ავტორი არმაზ სანებლიძე
გუშინ, 14 ივნისს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე, რომელიც ტექნოპარკის კონფერენცდარბაზში გაზეთების, საინფორმაციო სააგენტოებისა და რადიოს ჟურნალისტებისთვის გაიმართა (და ელექტრონული პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაცილებით შინაარსიანი და მრავალფეროვანი იყო) „ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი მახლაზ გულაშვილი მასპინძელს შეეკითხა (რჩევას ჰგავდა უფრო): უპრიანი ხომ არ იქნებოდა, მთავრობას გაეძლიერებინა პოზიტიური მოვლენების გაპიარება, რომლებიც რეალურად ახალი ხელისუფლების მიერ არის ფუძეჩაყრილი და განხორციელებული?
იმ ფონზე, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით სისტემატურად გვესმის უპირატესად კეთილმოსურნეთაგან, ბატონ ბიძინას უარყოფითი პასუხი მოულოდნელი იყო.
არაო, თქვა მან: რადგან შეიძლება დავემსგავსოთ სააკაშვილს, რომელიც პიარით ისე იყო გართული, რომ ერთსა და იმავე ობიექტს შვიდჯერ საზეიმოდ ხსნიდა სხვადასხვა კუთხიდან.
მიშა, რომელიც საკუთარ თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა.
მისი პასუხის დედააზრი ასეთია: მთავარია საქმის კეთება, სიახლეს და სიკეთეს ხალხი თვითონ დაინახავს და შეაფასებს.
ეს რეპლიკაც მიხეილ სააკაშვილის პიარმოღვაწეობას ეხება, ოღონდ ამჯერად უკრაინაში.
მაშ, ყურადღება!
ცნობილმა უკრაინელმა ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ მიხეილ სააკაშვილს თავის დროზე „უალიკაპო ძაღლი" და „ჟღვინტიანი ნარკომანი" უწოდა:
„უალიკაპო ძაღლი ვინმეს რომ დაკბენს, უნდა დაისაჯოს ძაღლიც და, რაც მნიშვნელოვანია, პატრონიც. ძაღლებს დააძინებენ და წამლავენ. ჩვენ შემთხვევაში კი ფასდადებით უნდა გაიგზავნოს საქართველოში, რათა პასუხი აგოს იქ დაკბენილ ადამიანებზე... უაზრობაა მოვკითხოთ ჟღვინტიან ნარკომანს პასუხი, სანამ ნარკოდამოკიდებულებისგან გასათავისუფლებელ მკურნალობის კურსს არ გაივლის".
ეს ითქვა შარშანდელ შემოდგომაზე. მაგრამ, რადგან უკრაინის ხელისუფლებამ კოლომოისკის რჩევა არ გაითვალისწინა, მიხეილმა გადაწყვიტა თავად მიეხედა თავისი სულიერი და ფიზიკური გადახრებისთვის და სულ რამდენიმე დღის წინათ ქალაქიდან მოშორებით დასცა კარავი, იქ დასახლდა და ეს მოვლენა სიხარულით აცნობა მთელ უკრაინას ამ უბადლო გამპიარებელმა ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტის „კულტმასავიკის" დონისამ: დოლ-გარმონი და ცხელი ტაში!
გამოვიდა რა, ესეც ლიბიის ყოფილი ლიდერი, მუამარ ბენ მუჰამედ აბუ მენიარ აბდელ სალამ ბენ ჰამიდ ალ-კადაფი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის დედაქალაქში ვიზიტად ჩასული თან დაათრევდა თავის ძვირფას ბედუინის კარავს, გაშლიდა და იქ ცხოვრობდა თავის ხოშზე.
რას არ იტყვიან!
ჯერ ერთი, მიშა მუამარი არ არის, ბედუინიც არ იქნება, რადგან სათამაშო ცხენის გარდა სხვა ოთხფეხა ცხოველზე არ მჯდარა. არაბული ჯიშისაზე - მით უფრო.
შემდეგ, ნარკომანი არ არის, არც ჟღვინტიანი, თქვენ წარმოიდგინეთ. ხოლო კარავში კი ნორმალური პარამეტრებიდან ამოვარდნილი ბოდვითი იდეების დასამშვიდებლად კი არ ჩასახლდა, არამედ კორუფციის აღმოსაფხვრელად ცალკე აღებულ ოდესა-რენის ავტომაგისტრალის არეალში წლევანდელი შემოდგომის დადგომამდე. როცა საქართველოში შემოდგომის მოსაბეზრებელი წვიმა იწყება, უკრაინაში კი - აცივება.
რატომ კარავში და რატომ მაინცდამაინც შემოდგომამდე?
1917 წლის ოქტომბრის (შემოდგომის) ბოლშევიკური გადატრიალების კვალზე და ლენინის, როგორც მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის, რაზლივის ტბასთან ჩადგმული კარვის მაგალითზე.
მსოფლიო მასშტაბზეა ლაპარაკი, რადგან ნაცების ნარჩენების თავგადაკლული მტკიცება, რომ მიშა „რეგიონული მასშტაბის ლიდერია", აშკარად ხელს არ აძლევს „დემოკრატიის ყოფილ შუქურას", დიდ რეფორმატორსა და ხელისუფალს, რომლის მსგავსი საქართველოს დავით IV აღმაშენებლის შემდეგ არ ჰყოლია.
ჩალის კარავი გაუთიბავ მინდონში ჩაუდგეს ილიჩსა და ზინოვიევს. მთიბავი ფინელების როლი უნდა ეთამაშათ რევოლუციის ამ წინამძღოლებს. მაგრამ ვლადიმერ ილიჩს თიბვისა არა გაეგებოდა რა, ზინოვიევს კი - ეზარებოდა. ყველაფრისმცოდნე და ყველაფრის შემძლე ლენინს ცელის მოქნევა რომ არ შეეძლო, ხალხს როგორ გაუმხელდნენ, ან იმის თქმას ვინ გაბედავდა, რომ ხალხის თვალს გარიდებული წყვილი სიამტკბილობით ატარებდა დროს ბუნების წიაღში. ფაქტს - ლენინი მარტო რომ არ ცხოვრობდა კარავში, ედო გრიფი „სრულიად საიდუმლოდ".
ლენინისგან შექმნეს რევოლუციის გმირის ხატება, რომელმაც მარტომ განვლო ცეცხლოვანი გზები, გააპო ზღვები და... დაივანა რაზლივის კარავში.
მარტომ და ერთადერთმა.
მიხაილ ლენინოვიჩ სააკაშვილმა ეს როლი თვითონვე მოირგო.
უკრაინაში შეიძლება დაუჯერონ.
საქართველოში - არა, რადგან ნასწავლი გვაქვს შერეკილების გაკვეთილი, როცა ნოშრევან ხუსკივაძის „ნეო-ნერვო-კლინიკის პაციენტებმა გნოლიძემ, ლორიამ, ჩილაჩავამ, სიმონგულოვმა და ტყეშელაშვილმა ჩალის კარავში მოაწყვეს შეთქმულება", რომელიც დამთავრდა იმით, რომ „კარპეზა დენიაგმა (ნოშრევანის კაცმა) დროზე უცვალა გეზი შეთქმულებას, სხვა მსვლელობა მისცა და ოყნებს დაუკავშირა - ამ საქმეში თავადაზნაურობასთან გათანაბრება მოითხოვა.
ამასობაში ალმასას და მაისას კარავი შემოეჭამათ.
თავსხმა წვიმაში კი შეთქმულება ჩვენში ინტერესს კარგავს" (რეზო გაბრიაძე).
მიხეილის მიდრეკილებაც „რევოლუციური კარვებისადმი" ისევე გაქრება და ჩაიფუშება, როგორც რაზლივში დაბადებული იდეები.
რუსეთში ხუმრობენ: რევოლუციური პეტერბურგის დათვალიერება აუცილებლად უნდა დაიწყოთ ლენინის კარვით რაზლივის ტბასთან.
მიხეილ ლენინოვიჩის რეფორმატორული გზასავალის პირველი პუნქტი კი აუცილებლად იქნება ოდესა-რენის ავტომაგისტრალის 32-ე კილომეტრზე ნაჩალიჩარი კარავი.
საქართველოში ასეთი კარავი აღარ არსებობს, რადგან, როგორც რეზო გაბრიაძემ „შერეკილებში" გვითხრა, „ალმასას და მაისას (ჩალის) კარავი შემოეჭამათ" („შერეკილები").
უკრაინაში რა მოხდება, არავინ იცის. გამორიცხული არ არის, ისევე, როგორც საქართველოში „საპრეზიდენტო საველე ტრიბუნა" ჰქონდა ზურგზე მოკიდებული, იქაც ადგილიდან ადგილზე, სადაც კი ბარს დაკრავენ, თავისი ეს კარავი თან ათრიოს, როგორც რევოლუციური რეფორმატორობის არნახული ინოვაცია.
ჩვენთან, აქ არქიტექტორობა არ გამოუვიდა, ეგებ, უკრაინაში „პრორაბობას" - სამუშაოთა მწარმოებლის ამპლუას გამოჰკრას ხელი...
არმაზ სანებლიძე
P.S.
ამ ფონზე ჟირინოვსკის გესლიანი სარკაზმიც კი გასაგები ხდება: „მიეცით უკრაინა სააკაშვილს და წესრიგი დამყარდება, ისე კი - ბარდაკია".
ა.ს.