ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხემძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი სამგორის რაიონში დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს.
შიხიაშვილმა მის სამომავლო გეგმებზე „მაესტროს" ეთერში ისაუბრა:
„ზოგადად მთავარი არის რომ ადამიანებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ და ამ პრობლემების შესახებ ინფორმაცია უნდა გვქონდეს. მე მქონდა ყოველ ხუთშაბათს მიღება, როგორც დეპუტატობის დროს ისე საკრებულოში ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, ასევე ვეტერანთა სამსახურში მუშაობისას. მინდა იცოდეთ ერთი რამ, რომ მთავარი ჩემთვის იყო ის, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემები, ჰქონოდათ ჩემთან კომუნიკაცია. ყველა პრობლემის მოგვარება ბუნებრივია შეუძლებელია, მაგრამ ადამიანები რა პასუხსაც იღებდნენ, ეს იყო ერთადერთ პასუხი, რომელიც იმ შემთხვევაში არსებობდა ბუნებაში, სხვა პასუხი უბრალოდ ვერ არსებობდა.
თუ შესაძლებელი იყო პრობლემების გადაწყვეტა, ის პრობლემა აუცილებლად წყდებოდა და იმ ვადებში, რომელსაც მე ვეუბნებოდი."- განაცხადა შიხიაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე იმის შესახებ, უჭერს თუ არა საქართველოს ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მას მხარს, შიხიაშვილმა ასე უპასუხა:
„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩემი მეგობარი და ბუნებრივია, მისი სურვილია, რომ მე ვიყო პარლმანეტში სამგორის წარმომადგენელი."
17 ივნისს, 13:00 საათზე, სამგორის რაიონის N12-ე ოლქში გაივლის რეგისტრაციას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დამოუკიდებელ მაჟორტარ კანდიდატად ირაკლი შიხიაშვილს წარადგენს.