2016 წლის 15 ივნისს ცნობილი გერმანული გამოცემები Süddeutsche Zeitung, Frankfurter Allgemeine Zeitung, Stern პუბლიკაციებს აქვეყნებენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის შესახებ.
გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში, სათაურით „მერკელი საქართველოს დროული ვიზალიბერალიზაციის მიღების შესახებ იმედს აძლევს" (Merkel macht Georgien Hoffnung auf baldige Visaliberalisierung), აღნიშნულია რომ, საქართველოსთვის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის მინიჭება ახლო მომავალში მოხდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, ვიზა ლიბერალიზაციის დაწესების ერთ-ერთ მთავარი წინაპირობა ევროპარლამენტში ეგრეთწოდებული „შეჩერების მექანიზმის" შესახებ გადაწყვეტილების მიღებაა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერონ იმ ქვეყნებს, რომლებიც მას თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით ბოროტად გამოიყენებენ, ნათქვამია სტატიებში.