ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ვანო მერაბიშვილი არ არის და ვერ იქნება პოლიტიკური პატიმარი.„ნაციონალურმა მოძრაობამ" ევროსასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხა, როგორც მათ აწყობდათ",- ამ სიტყვებით შეაფასა „ეროვნული ფორუმის" წევრმა ანი მიროტაძემ „რეპორტიორის პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სტრასბურგის სასამართლოს დადგენილება ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. მიროტაძის განცხადებით, დარღვევებზე, რომელიც არის აღმოჩენილი, უნდა გაგრძელდეს გამოძიება, მაგრამ ადამიანი, რომელმაც კანონი დაარღვია, პოლიტიკურ პატიმრად არ ითვლება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" წაიკითხა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც მათ აწყობდათ. დანარჩენი სამყარო, სამართალმცოდნეები, დარგის სპეციალისტები, პოლიტიკოსები, საზოგადოება კითხულობს, რაც არის რეალურად.
საუბარი არის დარღვევებზე, რომელიც ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით წინასწარი პატიმრობის დროს იქნა აღმოჩენილი. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა გაგრძელდეს გამოძიება. ვანო მერაბიშვილი არ არის და ვერ იქნება პოლიტიკური პატიმარი. ევროსასამართლოს არ უთქვამს, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია. როგორი მაღალი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს ადამიანი ან როგორი მაღალი პოლიტიკური სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, ვერ იქნება პოლიტიკური პატიმარი, თუ მას ჩადენილი აქვს კანონდარღვევა. კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი", - განაცხადა მიროტაძემ.