logo_geo
eng_logo
როგორი იქნება მსოფლიო წესრიგი და საქართველო კორონაპანდემიის შემდეგ? - ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან
- +

25 აპრილი. 2020. 14:54

 

 

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უფრო და უფრო აქტუალური ხდება საკითხი, თუ რა იქნება კორონავირუსის პანდემიის შემდეგ და რა გავლენას მოახდენს ეს დღემდე უცნობი ფენომენი პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე ლოკალურ (ეროვნულ), რეგიონულ და გლობალურ დონეებზე. დღეს უკვე  მნიშვნელოვანი და აუცილებელია ასეთი სცენარების პროგნოზირება და განვითარების მოდელირება. უკვე ყველასათვის ნათელია, რომ პოსტპანდემიურ სამყაროში ბევრი რამ შეიცვლება. როგორი წესებით მოგვიწევს ცხოვრება კორონავირუსთან კოჰაბიტაციურ რეჟიმში ან მის შემდეგ? ამის შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს, პროფესორს, პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრს ვახტანგ მაისაიას.

 

- ბატონო ვახტანგ, როგორ წარმოგიდგენიათ პოსტპანდემიური საქართველო?

 

- კორონავირუსის გეოპოლიტიკამ უკვე შეცვალა საერთო ცხოვრების სტილი ყველა დონეზე და თითოეული პიროვნების ცხოვრების რიტმი. ამ კუთხით გამოსაყოფია ოთხი ძირითადი მახასიათებელი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ამ გავლენის ეფექტზე საუბარი. ამათგან გამოიყოფა:

 

1)         პოლიტიკური მოდელი

2)         ეკონომიკური მოდელი

3)         სოციალური მოდელი

4)         ფსიქოლოგიური მოდელი

 

ამ ოთხი მახასიათებლის მიხედვით შეიძლება, განვიხილოთ ლოკალურ (სახელმწიფოებრივ) დონეზე განვითარების სცენარი საქართველოს მაგალითზე.

 

1)         პოლიტიკური მოდელი: ამ კუთხით მოსალოდნელია სიტუაციის გართულება და გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ პოსტპანდემიური პირობების გათვალისწინებით, პოლიტიკური ვითარების საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ შემოტრიალების განხორციელება. ამას ხელს შეუწყობს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და მდგომარეობის ხელოვნურად აგრივაციის შექმნის მცდელობა;

 

2)         ეკონომიკური მოდელი: რა თქმა უნდა, პოსტპანდემიას შეიძლება მოჰყვეს საკმაოდ დიდი ეკონომიკური რეცესია და სავალუტო კორიდორის შექმნა, სადაც ლარის ფლუქტუაცია და უმუშევრობის ზრდა გარდაუვალი იქნება. ეს კი გამოიწვევს ეკონომიკური სისტემის რეფორანტირებას;

 

3)         სოციალური მოდელი: ამ კომპონენტის ფარგლებში, სიტუაცია შეიძლება კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდეს, თუ არ მოხდა სერიოზული სოციალური რეფორმების განხორციელება, კერძოდ, „შოკური თერაპიის“ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა სოციალური გადანაწილების სფეროში. შეიცვლება უშუალოდ სოციალური ბაზრის სტრუქტურა და პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მეტად მაღალტექნოლოგიურ პროფესიებს;

 

4)         ფსიქოლოგიური მოდელი: აი, აქ განსაზღვრულია სოციალური ფსიქოზის  და ფსიქოლოგიური აშლილობის მცირე „პანდემია“, რომელიც გამოწვეული იქნება კარანტინის პერიოდში დაგროვილი ფარული ფსიქოლოგიური უარყოფითი მუხტების აკუმულირებასა და მისი ფართო მასშტაბების ამოფრქვევის აუცილებლობაში. ყურადღება გასამახვილებელია კრიმინოგენური სიტუაციის სავარაუდო გაზრდისა და აგრესიული გარემოს შექმნით, ისიც მოკლე პერიოდში.

 

- მსოფლიოში უფრო გლობალურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ...

 

- რაც შეეხება გლობალური დონის ფარგლებში, პროცესების ანალოგიური პარამეტრებით (მახასიათებლებით) ფუტუროლოგიური სცენარის ფორმატში დახასიათებისას შეიძლება გამოიყოს შემდეგი:

 

პოლიტიკური მოდელი: სიტუაცია მსოფლიო წესრიგის პირობებზე უცილობელ გავლენას მოახდენს და შეიქმნება სამპოლუსიანი, ანუ ტრიპოლარული წესრიგი, სადაც მთავარი გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრი იქნება: ჩინეთი, აშშ და რუსეთი. შესაძლებელია, განვითარდეს გარკვეული სახის დეზინტეგრაციული პროცესები გარკვეულ სახის რეგიონებში და გაიზრდება საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე. შესუსტდება საერთაშორისო დონის ორგანიზაციების მნიშვნელობა და დროებით შეიძლება შესუსტდეს გლობალიზაციის პროცესი. გავლენის ამ სამ ცენტრს შორის გამწვავდება გეოპოლიტიკური ურთიერთობები;

 

ეკონომიკური მოდელი: პოსტპანდემიის გლობალურ ეკონომიკაში მოხდება „დიდი დეპრესიის“ სცენარის განვითარება და ენერგეტიკული უსაფრთხოების მოწყვლადობის პროცესი. ამავე დროს, შესაძლებელია მყარი სავალუტო ერთეულების შესუსტება, რამაც შესაძლოა მაღალტექნოლოგიური ინოვაციების და პროექტების სტიმულირება მოახდინოს. ასევე შესაძლებელია, შეიცვალოს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ ეკონომიკური წესრიგის პირობები და უფრო მეტად გეოსოციალური ორიენტაციის ფორმატი მიიღოს;

 

სოციალური მოდელი:  ამ მხრივ პოსტპანდემიური სიტუაცია უფრო წავა ნაციონალიზმის კუთხით და შესაძლოა, მიიღოს ცივილიზაციური ფენომენის წარმოჩენის ტენდენცია, რაც იქნება სიახლე უშუალოდ ეთნიკური და ნაციონალური იდენტურობის პარამეტრების რეფორმატორებისთვის. გლობალური სოციალიზაციის ფენომენი შეიძლება წავიდეს უფრო მეტად ინტეგრირებული სცენარისკენ, სხვადასხვა სოციუმების გაერთიანების ხარჯზე. არაა გამორიცხული, სამუელ ჰანტინგტონის „ცივილიზაციათა შეჯახების“ თეორია არ იყოს ისეთი ქიმერული და მითიური;

 

ფსიქოლოგიური მოდელი: ამ მოდელის ფარგლებში შეიძლება განვითარდეს საინტერესო მოვლენები, დაწყებული ფსიქოლოგიური ნევროზით გლობალურ დონეზე და ამ მხრივ, ყველა ქვეყანაში იყოს ერთი და იგივე სინდრომები, შემდეგ კი კიდევ უფრო მეტი სოციალური ადაპტაცია და გაერთიანების სურვილი რომელიმე სპეციალიზირებული მიმართულების ფარგლებში, მაგალითად, გარემოს დაცვის მიმართულებით. გაიზრდება მისტიფიკაციის და „შეთქმულების თეორიის“ მსგავსი მითების გავრცელების ტენდენცია, ამის პარალელურად კიდევ უფრო განმტკიცდება რელიგიური რწმენის განმტკიცების პროცესი.

 

- ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ. გუშინ მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა გამოაცხადა...

 

- მთავრობის მიერ მიღებული ანტიკრიზისული პროგრამა წარმოადგენს საინტერესო ვარიანტს და პირველ ეტაპზე, მას გააჩნია პოზიტიური მხარე და მოკლევადიანი პერიოდისთვის არის სავსებით ადეკვატური, თუმცაღა, საშუალოვადიანი პერსპექტივისთვის რამდენად იქნება მისაღები, ამას დრო გვიჩვენებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner