„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს თევდორე კობახიძის მიერ გამოთხოვილი პერსონალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი", - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსი ელენე დუმბაძე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძის განცხადებას.
როგორც ელენე დუმბაძემ „რეპორტიორთან" საუბარში თემის კომენტირებისას განმარტა, თევდორე კობახიძე ბადრი ჯავახიშვილის შესახებ სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას ითხოვს, აღნიშნული კი პერსონალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტია, რასაც საკრებულო ვერ გაასაჯაროვებს.
„2016 წლის 15 ივნისს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძემ განცხადებით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს და ითხოვა მის მიერ დაქვემდებარებული იურიდიულ საკითხთა კომისიის სამდივნოს ყოფილი შტატგარეშე თანამშრომლის ბადრი ჯავახიშვილის სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარემ დამავალა, როგორც აპარატის უფროსს, მომეხდინა რეაგირება ამ განცხადებაზე.
მინდა, მოგახსენოთ, რომ თევდორე კობახიძის მიერ მოთხოვნილი ზემოაღნიშნული ინფორმაცია მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემს, რომლის გასაჯაროებაც კანონით დაუშვებელია, ეს მონაცემები დაკავშირებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.
საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი" 44-ე მუხლით საჯარო დაწესებულება, ამ შემთხვევაში საკრებულო, ვალდებული ვართ, არ გავახმაუროთ პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე და აქვე მინდა დავამატო, რომ თევდორე კობახიძის წარმოდგენილ განცხადებას დანართად არ ახლავს ბადრი ჯავახიშვილის მიერ კანონის შესაბამისად დამოწმებული თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს თევდორე კობახიძის მიერ გამოთხოვილი პერსონალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.
თუ თევდორე კობახიძის მიერ წარდგენილ იქნება თავად ბადრი ჯავახიშვილის წერილობითი თანხმობა ან სასამართლოს მიერ გაცემული დასაბუთებული გადაწყვეტილება, ბუნებრივია, საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ბადრი ჯავახიშვილის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული პერსონალური მონაცემების მიწოდებას", - განუცხადა „რეპორტიორს" ელენე დუმბაძემ.