logo_geo
eng_logo
თენგიზ ჩობანიძე: პანდემია და აშშ-ჩინეთის დაპირისპირება
- +

23 აპრილი. 2020. 15:46

 

 

ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ პანდემია მსოფლიო წესრიგს შეცვლის. შეგახსენებთ, აშშ-ის ხელისუფლება იძიებს კორონავირუსის წარმოშობას და თუ დამტკიცდა, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა, ამ შემთხვევაში ჩინეთს შავი დღე ელის. აშშ-ის პრეზიდენტს არ სჯერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, რომელმაც გუშინდელ განცხადებაში ვირუსის გავრცელების საწყისად კვლავ ღამურა და პანგოლინი დაასახელა. ამ ორგანიზაციის მხოლოდ ტრამპს კი არა, სხვა ქვეყნებსაც არ სჯერათ. აშშ-ის მსგავსად, ასევე  გამოძიების ჩატარება მოითხოვეს ავსტრალიამ, გერმანიამ, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა.

 

ჩინეთი უმძიმეს სიტუაციაშია ეკონომიკური მდგომარეობის მხრივ. ამ ქვეყნის მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) 6,8 პროცენტით შემცირდა, რაც პირველი შემთხვევაა უკანასკნელი 44 წლის განმავლობაში.  ამას ემატება ისიც, რომ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების კომპანიებმა ჩინეთის ბაზრის დატოვება დაიწყეს. ასე, მაგალითად, გიგანტურმა კომპანია „სამსუნგმა“ შეწყვიტა მობილური ტელეფონების წარმოება ჩინეთში, სამაგიეროდ, ვიეტნამში გააფართოვა.  ჩინეთის ბაზარი ასევე დატოვა  „სონიმ“, ნაწილობრივ „Apple“-მ, თუმცა, ეს უკანასკნელი უკვე აპირებს მთლიანად გასვლას ამ ქვეყნიდან. ასეთი გეგმა აქვთ „გუგლს“ და „მაიკროსოფტსაც“.

 

სავარაუდოდ, ჩინეთის ბაზარს ამერიკული კომპანიების 80 პროცენტი, ხოლო ევროპული კომპანიების 67 პროცენტი დატოვებს. აზიის ზესახელმწიფოსადმი ნდობა კატასტროფულად ეცემა, უკვე მნიშვნელოვნად კლებულობს იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც ჩინურ პროდუქციაზე ჰქონდათ მოთხოვნა. მსოფლიო სავალუტო ფონდის ვარაუდს თუ დავეყრდნობით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 1,2 პროცენტამდე დაეცემა.

 

და კიდევ, ორ დიდ ზესახელმწიფოს - აშშ-სა და ჩინეთს შორის დიდი ხანია, სავაჭრო ომი მიმდინარეობს. ორივე მხრიდან უამრავ პროდუქციაზე ტარიფების ზრდა ამერიკელ ფერმერებს, ჩინელ პროდუქციის მწარმოებლებს, ორივე ქვეყნის რიგით მოქალაქეებსა და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს  აზარალებს.

 

და მაინც, ჩინეთი აშშ-ს უსწრებს გლობალური პროექტების განხორციელებაში, საუბარია ე.წ. სარტყელისა და გზის ჩინური ინიციატივა, რომლის ღირებულება 2 ტრილიონი დოლარია და მოიცავს აზიის, აფრიკის, ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს, - უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ჩინელები ფეხს იკიდებენ ყველგან, რათა წარმატებით დაასრულონ თავიანთი ქვეყნის კომპარტიის „დიადი“ გეგმა - ჩინეთის რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავზე - 2049 წელს გახდნენ მსოფლიოს ლიდერები. ეს კი, აშშ-ის ხელისუფლებას აშფოთებს.

 

ერთი დეტალი: ჩინეთმა ბოლო წლებში რამდენიმე ვირუსი გამოიარა: ფრინველის გრიპი, SARS  (ანუ, კორონავირუსის წინა სახეობა)... ამ ვირუსებმა ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შეაფერხა, მაშინ აზიის ამ სახელმწიფოში მომუშავე ბევრი უცხოური საშუალო დონის კომპანიები მათმა მფლობელებმა საკმაოდ იაფად დათმეს და წავიდნენ ჩინეთიდან. ამით ისევ ჩინელებმა იხეირეს და მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდა სწრაფი ტემპით გააგრძელეს.

 

ვარაუდობენ, რომ ამგვარი „გადატვირთვა“ ჩინეთის ხელისუფლებას ახლაც დასჭირდა, მაგრამ როგორც მიმდინარე მოვლენებიდან ჩანს, რაღაც კარგად ვერ გათვალეს და საერთაშორისო ნდობის დაკარგვით დიდი ალბათობით მძიმე შედეგებს მიიღებენ. სწორედ ამიტომ იცავენ თავს და აცხადებენ, რომ ვირუსი უხანის ცხოველების ბაზარში ღამურებმა და პანგოლინებმა გაავრცელეს. თუმცა, მანამდე ჯერ აშშ-ისკენ გაიშვირეს ხელი (ამერიკელმა სამხედროებმა შემოიტანეს ვირუსიო), ბოლო დღეებში კი - რუსეთისაკენ. ასეთი ქცევა კიდევ უფრო მეტ ეჭვს ბადებს...

 

რაც შეეხება დონალდ ტრამპს. ეს უკანასკნელი დიდი გამოწვევების წინაშეა, - პანდემიასთან ბრძოლა, აშშ-ის მოქალაქეების ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება, ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფი გამოსვლა, სავაჭრო ომის მოგება ჩინეთთან  და რა თქმა, უნდა, ამ უკანასკნელის, უხეშად რომ ვთქვათ, დასჯა მსოფლიოში პანდემიის გავრცელებისა და ამით გამოწვეული დიდი მსხვერპლისათვის. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ წელს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner