საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვია. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე შედიოდნენ: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციალური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი.
ვიზიტის ფარგლებში, მიმდნარე წლის 16 ივნისს შედგა კახა კახიშვილის ორმხრივი შეხვედრა ესტონეთის იუსტიციის მინისტრთან ურმას რეინსალუსთან (რომლის კომპეტენციას განეკუთვნება ესტონეთის პენიტენციალურ სისტემასთან დაკავშირებული შესაბამისი მიმართულებები). შეხვედრისას, კახა კახიშვილმა ესტონელ კოლეგას საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში მრავალი მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებზე, მიღწეულ პროგრესზე, ევროპული სტანდარტების შემდგომი დანერგვის თვალსაზრისით არსებულ სამომავლო გეგმებსა და საერთაშორისო შეფასებებზე, შესაბამისი სტატისტიკური მაჩვენებლების ჩათვლით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ერთიანი ევროპული ფასეულობების შემდგომი განმტკიცებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის, ისევე როგორც ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, კახა კახიშვილმა ურმას რეინსალუსთან საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილა და ქვეყნის მიერ სრულად განხორციელებული ვალდებულებების გათვალისწინებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დროულად შემოღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი; მან აქვე ესტონეთის მხარდაჭერის გამო მადლიერება გამოხატა.
ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველო-ესტონეთის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და პენიტენციისა და პრობაციის სფეროში სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ესტონეთის იუსტიციის მინისტრი ქართველი კოლეგის ესტონეთში ვიზიტს მიესალმა და შეხვედრის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მადლიერება გამოხატა. ურმას რეინსალუმ, თავის მხრივ, პენიტენციური სისტემის რეფორმირების კუთხით, კახა კახიშვილს ესტონური გამოცდილება გაუზიარა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასევე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ ესტონეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამ მიმართულებებით. შეხვედრის დასასრულს, კახა კახიშვილმა ესტონელი კოლეგა საპასუხო ვიზიტის განსახორციელებლად საქართველოში მიიწვია.
ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში, იმავე დღეს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ქალაქ ტარტუს ციხეც მოინახულა და აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელს რაინ იუკსს შეხვდა. მხარეებმა მსჯელობისას ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ციხეების ეფექტიანი მართვა, რისკების შეფასების გათვალისწინებით; რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების მოქმედება; პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა კვალიფიციურობის უზრუნველყოფა და ამაღლება.