ავტორი თენგიზ ჩობანიძე
24-წლიანი შესვენების შემდეგ ქუთაისი კვლავ იწყებს ავტომობილების გამოშვებას. პირველი ქუთაისური ავტომობილი წესით, მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა გამოჩნდეს, თუმცა, პანდემიის პირობებში, რამდენად შესაძლებელია გეგმის შესრულება, ამას მომავალი სამი თვე გვიჩვენებს. ვიდრე თანამედროვე ავტოქარხნის შესაძლებლობებს მიმოვიხილავთ, მოდით, ისტორიას გადავხედოთ.
ქუთაისის ავტოქარხანა ერთ-ერთი უძველესი საწარმო იყო კავკასიაში. მისი წარმოება 1945 წლის აპრილში დაიწყო. ამბობენ, რომ ლავრენტი ბერია ჯერ კიდევ 1937 წლიდან ოცნებობდა (როცა ის საქართველოს ცეკას პირველი მდოვანი იყო), რომ მის სამშობლოში ავტოინდუსტრიული წარმოება ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ 1945 წელს დაითანხმა სტალინი, ხელი მოეწერა ბრძანებისათვის ქუთაისში საავტომობილო ქარხნის აშენების თაობაზე. იმასაც ამბობენ, რომ ქუთაისში მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიიდან წამოღებული „ბე-ემ-ვეს“ ქარხნის კონვეიენერები დაამონტაჟეს.
1951 წელს ქუთაისმა პირველი სატვირთო ავტომობილი „ზის-150“ გამოუშვა, რომელსაც მალე სახელი შეეცვალა „კაზ-150“ (Кутаиский Автомобилский Завод) დაარქვეს. პირველი ავტომობილის საჭესთან სწორედ ბერია მჯდარა. უნდა ითქვას, რომ ლავრენტი ბერიას სურდა, „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანებიც გამოეშვა ქუთაისის ავტოქარხანას და საგანგებოდ, ინჟინერთა ჯგუფიც კი გაგზავნა აშშ-ში, კერძოდ, დეტროიტში, მაგრამ მის გეგმას განხორციელება არ ეწერა - ბერია შეთქმულების ბრალდებით ჯერ დაიჭირეს, შემდეგ დახვრიტეს. ქუთაისმა კი სატვირთო ავტომობილების წარმოება გააგრძელა. ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლამდე ქუთაისი უშვებდა შემდეგ სერიულ სატვირთო მანქანებს: КАЗ-130 – შექმნილი იყო ЗИЛ-164-ის ბაზაზე; КАЗ-605 – გამოყენებული იყო ЗИЛ-164-ის აგრეგატები; КАЗ-606 – გამოყენებული იყო ЗИЛ-164-ის აგრეგატები; КАЗ-608 – გამოყენებული იყო ЗИЛ-130-ის აგრეგატები; КАЗ-608В – გამოყენებული იყო ЗИЛ-130-ის აგრეგატები; КАЗ-4540 – თვითმცლელი (1984-1998).
გარდა ამისა, აქვე გამოდიოდა ჯავშანტრანსპორტიორებიც: Объект-1015; Объект-1020; Объект-1030; Объект-1040; Объект-1045. საინტერესოა, რომ ამათგან ყველაზე ეფექტური და წარმატებული იყო Объект-1015, რომელსაც საბოლოოდ БТР-60-მა აჯობა.
ისევ სატვირთო ავტომობილების ისტორიას დავუბრუნდეთ: 1958 წლის ბოლოსთვის ქუთაისმა გამოუშვა КАЗ-605 – ბორტებიანისთვის და КАЗ–606 – უნაგირა გამწესთვის. ამ მანქანებს ეწოდათ პირველად „კოლხიდა“. წლებთან ერთად იხვეწებოდა მოდელები და წარმოებაც იზრდებოდა. ქუთაისური ავტომობილები მთელ კავშირში გამოიყენებოდა, - სამშენებლო სამუშაოებისათვის, ტვირთების გადაზიდვებისთვის და აეროპორტებშიც კი.
ყველაზე მასიურ მოდელს КАЗ-4540 წარმოადგენდა, რომელიც ავტოქარხანამ 1982 წელს გამოუშვა. მაქსიმალურ 80კმ/სთ სიჩქარეზე, მანქანის ტვირთამწეობა 6000 კგ-ს აღწევდა. საერთოდ, ყოველწლიური წარმოება 5000-ზე მეტი იყო. მას შემდეგ, რაც საბჭოეთი დაიშალა, ქუთაისის ავტოქარხანასაც პრობლემები შეექმნა - 1996 წელს ბოლო შეკვეთა შეასრულა - 40 ავტომობილი გამოუშვა და ქარხანაც გაჩერდა.
6 წლის შემდეგ, 2002 წელს, ინდოეთიდან ჩამოტანილი ნაწილებით ყველგანმავალ „მაჰინდრას“ პრეზენტაცია შედგა, მაგრამ... ეს მხოლოდ პრეზენტაცია იყო. 2009 წელს, თითქოს გერმანული კომპანია „МАN“ აპირებდა სატვირთო ავტომობილების აწყობას, მაგრამ ეს პროექტიც ჩაიშალა.
საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ მიზნად დაისახა, ქუთაისისთვის საბოლოოდ დაებრუნებინა ინდუსტრიული ქალაქის სტატუსი და ეს მოვლენა უკვე ახლოსაა.
2019 წლის იანვარში კომპანია „აიგრუპმა“ ქუთაისში ინდუსტრიულ კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, სადაც ელექტრომობილების საწარმოს გარდა, სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოებიც განთავსდა. მათი სრული დატვირთვის შემდეგ კომპლექსში 3000-მდე ადამიანი დასაქმდება, თანაც ადგილობრივი.
ამ გრანდიოზული პროექტის მიხედვით, ქარხანა ოთხი მოდელის ელექტრომობილს გამოუშვებს. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით: „Made in Georgia“ კი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. დაგეგმილია ყოველწლიურად 40 ათასი ელექტრომობილის გამოშვება. მათი დიზაინი ყველასათვის კარგად ნაცნობი ზვიად ციკოლიას შემუშავებულია. ამავე დროს, პარალელურად, ჩინური „ჩანგანის“ მოდელები ჩაეშვება წარმოებაში. სულ როგორც აღვნიშნეთ, პირველ ეტაპზე ოთხი სხვადასხვა კლასის ელექტრომობილები გამოვა: ჯერ EADO-ს სედანი და ჰეჩბექი, რომელთა გამავლობა ერთ სრულ დამუხტვაზე 450 კილომეტრია, თუმცა, ტექნოლოგიური დახვეწის შედეგად მონაცემები ყოველწლიურად გაიზრდება. გარკვეული დროის შემდეგ დაემატება შედარებით მცირე, A-კლასის მოდელი, რომლის გამავლობა 250 კილომეტრია. პარალელურად, ვიხილავთ ქუთაისურ „BENNI“-ს ახალ მოდელს გაორმაგებული სიმძლავრის ძრავითა და გაძლიერებული ბატარეით. ამის შემდეგ კი ჯიპების (CS55 EV Jeep და CS15 EV Jeep) წარმოება დაიწყება, რომლებიც ერთი დამუხტვით 600 კილომეტრის დაფარვას შეძლებენ. ქუთაისში წარმოებული მანქანების დიდი ნაწილი ექსპორტზე გავა და ამით ქართულ ეკონომიკას დიდად წაადგება, ნაწილი კი საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება გათვალისწინებული. ბევრს აინტერესებს მათი ფასი, მაგრამ ეს ჯერჯერობით, დაუზუსტებელია, ცნობილია ის, რომ საქართველოში მათი შეძენის მსურველთათვის მუშავდება სპეციალური ლიზინგი, რომლის საშუალებით, ადგილობრივ მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომს გახდის ქუთაისური მანქანების შეძენას.