2020 წლის 22 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა პოლიციის მუშაკების მიმართ ჯგუფურად და ძალადობით წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, ბრალდებულებს ა.ტ-ს და ნ.ტ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 19 აპრილს, ქ. თბილისში ვარკეთილი 3, მე-4 მ/რ, 413-414-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ნ.ტ. და ა.ტ. 4 პირთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, რითაც არღვევდნენ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით დადგენილ პირობას, სამ ადამიანზე მეტი პირის ერთად შეკრების აკრძალვის შესახებ.
მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე შეკრებილ პირებთან პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ და შეკრებილ პირებს განუმარტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის დარღვევის გამო მათ ჯარიმა დაეკისრებოდათ. აღნიშნულის შემდეგ ა.ტ.-მ და ნ.ტ.-მ პატრულ-ინსპექტორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.
ა.ტ-ს და ნ.ტ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი ძალადობით ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.