„არ აქვს მნიშვნელობა, კერძო სექტორი იქნება თუ სახელმწიფო, დიახაც!
ტელევიზიები ვალდებულები უნდა იყვნენ, პოზიტივიც გააშუქონ." - ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა ტელეკომპანია „დრო"-ს ეთერში განაცხადა.
მამაცაშვილის თქმით, მედიამ ნეგატივთან ერთად, ის პოზიტივიც აუცილებლად უნდა გააშუქოს, რა პროგრამებსაც ხელისუფლება ახორციელებს.
„თუ იმას ვაშუქებთ, ვიღაცა ვიღაცას როგორ „ჭირხვნის“, მაშინ ისიც უნდა გავაშუქოთ, რაც კეთდება ქვეყნის სასიკეთოდ.
არ არის აუცილებელი, პრეზიდენტმა, ან რომელიმე მინისტრმა გააკეთოს აქცენტი ამა თუ იმ თემაზე. დიახ, ჩვენ იმისთვის ვართ, რომ პოზიტივიც ვაჩვენოთ საზოგადოებას, რათა მხოლოდ ერთამენთის დაჭრა, მკვლელობა, გაუპატიურება და ასეთი საშინელებები არ გადავცეთ.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის მედიაჰოლდინგი, რომელსაც ამ შემთხვევაში მე წარმოვადგენ - „რეპორტიორი," აბსოლუტურად თანმიმდევრულად ასახავს იმ პოზიტივსაც, რაც ქვეყანაში ხდება. ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ..."- განაცხადა მამაცაშვილმა და აღნიშნა, რომ მოხარული იქნებოდა თუ მედიასთან პრესკონფერენციებს საქართველოს მოქმედი პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ხშირად გამართავდა.
„თუ ბატონი კვირიკაშვილიც გაიზიარებს ამ პრაქტიკას და იგივე ნაბიჯებს გადადგამს, მე ვფიქრობ, გაცილებით უკეთესი იქნება ქვეყნისთვისაც, მთავრობისთვისაც და რა თქმა უნდა მედიისთვისაც.
ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელთან დასასმელი ძალიან ვრცელი კითხვების სია გვაქვს თითოეულ ჩვენგანს."- განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.