logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ვეხმარებით ადგილობრივ ბიზნესს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით, რათა არ განვიცდიდეთ პირბადის ან სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს
- +

21 აპრილი. 2020. 18:59

 

 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს დაცული, არ განვიცდიდეთ პირბადის ან სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს და ამას ვაკეთებთ ადგილობრივი ბიზნესის დახმარებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც თბილისში, კომპანია „ფავორიტი სტილის“ ერთ-ერთ საწარმოში საწარმოო პროცესს გაეცნო. კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და 2020 წლის მარტიდან ბიოსამედიცინო კომბინიზონებს, დამცავ ნიღაბ-ფარებს, დამცავ სათვალეებს და სადეზინფექციო ხსნარებს აწარმოებს.

 

„ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ გადაეწყო ჩვენი ბიზნესი დღევანდელ კრიზისულ ვითარებაში ყველაზე უფრო მეტად საჭირო საქონლის წარმოებაზე. ერთ-ერთი პროდუქცია, რომლის წარმოებაც კომპანიამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით დაიწყო, დაცვის ფარებია, რომელიც დღეს ადგილობრივ ბაზარზე იმდენად ფართოდაა წარმოდგენილი, რომ ნება დავრთეთ, გარკვეული რაოდენობა ექსპორტზეც გაეტანა. აღნიშნული დაცვის ფარები ძალიან მოთხოვნადია აშშ-ში, უკრაინასა და ბევრ სხვა ქვეყანაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომპანიამ „ფავორიტი სტილი“, რომელიც 26-წლიანი გამოცდილების კომპანიაა და კორონავირუსის პანდემიამდე, ძირითადად, საბეჭდი მასალების წარმოებით იყო დაკავებული, 2020 წლის მარტში სპეციალური მანქანა-დანადგარები შეიძინა და ვირუსისგან დაცვის საშუალებების დამზადება დაიწყო. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 180 000 აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის სამ საწარმოში 800 ადამიანია დასაქმებული.

 

კომპანიას აქვს სახელმწიფო დაკვეთები და ამავდროულად ახდენს პროდუქციის ექსპორტზე გატანას, კერძოდ: აშშ-ში, ესტონეთსა და უკრაინაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner