logo_geo
eng_logo
უჩა ძოძუაშვილი: სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 94,6 %-ით ეფექტურია
- +

16 ივნისი. 2016. 23:55


 

„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გამართული და გასულ წელთან შედარებით, ტექნიკურად გაუმჯობესებულია. მოხდა სიჩქარის გაზრდა. წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესება ნამდვილად სახეზეა. თუ ვსაუბრობთ, რამდენად ეფექტურია სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, შემიძლია გითხრათ, რომ სისტემა ცალსახად ეფექტურია", - ამის შესახებ „რეპორტიორს" სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" ყოფილი ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი ესაუბრა. 


ჩვენს კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია კახეთში სეტყვის დროს ჭურვებში შეფერხება, ძოძუაშვილი პასუხობს:  


„თუკი ოფიციალურად მიმართავთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ოპერირების ცენტრს და გამოითხოვთ ინფორმაციას,  ნახავთ, რომ კახეთში სეტყვის ყველა ფრონტი განეიტრალდა და ძალიან უმნიშვნელო სეტყვის სახით მოვიდა.

 

თუმცა, არსებობს გარკვეული პროცენტი მტყუნების, სადაც შეიძლება ეფექტი არ იყოს. ეს გახლავთ დაახლოებით 5 %. ესეც ხდება იმის გამო, რომ შესაძლოა ძალიან მოულოდნელი მოვლენები განვითარდეს და ვერ მოხდეს ღრუბლის განეიტრალება. ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთეულები ყოფილა, როდესაც ძალიან სწრაფად განვითარებულა მოვლენები და რეალურად ვერ მოგვისწრია რეაგირება. სისტემა 100 %-ით არ იცავს. თუმცა, სტატისტიკა გვეუბნება, რომ სისტემა დაახლოებით 94,6 %-ით  ეფექტურია.

 

თავდაცვის სამინისტროს მხრიდან იყო გარკვეული მოსაზრებები გამოთქმული, რომ გვქონდა შეფერხებები. მათი თქმით, ამ შეფერხებებმა გამოიწვია სისტემის მწყობრში გვიან მოყვანა. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან „დელტას" არ შეეძლო მოქმედება, მიუხედავად დიდი სურვილისა, რადგან კახეთის თავზე იყო სამოქალაქო ფრენები. აქ არ ვსაუბრობ საერთაშორისო გადაფრენის რეისებზე, ვსაუბრობ დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე, ვერტმფრენზე და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ ინფორმაცია, თუ ვინ დაფრინავდა ამ დროს კახეთის თავზე და მეწრმუნეთ, განცვიფრდებით ამ სახელებით და გვარებით. ამ დროს ნამდვილად ვერ გავისროდით. ამის მიუხედავად, მაინც ძალიან დიდი ზარალი იყო აცილებული, რადგან აპარატი დაგვიანების შემდეგ მაინც ჩავრთეთ. რომ არ ჩართულიყო აპარატები, იმხელა ღრუბელზე იყო საუბარი, რომ ნათესებსა და ვენახებს მიწასთან გაასწორებდა", - განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.


აქვე უჩა ძოძუაშვილი საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების წარმოებაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ „დელტას" ისტორიაში უპრეცედენტო პროცესი მიმდინარეობს.


„წელს მოხდა ისტორიული მოვლენა „დელტას" ისტორიაში, როდესაც პირველად დაიწყო რაკეტების წარმოება. საქართველოს ადრე რაკეტები არ უწარმოებია. ეს საკმაოდ რთული პროცესია ქვეყნისთვის. სეტყვის ერთი რაკეტის ღირებულება 300 ევრომდეა საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ კი, ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ 150 ლარამდე ჩამოვიყვანოთ ერთი რაკეტის თვითღირებულება, რაც დადებითად აისახება ეკონომიკაზე. მსოფლიო მასშტაბით ექსპორტის პოტენციალი ძალიან დიდი გაგვაჩნია. 30 000 რაკეტაზეა წელიწადში საუბარი და ეს გამოდის 9 მილიონი წელიწადში. ეს არის ის პოტენციალი, რომელიც შესაძლებელია „დელტამ" დაფაროს.

 

ჯერ კიდევ წინა წელს იყო დაგეგმილი რაკეტების წარმოება. ჩვენ მხოლოდ წელს შევძელით რაკეტების წარმოების დაწყება და დღეს უკვე საკმაოდ დადებითი შედეგები გვაქვს. 500-მდე ქართული წარმოების რაკეტაა უკვე გასროლილი. ამ რაკეტებმა ძალიან დიდი მოცულობის სეტყვის ფრონტები გაანეიტრალა.

 

 

რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ეს სისტემა არის ექსპერიმენტალურ ფაზაში. თავიდანვე დაგეგმილი იყო, რომ სისტემა 5 წლის მანძილზე იქნებოდა ექსპერიმენტალურ ფაზაში", - აღნიშნა უჩა ძოძუაშვილმა.  

 

საუბრის დასასრულ უჩა ძოძუაშვილმა „დელტასა" და სხვა ქვეყნებს შორის არსებულ კონტრაქტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის მიერ დაანონსებული კონტრაქტების გაფორმება ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

„რა კონტრაქტებიც დავაანონსე ჯერ კიდევ ჩემი დირექტორობის პერიოდში, ის კონტრაქტები მიმდინარეობს. მიმდინარეობს საუდის არაბეთის კონტრაქტები. მიმდინარეობს ემირატების კონტრაქტი. უკვე ჩატარდა შესაბამისი დოკუმენტალური სამუშაოები. მოლდოვეთის სეტყვის საწინააღმდეგო პროექტზეც მიმდინარეობს შესაბამისი  სამუშაოები. სულ ცოტა ხნის წინ დამიკავშირდნენ მოლდოვეთიდან, გავიარეთ საკითხები, რომელიც ჩვენი მხრიდან სისტემის მიწოდებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი დადებითად დასრულდება", - დასძინა უჩა ძოძუაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner