logo_geo
eng_logo
თენგიზ ჩობანიძე: ახალი „დიდი დეპრესიის“ ზღვარზე
- +

24 აპრილი. 2020. 13:58

 

 

კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს თანდათან „დიდი დეპრესიისკენ“ მიაქანებს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და  ევროპის რიგ ქვეყნებში. მკაცრმა კარანტინმა და იზოლაციამ ბევრი კომპანიის მუშაობა შეაჩერა და ხალხიც უმუშევარი დარჩა. ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი უარესი იქნება იმ ძველ „დიდ დეპრესიაზე“, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული საუკუნის 30-იან წლებში დასავლეთში, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

ამ მომენტისათვის უცნობია უმუშევართა რიცხვის დიაპაზონი, თუმცა, მათი რაოდენობა ყოველდღიურად რომ იზრდება, ეს ფაქტია.

 

საქმე ისაა, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში უცნობია, რამდენ ხანს გასტანს კარანტინი და იზოლაცია, ამ გაურკვევლობაში კი, ბევრმა კომპანიამ საერთოდ შეწყვიტა არსებობა. ბიზნესის სფერომ რიგ ქვეყნებში სრული კოლაფსი განიცადა. ანალიზის საფუძველზე, ექსპერტებმა არსებული სიტუაცია 2008-2009 წლებს გაუტოლეს, - მსოფლიო ფინანსური კრიზისის მაშინდელი პერიოდი „დიდ რეცესიად“ მონათლეს.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევართა არმია 7 მილიონს მიუახლოვდა, აქედან 750 ათასამდე ადამიანმა მარტსა და აპრილში დაკარგა სამუშაო ადგილი. ეს ნიშნავს იმას, რომ უმუშევართა არმიამ ქვეყნის მთელი მოსახლეობის 4,5 პროცენტს მიაღწია, რაც პირველად მოხდა უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში.

 

მძიმე პროგნოზს აკეთებს სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელობა. მათი აზრით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უმუშევართა რაოდენობა 32 პროცენტამდე აიწევს.

 

იგივე პრობლემები აქვთ ევროკავშირის ქვეყნებს. სიტუაციას ის ართულებს, რომ ინფიცირებულთა ნაკადს ბოლო არ უჩანს. მაგალითად, საფრანგეთში საშუალო და მცირე ბიზნესის შემოსავალი უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში 70-80 პროცენტით შემცირდა.

 

ევროკავშირის 27 ქვეყნის მეთაურებმა შეიმუშავეს გეგმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელიც გუშინ, 23 აპრილს დაამტკიცეს და ძალაში 1 ივნისიდან შევა. ევროკავშირის ფონდი პირველ რიგში დახმარებას გაუწევს იმ ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის პირობებში.

 

პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკას პანდემიამდელ მდგომარეობაში დააბრუნებს, 540 მილიარდ ევროს გამოყოფას მოიცავს. აქედან უმუშევართა არმიას 100 მილიარდით დაეხმარებიან. ეს პირველი ეტაპია, მეორე ეტაპზე საშუალო და მცირე ბიზნესი 200-მილიარდიან კომპენსაციას მიიღებს,  დანარჩენი 240 მილიარდი ევრო გათვალისწინებულია იტალიისა და ესპანეთისათვის. ეს ყველაფერი მოკლევადიანი ექსტრემალური დახმარებაა. გარდა ამისა, 2 ტრილიონამდე ევრო გამოიყოფა ქვეყნების ეკონომიკის სრულად აღდგენისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა და ინსტიტუტებმა (ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი) პანდემიის პირობებში უკვე გამოყვეს 3 ტრილიონზე მეტი სხვადასხვა დახმარებისათვის... თუ რა შედეგს გამოიღებს ეს პროგრამა და დააღწევს თუ არა ევროკავშირი თავს „ახალ დიდ დეპრესიას“, ეს ორ თვეში გამოჩნდება.

 

ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ 540-მილიარდიანი პროგრამა არაა საკმარისი პანდემიის დასამარცხებლად და ეკონომიკის აღდგენისთვის. ამ მოსაზრებას საფრანგეთი, გერმანია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა იზიარებს, ამიტომაც არის რომ ზოგიერთი ქვეყანა კორონავირუსის პანდემიასთან „კოჰაბიტაციის“ პირობებში, ნელ-ნელა ხსნის „კარანტინულ“ შეზღუდვებს, რათა თავი დაიზღვიოს  ეკონომიკური კოლაფსისაგან. ამ საქმეში „პირველი მერცხალი“ გერმანიაა, სადაც ყველაფერზე იხსნება შეზღუდვა, ის კი არა, 9 მაისიდან საფეხბურთო ჩემპიონატის განახლებასაც აპირებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner