საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ თელ-ავივის „მაკაბი" ჩაიბარა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ებრაული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა.
„მოხარულნი ვართ, რომ სწორედ იმ მწვრთნელის დანიშვნა მოვახერხეთ, რომელიც ჩვენი მთვარი სამიზნე იყო. შოთა ძლიერი პიროვნებაა, რომელსაც დიდი საფეხბურთო წარსული უმაგრებს ზურგს და მიგვაჩნია, რომ იგი „მაკაბისთან" ერთად მიზნების მიღწევას მოახერხებს", - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ხორდი კრუიფმა.
„ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით და ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები ფეხბურთელებსა და მათ ერთგულ გულშემატკივრებს. ბევრი მსმენია იმ ატმოსფეროზე, რომელიც სტადიონზე „მაკაბის" თამაშისას სუფევს. ვიცნობ „მაკაბის" ისტორიას და ამიტომაც ვარ ბედნიერი აქ ყოფნით. მინდა, რაც შეიძლება მალე დავიწყო მუშაობა", - აღნიშნა არველაძემ.
ახალ კლუბთან შოთა არველაძის სამუშაო პირობებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ებრაული მედიის მტკიცებით, ქართველმა „მაკაბისთან" 1+1 ფორმის კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით, სეზონში 800 ათას ევროს მიიღებს.