logo_geo
eng_logo
გელა კვაშილავა: ვირუსმა დაგვანახა, რომ ჰაერის დაბინძურების მთავარი ფაქტორია ტრანსპორტია
- +

24 აპრილი. 2020. 12:30

 

 

გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავა, კვირაში 2 დღით კერძო ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის იდეას აფასებს. ტრანსპორტის სპეციალისტი ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების უპირატესობაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

 

„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ Covid – 19 – მა როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში, ტრანსპორტსა და გადაადგილებას ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა. შექმნილი ვითარების გამო, დაიკეტა სავაჭრო თუ სხვა ტიპის ობიექტები, რამაც ტრანსპორტის მობილობა ძალიან შეამცირა. შედეგად, როგორც ევროპაში, ისე ჩრდილოეთ ამერიკაში საავტომობილო გზები დაეთმოთ ველოსიპედით მოსარგებლეებს, რომლებიც გადაადგილებისას იცავენ სოციალურ დისტანციას. ეს მოხდა მილანში, რომში, პრაღაში, ბოგოტაში, რამაც ალტერნატიული ტრანსპორტით სარგებლობის მაჩვენებელი გაზარდა. გარდა ამისა, გამოჩნდა, რომ ქალაქები არ არის მორგებული ქვეითზე, რომელთაც მეტი სივრცე დაეთმოთ. დაკვირვების შედეგად, დადგინდა, რომ ჰაერი გასუფთავდა და დაუბრუნდა 20 – 30 წლის წინ არსებულ მდგომარეობას. მათ შორის ისეთ ქალაქებში, რომელთა მაცხოვრებლებიც ამას ვერ წარმოიდგენდნენ, მაგალითად თბილისში.“ – აღნიშნავს სპეციალისტი.

 

 

რაც შეეხება ქუჩების გადაკეტვის საკითხს, კვაშილავა ცენტრალური გამზირების პერიოდულ შეზღუდვასა და რეგულირების ვადებზე საუბრობს.

 

 

„რაც შეეხება უქმე დღეებში ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვას, როდესაც ტრანსპორტის აქტივობა ნაკლებია, ეს პრაქტიკა არაერთ ქვეყანაში არსებობს, თუმცა რთული სათქმელია, ჩვენთან რამდენად განვახორციელებთ. მე მათ ვურჩევდი, რომ აქცენტი გააკეთონ ალტერნატიულ ტრანსპორტზე, მაგალითად ველოსიპედზე. მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლითაც მოკლე მანძილზე წამსვლელი ადამიანი ისარგებლებს. ამისთვის მათ უნდა გამოეყოთ ცალკე სავალი ზოლი, რისი მეშვეობითაც შეზღუდვის პერიოდში ისარგებლებენ. მთავარია, რომ არსებული მაღალი სიჩქარის მაჩვენებელი შევამციროთ, რათა ადამიანებმა გადაადგილებისას თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. მოსაზრება, რომ ხალხს არ აქვს და არ სურს ველოსიპედით სარგებლობა აღმოჩნდა მითი, რაც არსებულმა რეალობამ დაადასტურა.  შესაბამისად, მას აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენებს როგორც ახალგაზრდა, ისე ზრდასრული ადამიანი. ამიტომ, მართალია აქცენტი უნდა გაკეთდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, თუმცა ამასთანავე აუცილებელია, ველობილიკების მოწყობა და ქვეითებზე ზრუნვა. ქალაქში მთლიანად მოძრაობას ვერ გადავკეტავთ, თუმცა ზემოხსენებული მოქმედებების განხორციელების შემდეგ, შეიძლება დავიწყოთ გარკვეული ქუჩების პერიოდული გადაკეტვა. მეეჭვება, რომ კვირაში ორი დღით მოხერხდეს, თუმცა ორ კვირაში ერთხელ ამ სიახლემ შეიძლება მოიცვას რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული ტერიტორია, ვაჟა – ფშაველასა და პეკინის გამზირები.“ – აცხადებს სპეციალისტი.

 

 

გარდა ამისა, გელა კვაშილავა სატრანსპორტო სისტემის ცვლილების საერთაშორისო გამოცდილებაზე მიუთითებს და უკეთესი გარემოს შესაქმნელად არსებული პოლიტიკის შეცვლას გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევს.

 

 

„თუ პანდემიის დასრულების შემდეგ, ადამიანები უპირატესობას აქამდე არსებულ დღის წესრიგს მიანიჭებენ და ტრანსპორტის სფეროში ძირეული ცვლილებები არ განხორციელდება, არ იქნება შედეგი. მილანში გამოაცხადეს, რომ ვითარების დასტაბილურების შემდეგ, ქალაქში ათეულობით კილომეტრი დაეთმობათ ალტერნატიული ტრანსპორტით მოსარგებლეებს და ძირითად ქუჩებზე სიჩქარე 30 კმ / სთ – მდე შემცირდება. ეს არის გამოსავალი. ქალაქში ავტომობილი 30- 40 კმ /სთ -ზე მეტი სიჩაქრით არ უნდა გადაადგილდებოდეს. მსგავსი რამ მოიმოქმედეს ბოგოტაში, ოკლენდსა თუ ბერლინში.  ეს სიახლე მოქალაქეებს მოკლე მანძილზე მოძრაობას უმარტივებს. რაც შეეხება სწრაფი ავტობუსების გადაადგილების ხაზების მოწყობას. რომელიც ჩვენთან იგეგმება, მას აზრი ველობილიკებთან დაკავშირების შემთხვევაში ექნება.“ – განმარტავს კვაშილავა და იმედოვნებს, რომ შესაბამისი უწყებები პრიორიტეტებს სწორად ჩამოყალიბებენ.

 

 

მისივე თქმით, ქვეყანაში სატრანსპორტო სისტემის გამართული ფუნქციონირების რესურსი არსებობს, რომელსაც ადეკვატური ანალიზი და მოქმედება ესაჭიროება.

 

 

„გამოთქმულ ინიციატივას რომ დავუბრუნდეთ, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გადაადგილების შეზღუდვა დიდი ქუჩებზე, სადაც მეტი ობიექტი თუ ქვეითია, მაგალითად, რუსთაველისა და პეკინის გამზირების ორ კვირაში ერთხელ გადაკეტვა კვირა დღეს, რათა ხალხმა იგრძნოს თუ რამდენად კომფორტულია ახალ მოწყობაში ცხოვრება. ამ ვითარებაში მათ ხმაურიც ნაკლებად შეაწუხებთ.

 

 

ზოგადად, ქუჩების გადაკეტვა მიღებული პრაქტიკაა, თუმცა ინიციატივა დასახვეწია. საბოლოოდ, ვირუსმა დაგვანახა, რომ ჰაერის დაბინძურების მთავარი ფაქტორია ტრანსპორტი, რომლის პოლიტიკაც შესაცვლელია. ჩვენ არ უნდა ვიაროთ იმავე გზით, რომელმაც მძიმე მდგომარეობამდე მიგვიყვანა. ჩვენ საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს, თუმცა პრიორიტეტების სწორად დალაგებაა საჭირო, რომლის მიხედვითაც ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ველოსიპედს, ქვეითს,  შემდეგ დისტრიბუციას და ბოლოს კერძო ავტომობილებს. ფაქტია, რომ კრიზისულ სიტუაციებში სწორედ ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების იმედად ვრჩებით, რაც გადამწყვეტია ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის. გარდა ამისა, აუცილებელია დაფინანსდეს პროექტები, რომლებიც გამორჩეულად მდგრადია და ხელს უწყობს სატრანსპორტო სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას.“ – აცხადებს გელა კვაშილავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner