერუსალიმიც კი არ ჩათვალა წმინდად და არ თქვა, რომ იერუსალიმშია სათაყვანო უფალი. უფლის თაყვანისცემა მხოლოდ შეიძლება სულში და ჭეშმარიტებაში. მნიშვნელობა არ აქვს იერუსალიმში იდგები, დავით გარეჯში თუ ნიუ იორკში. მთავარია, სულში და ჭეშმარიტებაში სცე უფალს თაყვანი“, - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

 

 

დეკანოზი მიიჩნევს, რომ საჭიროა დავეკიხოთ კომპეტენტურ ადამიანებს.

 

 

„მიმაჩნია, რომ იმ სფეროში სადაც ჩემი კომპეტენცია არ არის, კომპეტენტურ ადამიანებს უნდა დავეკითხოთ, ეს არის დღეს ჩვენი ხელისუფლება და ჩვენთვის ძალიან ავტორიტეტული და ძვირფასი ადამიანები, თითოეული უბრალო ექიმი, რომელიც იქ წვალობს, იღწვის და თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს. მათი არდაფასება ჩვენი განლაღებით იქნება თუ რეკომენდაციების დარღვევით, იქნება მათი შეურაცხყოფა“, - განაცხადა დეკანოზმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner