სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II -მ ბრძანა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის აღორძინებას, მიწის დამუშავებას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.
„განახლებისა და გადარჩენის, სიცოცხლისა და სიხარულის, იმედისა და ღმერთთან მშვიდობის მომტან ამ დიდებულ დღეს, რა თქმა უნდა, უფერულდება ის განსაცდელიც, ამჟამად ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო რომ მოუცავს და ყველას ასე აშფოთებს.
უცნაური ვითარება შეიქმნა, ადამიანები, ერთი მხრივ, გაერთიანდნენ სიცოცხლისთვის საშიში საერთო საფრთხის წინააღმდეგ და ამავე დროს, ჩაიკეტნენ თავის ქვეყანაში, თავის ქალაქსა თუ სოფელში, თავის სახლში. მათ დაფიქრების საშულება მიეცათ და აღმოაჩინეს ის რეალობა, რომ აზრი დაკარგა ბევრმა რამემ, რაც გუშინ დიდად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. სამაგიეროდ წინა პლანზე წამოიწია ისეთმა მიმართულებებმა, რასაც ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ამასთან, სახელმწიფოებმა თვითუზრუნველყოფის საჭიროება დაინახეს და სხვაზე დამოკიდებულის მდგომარეობა წამგებიანი გახდა.
ყველა ქვეყნისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, პირველი რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება.“- აღნიშნულია ეპისტოლეში.