ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ხელფასის 25 პროცენტით შემცირების თხოვნით მიმართა. ამ ინფორმაციას გამოცემა „ასი“ ავრცელებს.
როგორც ირკვევა, „რეალ მადრიდისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება ამჟამად 1.5 მილიონი ევროა წელიწადში და თუ მას ეს გასამრჯელო მართლაც შეუმცირეს, ფებურთის ფედერაცია წელიწადში 375 000 ევროს დაზოგავს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი უეფამ 2021 წლისთვის გადადო. გარდა ამისა, გაუქმდა ყველა ამხანაგური მატჩი ეროვნული ნაკრებების მონაწილეობით და განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა ეროვნული ჩემპიონატები.
რაც შეეხება ლუის ენრიკეს, მან ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა 2018 წელს დაიწყო, თუმცა 2019 წელს თანამდებობა მცირეწლოვანი ქალიშვილის მძიმე ავადმყოფობის გამო დატოვა. ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში, გოგონა გარდაიცვალა, ლუის ენრიკე კი ნაკრებს იმავე 2019 წლის 19 ნოემბერს დაუბრუნდა.