საქარველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით „რეპორტიორს" „ახალგაზრდული ცენტრის" ლიდერი ზურაბ ქადაგიძე ესაუბრა. მისი თქმით, კვირიკაშვილის ვიზიტმა გერმანიაში კიდევ უფრო განამტკიცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. რაც შეეხება ვიზა-ლიბერალიზაციას, ქადაგიძის თქმით, გერმანიის ფრთხილი პოზიცია საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით, გამომდინარეობს არა ქართველ კრიმინალთა რაოდენობის შესაძლო ზრდის გამო, არამედ მათ აშინებთ მიგრანტთა რაოდენობა.
„მოგეხსენებათ, სირიის კრიზისმა მილიონობით ლტოლვილი შემატა ევროპის ქვეყნებს. ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო გზავნილი იქნა გაჟღერებული, მათგან უმნიშვნელოვანესია, რომ გერმანია და მისი კანცლერი ანგელა მერკელი აღიარებს საქართველოს წინსვლას, რეფორმებს და აცხადებს, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა ვიზა-ლიბერალიზაცისთვის, გერმანია ვიზა-ლიბერლაიზაციას განიხილავს შეჩერების მექანიზმის კონტექსტში, რაც თავის მხრივ მიგრანტთაგან თავის დაცვის მექანიზმს გულისხმობს. ასე რომ, უახლოეს პერიოდში შეჩერების მექანიზმთან კომბინაციაში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული, აღნიშნულ საკითხში ჩვენს ქვეყანას გერმანიის სრული მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხს, როგორც განცხადებებიდან ირკვევა, უახლოეს პერიოდში იგეგმება საქართველოში ინვესტიციების განხორციელება გერმანიიდან, რაც ჩვენს ქვეყანას დამატებით შემოსავალს, ეკონომიკურ სტაბილურობას და ახალ სამუშაო ადგილებს მოუტანს.