დაკავებული პოლიციელი სოსო გაბრიაძე, რომლის მიერ უმისამართო გასროლასაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, აცხადებს, რომ მან აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებული სამართალდამცავის ადვოკატმა განუცხადა. როგორც უფლებადამცველი ჰყვება, ის დაკავებულ პოლიციელს ახლახანს შეხვდა, საქმის მასალებს არ იცნობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ პოლიციელი ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მომხდარ ფაქტს ძალიან განიცდის.
„ძალიან წუხს, ძალიან ნანობს, ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია თვითონ, თუ ეს შედეგი, რაც დადგა, მისმა მოქმედებამ გამოიწვია. ძალიან განიცდის იმ ფაქტს, რაც მოხდა. მითუმეტეს, პოლიციელია, ადამიანს, რომელიც კანონს იცავდა, ედავებიან, რომ მისმა გასროლილმა ტყვიამ სრულიად უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა.
ძალიან რთული სიტუაციაა, ეს ადამიანი გასროლის ფაქტს ადასტურებს, მისი მხრიდან იარაღის გასროლა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა, გასროლა მოხდა ჰაერში, ველოდებით ექპერტიზის დასკვნას, მტკიცებულებებს რას გადმოგვცემენ. ამ ადამიანს რომ ვინმეს მოკვლის განზრახვა ჰქონდა, ან დაენახა თავის მიერ გასროლილი ბრმა ტყვია ვინმეს როგორ მოხვდა, მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია. როგორც იცით, ამ ტყვიამ დაახლოებით, 600 მეტრი იფრინა, ჯერ საქმის მასალებში არ ჩამიხედავს.მე როგორც ადვოკატმა, არ ვიცი დამდგარი შედეგი არის, თუ არა ამ ადამიანის მიერ განხორციელებულ მოქმედებასთან დაკავშირებული. თუმცა, ვიმეორებ, ის გასროლის ფაქტს ადასტურებს, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა, თუ არ ვცდები, ნასვამ მდგომარეობაში იყო“, - აცხადებს გაბრიაძის ადვოკატი.
დაკავებულ სამართალდამცავს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.
ცნობისთვის,პროკურატურამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავა
უწყების ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.ა.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ს.გ. ბრალდებულის სახით დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით