ავტორი თენგიზ ჩობანიძე
მიმდინარე პანდემიის ფონზე, ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. უკვე შექმნილია რამდენიმე პრეპარატი, რომელიც საგამოცდო პერიოდს გადის. ვარაუდობენ, რომ უკეთეს შემთხვევაში, ვაქცინა შემოდგომაზე იქნება მზად, ხოლო უარეს შემთხვევაში - 2021 წლის გაზაფხულზე. ისტორიას თუ გადავხედავთ, ზოგიერთი პანდემიის დროს, ვაქცინის შექმნა ვერ ხერხდებოდა.
საერთოდ, პირველი ვაქცინა ყვავილის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს და ის შექმნა ცნობილმა ინგლისელმა ექიმმა ედუარდ ჯენერმა 1796 წელს. ისტორიული მტკიცებულებით, ყვავილის დაავადება ჩვენს წელთაღრიცხვამდე აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში მძინვარებდა, - ეს მეცნიერებმა დაადგინეს ეგვიპტური მუმიების გამოკვლევების დროს. როგორც ჩანს, ეს პირველი პანდემია იყო, რადგან, იმავე პერიოდში დაავადებამ ჩინეთსა და ინდოეთს „გადაუარა“. „ყვავილი“ ევროპაში მეხუთე საუკუნეში გავრცელდა და შუა საუკუნეებში მასობრივი ხასიათი ჰქონდა.
მე-18 საუკუნეში, ინგლისში „წინწკლებიანმა ურჩხულმა“ (ასე უწოდებდნენ ევროპაში ყვავილის დაავადებას) უამრავი ადამიანი შეიწირა. მისი მახასიათებელი იყო ადამიანის სხეულზე ჩირქგროვების გაჩენა, დაავადებულის იმუნური სისტემა ინგრეოდა და სიკვდილს იწვევდა. სიკვდილიანობა 20-60 პროცენტში მერყეობდა. ედუარდ ჯენერი 1770 წლიდან ლონდონის წმინდა ჯორჯის საავადმყოფოში სწავლობდა და მუშაობდა. 1796 წელს მისი ყურადღება სწორედ „წინწკლებიანმა ურჩხულმა“ მიიპყრო. ჯენერმა იცოდა, რომ მერძევეები, რომლებსაც ბავშვობაში გადატანილი ჰქონდათ ყვავილის უფრო მსუბუქი ფორმა - ე.წ. ძროხის ყვავილი, იმუნურები იყვნენ „ურჩხულის“ მიმართ.
ჯენერმა იპოვა ახალგაზრდა მერძევე ქალი, სახელად სარა ნელმი, რომელიც „ძროხის ყვავილით“ დაავადდა ძროხა „ბლოსომისგან“, ქალის კანიდან აღებული ჩირქით ჯენერმა თავისი მებაღის შვილი, 8 წლის ბიჭი, ჯეიმს ფიპსი აცრა. ამ უკანასკნელს ჯერ მსუბუქი სიცხე მისცა, მაგრამ არა - ინფექციის სრული ფორმა. ორი თვის შემდეგ ჯენერმა ბიჭს ნამდვილი ყვავილის ვირუსი შეუყვანა, მაგრამ მას დაავადება არ განუვითარდა. ჯენერმა დაასკვნა, რომ ექსპერიმენტი წარმატებული იყო და ახალ პროცედურას ვაქცინაცია დაარქვა (ლათინური სიტყვის ვაცცა-დან, რომელიც ძროხას ნიშნავს.)
ჯენერის აღმოჩენის წარმატების ამბავი ევროპაში გავრცელდა. ნაპოლეონმა ინგლისელი ექიმი მედლით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ ჯენერს ამ გამოგონებით გამდიდრება არ უცდია. მან აიშენა ერთოთახიანი ქოხი, სადაც ღარიბებს უფასოდ უტარებდა ვაქცინაციას. მოგვიანებით ის მეფე ჯორჯ V-ის ექიმი გახდა. ედუარდ ჯენერი 1823 წლის 26 იანვარს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1979 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, „ყვავილი“, რომელმაც მხოლოდ მეოცე საუკუნეში 300 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, სრულად აღმოფხვრილ დაავადებად გამოაცხადა. სხვათა შორის, ძროხა „ბლოსომის“ ტყავი დღემდე ინახება წმინდა ჯორჯის ჰოსპიტალში.
ყვავილის ვაქცინამ საფუძველი ჩაუყარა აღმოჩენებს იმუნოლოგიაში და შესაძლებელი გახადა სხვა ფართოდგავრცელებულ დაავადებებთან ბრძოლა, თუმცა, ყოველთვის ვაქცინის შექმნა ვერ ხერხდებოდა.
1918 წელს იფეთქა პანდემია „ისპანკამ“, რომლითაც 500 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, - დედამიწის მოსახლეობის მესამედი. ის 18 თვის განმავლობაში მძვინვარებდა და მასთან ბრძოლის მეთოდი იგივე იყო, რაც დღეს არის კორონავირუსის წინააღმდეგ - კარანტინი, ნიღბები და ჰიგიენური წესები. „ისპანკამ“ 50 მილიონამდე ადამიანი შეიწირა და ისე დასრულდა, რომ ვაქცინის შექმნა ვერ მოხერხდა.
2002 წლის ნოემბერში, ჩინეთის პროვინცია გუანდუნში გავრცელდა ატიპიური პნევმონიის ვირუსი, იგივე რესპირატორული სინდრომი, რომელიც გამოწვეული იყო კორონავირუს SARS (Severe acute respiratory syndrome)-ისგან. ორ თვეში ვირუსი ჰონკონგსა და ვიეტნამს, შემდეგ კი 26 ქვეყანას მოედო. სულ დაინფიცირდა 8437 ადამიანი, ხოლო დაიღუპა - 813. ატიპიური პნევმონიით დაინფიცირების უკანასკნელი შემთხვევა 2003 წლის ივნისში დაფიქსირდა. ამ ვირუსის შემთხვევაშიც არ შექმნილა მისი საწინააღმდეგო ვაქცინა. დადგინდა ის, რომ დაავადება სეზონური იყო.
2009 წლის მარტში „ღორის გრიპი“ „მოგვევლინა“ მექსიკიდან, საიდანაც ჯერ აშშ-ს ეწვია და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ის „ისპანკასავით“ H1N1-ტიპის იყო და 18 თვე გრძელდებოდა. სულ დაინფიცირდა 6 724 149, ხოლო გარდაიცვალა - 19 654 ადამიანი. ბრძოლის მეთოდი ამ შემთხვევაშიც კარანტინი იყო. „ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ ეპიდემიის მიწურულს შეიქმნა...
COVID-19 მედიკოსებს გავრცელების სისწრაფითა და მაღალი სიკვდილიანობით აშფოთებს. ვაქცინა კი ჯერაც არ ჩანს. მართალია, ზოგ ქვეყანაში ვირუსის პიკმა გადაიარა და ნელ-ნელა კლებულობს დაინფიცირების შემთხვევები, მაგრამ სპეციალისტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეპიდემია შემოდგომაზე ისევ გააქტიურდება და დიდხანს გასტანს, - მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნამდე მაინც, რომლისთვის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორია იბრძვის. ზოგი ოპტიმისტის აზრით, ეპიდემია ზაფხულში, მაღალი სიცხის პირობებში უკან დაიხევს და გაქრება...
აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ კორონავირუსის აფეთქებამდე, მსოფლიოს ბევრი ლაბორატორია მუშაობდა გრიპის უნივერსალური ვაქცინის შექმნაზე. ასეთ ვაქცინას ეფექტურობა ყველანაირი გრიპის ვირუსის მიმართ ექნება და შესაბამისად, მისი ყოველწლიურად გაკეთება საჭირო აღარ იქნება. ეს მუშაობა ახლაც გრძელდება, თუმცა, ასეთი უნივერსალური ვაქცინის შექმნას კიდევ რამდენიმე წელიწადი სჭირდება. ამ ეტაპზე კი, სამიზნე - კორონავირუსია.