logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: საქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა და ეს ცალსახად გადაწყვეტილია
- +

16 ივნისი. 2016. 19:33


 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა „რვიანში" საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს. „უვიზო მიმოსვლა საქართველოს აუცილებლად ექნება", - აცხადებს სესიაშვილი.



„გერმანიის პოზიციები მკვეთრად განაპირობებს ევროკავშირში თუ NATO-ში ჩვენი პერსპექტივების შესაძლებლობებს.

 

ანგელა მერკელმა მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა საქართველოს მისამართით. გერმანიას, ზოგადად, არ სჩვევია სხვა ქვეყნების ქება.

 

გერმანიის განცხადებები ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციებთან დაკავშირებით. ამ განცხადებების საფუძველზე იმედი მიჩნდება, რომ გერმანია ჩვენთვის ხდება არამარტო კარგი მეგობარი,  არამედ ის ლოკომოტივი, მხარდამჭერი ევროპაში, რომელსაც შეუძლია, რეალური ზეგავლენა მოახდინოს ევროკავშირის და NATO-ს გადაწყვეტილებებზე.

 

2008 წლის შემდეგ ერთგვარი ყინული იყო ჩვენსა და გერმანიას შორის, რომელიც ეფუძნებოდა წინა ხელისუფლების ერთგვარ კრიტიკას, რომ  გერმანია გვბლოკავს და სკეპტიკოსი ქვეყნების სიაში იყო შეყვანილი.

 

ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ გერმანიასთან ურთიერთობები დავათბეთ და კარგი პარტნიორული ურთიერთობების ეტაპზე გადავედით.

 

მერკელმა ხაზგასმით თქვა, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და არ არსებობს დამატებითი კითხვა.

 

გერმანია მაქსიმალურად ეცდება, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაცია დააჩქაროს.

 

არ არსებობს იმის წინაპირობა, რომ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერება გამოიწვიოს.

 

გერმანიის პოზიცია შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, უკავშირდება რამდენიმე ფაქტორს: მთავარი - ეს არის საერთაშორისო პოლიტიკური მოცემულობა, სირიის პრობლემა, თურქეთში არსებული მიგრანტების პრობლემა და უკრაინის მიერ აღებული ვალდებულებების ჯერ კიდევ შეუსრულებლობა.

 

გერმანიის შიდა პოლიტიკაში არსებობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომელებიც არათუ ვიზა-ლიბერალიზაციას, ზოგადად უფრო მეტად აჟღერებენ ისეთ გზავნილებს, რომელიც ევროპის უფრო ჩაკეტვისკენ არის მოწოდებული.

 

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ გასცილდება სექტემბრის თვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სექტემბერში ევროპარლამენტის მხრიდან მოხდება ვიზა-ლიბერალიზაციისთვის მხარდაჭერა.

 

საქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა და ეს ცალსახად გადაწყვეტილია, უბრალოდ, ჩვენ შეიძლება გავხდეთ იმის მომსწრე, რომ ბიუროკრატიულად ევროკავშირმა დაალაგოს თავისი პრინციპები შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.  


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner