logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: "დროშები, დროშები, დროშები ჩქარა!", ანუ,"არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი!"
- +

23 აპრილი. 2020. 21:57

 

 

 

ცოტა ძველია!

ყოველწლიურად, გაზაფხულზე ვეხები ხოლმე მსგავს თემას. ახლაც, მოკრძალებული სურვილი მაქვს გავანათლო მავანი... მისივე ჯანმრთელობის შესახებ.

 

გაზაფხულმა იცის "გარეკილობის" გააქტიურება, აშლილობას რომ ეძახიან საქმეში ჩახედულები.
წელსაც არაფერი შეცვლილა.

ამ დიაგნოზით ავადმყოფი ერთი და ორი არ არის... მატებაც შეიმჩნევა.

 

ვითომ კორონავირუსის კატასტროფა არ გვეყოფოდა, ამ ბოლო ხანებში, ისევ იფეთქა ნაცნობმა სენმა.

მიზეზი?

მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნები. თანაც, პანდემიის ფონზე. იმ ფონზე, როცა მთავრობა თავდადებულ მედიკოსებთან ერთად ეფექტიანად უმკლავდება მსოფლიო უბედურებას.

ამ დროს ესენი კი ჩვეულ ამპლუაში გვევლინებიან: ამდენი სიშტერე, შური, ღვარძლი, ბოღმა... კი, ადრეც მოგვისმენია, გვინახავს, მაგრამ... ამ უმძიმეს, დაძაბულ, დათრგუნულ, საყოველთაო შიშით მოცულ ვითარებაში რა უნდა დაერქვას მსგავს მოქმედებას?

 

თავად განსაჯეთ: ზოგიერთმა მარნეულს "მიაშურა", ზოგიერთმა-იპოდრომს. პანიკაშეპყრობილი ზოგიერთი უსტარს უგზავნის საერთაშორისო ლიდერებს-მინიშნებით ჩავშლით არჩევნებსო. ერთი ცნობილი კლოუნი თავის ლილიპუტ-შნირთან ერთად ყველას გვემუქრება, აწი მაცალეთო, ნახეთ რა ვიზამო... არადა, მართალს ამბობს, თითქმის 30 წელია ასე ყბედობს, იმუქრება და... გახდა კიდეც მილიონერი. ზოგიერთს განუმეორებელი და ვერსად აღმოჩენილი "პუბლიცისტური" ნიჭი პოეზიის "სიყვარულში" გადაუვიდა, "პერსონალური" ტელეეკრანი აამუშავა და იქედან ბოდავს მაგრამ რას ბოდავს.

 

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით განაახლეთ თქვენი ცოდნა, ზოგიერთი კი განათლდით ინფორმაციით ჯილ დე ლა ტურეტის სინდრომის შესახებ.

 

გენიოსები იყვნენ ისინი, ვინც ეს სინდრომი შეისწავლა და...

 

მრავალი ათეული წლით ადრე გვიწინასწარმეტყველა და მიგვანიშნა ქართული პოლიტიკური სცენის ნაცნობი სახეები კონკრეტული მისამართების გარეშე.

 

მაშ ასე, ესეც "ჟილ დე ლა ტურეტის "

 

„...1825 წელს, საფრანგეთის ერთობ ცნობილმა არისტოკრატმა მარკიზმა დე დამპიერმა ზღვარგადასული, მოურიდებელი, ღვარძლიანი და მეტისმეტად უხვი ლანძღვა-გინებით ისე შეაწუხა საზოგადოება, რომ მისი იძულებითი სამედიცინო გამოკვლევა გადაწყვიტეს. ეს იყო პირველი პაციენტი, რომელსაც ექიმმა იტარდმა დაუსვა დიაგნოზი, რასაც შემდგომ გამოჩენილი ფრანგი ნევროლოგის ჟილ დე ლა ტურეტის სახელი ეწოდა, რამეთუ მან პირველმა აღწერა და დაახასიათა ეს „მოვლენა“, როგორც სამედიცინო მდგომარეობა.

 

ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი — ქრონიკული დაავადებაა და ძალიან იშვიათია მონაცემები ამ სენით შეპყრობილთა სრული (!) გამოჯანმრთელების(!!!) შესახებ. ძველად, ასეთ ავადმყოფებს ავ სულებს (ეშმაკებს, დემონებს) ეძახდნენ.

 

დღესდღეობით ამ სინდრომის (მსუბუქი ხარისხით) მატარებელ ცნობილ ადამიანთაგან ერთერთი გახლავთ ფეხბურთელი დევიდ ბეკჰემი. მისი დიაგნოზია კოპროლალია . ეს პათოლოგია ორნაირია. ერთი: უმიზეზოდ უხამსი, საგინებელი სიტყვების და ფრაზების წამოძახება. მეორე: უნებლიე უხამსი ჟესტები და მოძრაობები.

 

სინდრომი გვხვდება ყველა კულტურაში . სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების მიხედვით 10 000 მოსახლეზე ყოველი 4 შემთხვევიდან 3 მამაკაცია. (ანუ, ქალბატონების მხრივ საქართველო ამ მხრივ ისეთი გამონაკლისია, რომ შესაძლოა გინესის წიგნშიც კი მოხვდეს რეკორდსმენად - ნ.ფ.)

ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი ქრონიკული (!!!) დაავადებაა, რაც მემკვიდრეობით (ერთერთი მშობლის გენის გზით) გადაიცემა და მისი სრული განკურნება (!!!) დღეისათვის შეუძლებელია (!!!). მიუხედავად ამისა, არსებობს ამ სინდრომის მკურნალობის ორი სტრატეგია : მედიკამენტური და სოციალურ-ფსიქოლოგიური. მკურნალობის სტრატეგია დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე ანუ სიმპტომების გამოვლენის ხარისხსა და გართულებაზე.

განსაკუთრებულ სოციალურ შეშფოთებას იწვევს ამ სინდრომის ვოკალური სიმპტომი - კოპროლალია: არანორმატიული ლექსიკის და უფრო რთული სექსუალური, აგრესიული თუ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების აფეთქეფადი „ნიაღვარი“, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს უნებლიე, ნაუცბადევი წყენის თუ განრისხებისას გამოვლენილ რეაქციად.

ამ სინდრომის მატარებელ პაციენტებში და მათ ნათესავებში უფრო ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს ფსიქიური აშლილობა: შიზოფრენია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, აკვიატებული ნევროზი და პანიკური დარღვევები..."

 

 

X X X


ამ ამონარიდის გაცნობის შემდეგ, გაცილებით ადვილია მეტ-ნაკლები ახსნა „რაღაც-რაღაც“ მოვლენებისა, რომლებიც უხვად გვხვდება არა მარტო აქ, ფეისბუკზე, არამედ მედიაში, განსაკუთრებით ელექტრონულში. აგერ, მსოფლიოს გულშემატკივართა კერპი დევიდ ბეკჰემი, თურმე, ამ „შეუკავებლობის“ მსუბუქად მატარებელი ყოფილა, მაგრამ ეს ჩვენი ტელე და ფბ-„ვარსკვლავები“ საკუთარ სიყეყეჩეს, საკუთარ სიმყრალეს ასეთი დოზით, ასეთი უტიფრობით, ასეთი ინტენსივობით რომ აფრქვევენ, ნეტავი რომელი მძიმე წონის მატარებელი აიწონის ამ „ფუნა-ტვირთს“?

 

როგორც, ზემოთმოტანილი ამონარიდი და არაერთი ჩვენებური ფსიქიატრი მიუთითებს, უკურნებელია ეს სენი. მით უმეტეს, თუ უმძიმეს ნერვიულ ფონზე მიმდინარეობს, მაგალითად, გენეტიკასთან (ამის ფაქტები არსებობს), აღზრდის ნაკლოვანებებთან, ოჯახურ ტკივილთან (ცხადზე ცხადია)... თურმე, არაერთი კვლევა ატასტურებს ჰიპოთეზას , რომ არა ნაკლებ მძიმეა ეს ფონი, თუ დაკავშირებულია „მატერიალურ სინდრომთან“ - ფულის შოვნის დაუოკებელ სურვილთან, რომლის განხორციელებაც "შეწერვის", გამოძალვის, დაშანტაჟების მეთოდებთან ასოცირდება. მეთოდიკა-უნივერსალურია და არ არის ქვეყნის საზღვრებზე, ეროვნებაზე, სქესზე, ასაკზე, პროფესიაზე, სიმსუქნე-სიგამხდრეზე, მომხიბვლელობაზე დამოკიდებული. განმსაზღვრელია , რა დოზით, რა სიღრმით ხარ ჩაფლული ამ გახრწნილებაში...

 

ზემოთთქმული დასკვნა და მისი გააზრება, მეტ-ნაკლებად იმასაც ხსნის, თუ „ადექვატურად“ რატომ არ რეაგირებენ ნორმალური (!) ადამიანები და „სტრუქტურები“ იმ „ნიაღვარზე“, რომელიც მათი (და არა მარტო) მისამართით „მიუშვეს“ უკურნებელმა ა ვ ა დ მ ყ ო ფ ე ბ მ ა!!

 

ეს ერთი მიზეზია. მეორე, ალბათ, ის რომ საკუთარი ღირსებისთვის შეუფერებლად მიიჩნევდნენ ჩარევას აშკარად თავხედურ, უზრდელურ პოლემიკაში. არის მესამეც, ბევრისთვის საერთო: საკუთარი ნერვების, რეპუტაციის და ოჯახის წევრების გაფრთხილება, შეგნებულად თავის არიდება „იარლიყებიდან“, უგვანო სეირიდან (ასე რომ მდაბიოთ), სიბინძურის მორევიდან. და, სამწუხაროდ, ამ "არიდებამ" მეტისმეტად გაათავხედა ეს უტიფარი ადამიანები. გადაწვდნენ ყველას, განურჩევლად „თეთრისა და შავისა“, და ამ ზღვარგადასულობისას გადაკვეთეს „წითელი ხაზები“ იმათ მიმართ, ვინც ასე „ადვილად“ არ გადაყლაპავდა ლანძღვა-გინებას, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, დაცინვას... და მოხდა ადრე თუ გვიან მოსახდენი: საპასუხო სილის გარტყმა „დაქირავებულ მჯღაბნელებს“!!! გამიზნული შეურაცხყოფისა და შანტაჟის ადამიანები განთავისუფლდნენ „შიშის“, მორიდების, საკუთარი რეპუტაციის „გაფრთხილების“ კომპლექსისგან და... დაიწყო მაგრამ რა დაიწყო! არავითარი მორიდება! არავითარი დანდობა! არავითარი სიწმინდე! ჭუჭყიანი საცვლების გამოფენა-დემონსტრაცია! თანაც, გაურეცხავის, რამეთუ ისე არიან ჩართული ურთიერთბრძოლაში, რომ გასარეცხად და თმების დასავარცხნად აღარავის სცალია!

 

უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო პირველი, თუმც ყველასთვის კარგად არის ცნობილი ვინაობა იმ პროფესიონალი „მენაგვე-დიდოსტატებისა“, რომლებსაც ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში „დაპატენტებული“ აქვთ უსაზიზღრესი მეთოდები (ფარული ჩაწერა, გადაღება) და ტერმნოლოგია, რომლითაც "უმასპინძლდებიან" არასასურველ პიროვნებებს, მათ შორის ის ტერმინოლოგია, რომელთა გაცნობის შემდეგ ძნელია ადამიანებს უწოდო დედა, მამა, შვილი ძმა და, საერთოდ, ოჯახში გაზრდილი პიროვნება.

 

ყოველივე ეს რაზედაც ახლა გულისტკივილით ვწერ, ცხადად ჩანს ფეისბუკზე, რამდენიმე გაზეთის ფურცლებზე, ზოგიერთ ტელეეკრანზე. და ეს არ მეხება პერსონალურად მარტო მე, ან ჩემს მეგობარ-კოლეგებს, ახლობლებს. ეს საერთო საზოგადოებრივი უბედურებაა და არა მარტო ჩვენი პროფესიული ოჯახისა, რომლიც მეტისმეტად დაანაგვიანა ანგარებით თუ ამბიციურობის მიზნით მიტმასნილმა „სექტამ“. იმიტომაც ვამახვილებ ამ გენეტიკურ თუ შეძენილ უმძიმეს „სენზე“ ყურადღებას, უკვე მერამდენჯერ, იმ პუბლიკაციებში, რომლებსაც სამართლებლივი, მორალური და პროფესიული პასუხისმგებლობით ვაქვეყნებ მედიაში, მათ შორის „საქართველოს რესპუბლიკასა“, „რეპორტიორის“ საიტზე ჩემი გვარ-სახელით თუ რედაქციებისთვის ცნობილი ფსევდონიმით.

 

ადრე შევეცადე მეტაფორულად მიმენიშნებებია „რაღაც-რაღაცეები“ და ცალსხად მეთქვა, რომ არ მომწონს, მიუღებელია და არავითარი შეხება სიბინძურეებთან ("ტროლები", "ბოტები") არ მქონია, არ მაქვს და, ღმერთმა არ ქნას, მომავალში მქონდეს. უფრო მეტიც, ყველაფერი გავაკეთე წინათაც, ახლაც რომ ეს "სეირი" არ შემდგარიყო. პირდაპირ უნდა მივახალო მავანს და მავანს: არმცთუ არ მომწონს, არამედ მრცხვენია კიდეც იმ პრიმიტივიზმის !!!) და აღვირახსვილობის (!!!), რითაც გამოირჩევა ეს "პოლემიკა" და "მხილების პროცესი". მაგრამ, რას იზამ, ეს მათი არჩევანია. პასუხიც!

 

ნორმალური(!) ადამიანებისგან განსხვავებით, ეს ფრაზა „ბრალის“ აღიარებად ჩათვალა ზოგიერთმა „ინტელექტუალმა“, ელემენტარული ფრაზის ვერგამგებმა, „დოსტოევსკის „კრეტინების“(!!!) მსგავსმა ტიპაჟმა კი საჯარო ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა. ბოდიში არა, კვატი!!!

 

და წავიდა ისევ ერთი და იგივე ბოდვები!

ვწუხვარ, რომ ყველასთან, რა თქმა უნდა არა, ზოგიერთ მათგანთან კი მქონდა ურთიერთობა (სახლშიც, აგარაკზეც მსტუმრობდა საკუთარი ინიციატივით ზოგიერთი კლოუნი), უანგაროდ დავხმარებივარ კიდეც და, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს ზრდასრული ადამიანები და მათი გამოწვრთნილი და ზომბირებული გოგო-ბიჭები ასეთ უზრდელებად, უტიფრებად, თავხედებად, ლილიპუტებად და "სისხლის მწოველებად" გადაიქცეოდნენ.

ნოდარ დუმბაძე ამბობდა ასეთ ურცხვებზე: შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ხალხიაო!

ასეა!

 

ერთმა ბრძენმა კი თქვა, არ არსებობს იმაზე დაუძინებელი მტერი, ვიდრე ყოფილი მეგობარიო.

ესეც ჭეშმარიტებაა!

 

ღვთის წყალობით, ჯერ არ მაქვს თავი მოსაკლავი და არცერთ ნაღდ მეგობარს და ნამოწაფარს არ ჩაუდენია ისეთი რამ, რომ აკაკის „გამზრდელი“ მქონდეს წასაკითხი.

 

ამიტომ, აგონიაში მყოფი „ავადმყოფებისგან“ განსხვავებით ჩვენ მშვიდად ვართ, რამეთუ აბსოლუტური დარწმუნებული ვარ: აშკარად ცუდად დაამთავრებენ, რამეთუ ჯერ (!) არ მქონია (!) შემთხვევა, რომ ის, ვინც ჩემდამი (ისევე როგორც სხვის მიმართ, ვისაც არ დაუმსახურებია) ასე საზიზღრად და უსირცხვილოდ იქცევა, არ დასჯილიყოს. დიახ, არ დასჯილიყოს, თანაც ძველი ჩინური სიბრძნის შესაბამისად, რომელიც გვასწავლის: ბოროტებას და გახრწნილებას თავად არასოდეს გადაუხადო სამაგიერო. ცხოვრება უშენოდაც მოახერხებს მის დასჯას. შენი მოვალეობაა დაჯდე მდინარის პირას და დაელოდო როდის ჩამოატარებს წყალი ცხოვრების მიერ დასჯილი შენი მტრების გვამებს.

 

ჰოდა, ახლა მტკვარი მომატებულია და უნდა კარგად დავაკვირდე, რამე არ გამომეპაროს...

მანამდე კი შეგახსენებთ არაკს ენამოსწრებული მღვდლისა და ოინბაზი დიაკვნის შესახებ, რომელიც ადრე ამ ჩემ ფბ-გვერდზე გამოვაქვეყნე, მხოლოდ ჩემი მეგობრებისთვის, ამჯერად კი, უშუალოდ "სინდრომით" მოსიმულიანტო-მოპუბლიცისტო-მოლილიპუტო "ნაგიჟრებს" ვჩუქნი. შეერგოთ:

 

"მღვდლისა და დიაკვნის არაკი"
****************************************

ერთმა დიაკვანმა თავისი უშუალო „უფროსის“-მღვდლის გაშარჟება განიზრახა და მრევლი შეკრიბა:

 

მოდით, მღვდელი გავამასხარაოთო!

- როგორო, დაუსვეს კითხვა.

- როგორ და მღვდელი ყოველ კვირა დილას თევზაობს, მივიდეთ, გავაპამპულოთ... და მაგრად გავერთობითო!

- მაინც, როგორო?

- როგორ და ასეო: მივეპაროთ, თქვენ ჩაცუცქულები იქნებით რომ მან არ შეგამჩნიოთო...

მე მივესალმები: გამარჯობა მამაო!

ის მიპასუხებს: სალამი, შვილო!

მე: როგორ ბრძანდებით, მამაო?!

ის: ჩვეულებრივ, შვილო! თავად ხომ კარგად?

მე: მადლობთ, მამაო! ოჯახში როგორ გიკითხოთ, მამაო?

ის: მადლობთ, შვილო, ღვთის შეწევნით ვართ!

მე: აქ რას აკეთებთ, მამაო?

ის: ვთევზაობ, შვილო!

მე: დაიჭირეთ თევზი, მამაო?

ის: კი, შვილო, დავიჭირე!

მე: აბა, მაჩვენეთ როგორი თევზი დაიჭირეთ, მამაო!

მამაო ამოიღებს და გვაჩვენებს ანკესით დაჭერილ წვრილ ლიფსიტას და გვეტყვის: აი, თევზი შვილო!

პასუხად მე ორივე ხელს ჩემს „საოხრეზე“ დავიდებ და გულიანად ვეტყვი: აგერ, უფრო დიდი თევზი მამაო და ეს დაიჭირეო!

თქვენ წამოიშლებით და ხარხარით "გავაპამპულავებთ" ამ ჩვენს მღვდელსო!..

და დაიწყო დიაკვანმა მრევლთან რეპეტიციები ...

რამდენიმე დღის შემდეგ დადგა წარმოდგენის გამართვის დროც.

...„შეთქმულები“ ჩუმად მიეპარნენ მდინარესთან მოთევზავე მღვდელს...

დიაკვანი ამაყად წამოიწია და, წინასწარ მრავალგზის რეპეტიციაგავლილი ტექსტით და დაყენებული ხმით მღვდელს მიმართა:

- გამარჯობა, მამაო!

 

მღვდელმა მოიხედა, აათვალიერ–ჩაათვალიერა დიაკვანი და ყოველგვარ შესავლის გარეშე მიახალა:

 

- წადით შენი და შენნაირების დედაც!.. და ზედ 18 სართულიანი გინებაც მიაყოლა და... "წარმოდგენაც" ამით დაასრულა.

ჰოდა, სიამოვნებით გადავუზიარებ მღვდლის „კურთხევას“ ყველა ძველ თუ ახალ კაპრალ-ლეიტენანტ-ზედამხედველ-ჩამშვებ-აგენტს-ჩამწერ-გამომქვეყნებელ-გამზიარებელ -ყბედ ნაბიჭვარს, აგრეთვე, მათ ფანებს - კლავიატურის "გავეშებულ ლომებს", კლიმაქსიან-დაუკმაყოფილებელ მდედრებს, თავიანთი ოჯახებისთვის რომ ვერ მოუვლიათ და ქვეყნის მოვლაზე რომ აქვთ პრეტენზია.!

 

მშვიდობაში მოიხმარეთ ეგ „კურთხევა“ და მომავალში განმეორებითი „ატეხილობის“ შემთხვევაში აგსრულებოდეთ მრავალგზის!

ამინ!

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner