„პრეზიდენტის კომენტარი ნაწილობრივ, ბოკერიასთან შეხვედრით იყო განპირობებული", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
"სასურველია, პრეზიდენტის პრესსპიკერის მხრიდან ასეთი ძუნწი კომენტარები კი არ მოვისმინოთ, მტკივნეულ საკითხებზე ცოტა უფრო ფართო განმარტებები გაკეთდეს, თუ ასეთი განმარტებების სურვილი საერთოდ არსებობს. ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საზოგადოების ფართო სპექტრის მიერ სერიოზული განმარტებები გაკეთდა და პრაქტიკულად, კითხვას აღარავინ აღარ სვამს, მართლა მსჯელობდა თუ არა სტრასბურგის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მერაბიშვილის სტატუსზე. ეს საკითხი მოხსნილია და თუ ვინმე ამ საკითხის პედალირებას ხელმეორედ შეეცდება, ვფიქრობ, სერიოზულად არავინ მოუსმენს", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მისი თქმით, საჭიროა, საზოგადოებამ პრეზიდენტისა და გიგა ბოკერიას შეხვედრის შესახებ მეტი იცოდეს.
"არ დავმალავ და პირდაპირ ვიტყვი, რომ მაინტერესებს, თუ რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე, მაგრამ თუ არ თვლიან საჭიროდ, რომ საზოგადოებამ ამ შეხვედრის შესახებ მეტი იცოდეს, კი ბატონო, ასე იყოს. ჩვენთვის მთავარია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესი არ დაზიანდეს და საარჩევნო პერიოდი ხელოვნურად, ზედმეტი დაპირისპირების პოლიგონად არ გადავაქციოთ. თუ კორცხელის ძალიან ცუდ ინციდენტს არ ჩავთვლით, საარჩევნო გარემო ნორმალურია და ის კიდევ უფრო დაიხვეწება. ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ეს პერიოდი მშვიდად გავიაროთ და არჩევნები ყველაზე მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩავატაროთ. არჩევნები იქნება იმის დადასტურება, რომ საქართველომ, 4 წლის განმავლობაში, წინ ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და დიდი იმედი მაქვს, პრეზიდენტიც გრძნობს, რომ ხელოვნურად ისეთი არაფერი შევქმნათ, რაც საზოგადოებაში დაძაბულობას ბიძგს მისცემს", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, ვანო მერაბიშვილის საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია.
„სახელმწიფოსთვის ასეთ დამაზიანებლ გადაწყვეტილებას ჰყავს პასუხისმგებელი პირები სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს ამ პირების სამსახურებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხსიმგებლობის საკითხი"- განაცხადა ეკა მიშველაძემ.