გასული წლის ივლისში, პირველად გავიგეთ ილონ მასკის კომპანია Neuralink-ის შესახებ, რომელიც ნეირონული ინტერფეისის შექმნაზე მუშაობს და მას, გამოჩენის დროისათვის, გარკვეული შედეგებისთვის უკვე ჰქონდა მიღწეული. ნეირონული ინტერფეისი ტვინისა და კომპიუტერული მოწყობილობების დამაკავშირებელი ერთგვარ ჩიპს წარმოადგენს, ერთგვარ ტვინის იმპლანტს, რომელიც ტვინის ელექტრონული აქტივობის ჩაწერისა და შემდეგ, ინტერპრეტირების გზით, შესაძლებელს ხდის გონებით/ფიქრით ვმართოთ ესა თუ ის მოწყობილობა.
რამდენიმე დღის წინ, ილონ მასკმა დატვიტა, რომ „ნევრალინკი“ მოწყობილობის ახალ ვერსიაზე მუშაობს და ეს გაცილებით გასაოცარია, ვიდრე მისი წინამორბედი. ილონ მასკის ტვიტიდანვე ცნობილი გახდა ისიც, რომ მოწყობილობის ადამიანზე გამოცდას კომპანია 2020 წლისთვის გეგმავს. (“Neuralink may have this in a human as soon as this year.“)
აღსანიშნავია, რომ ივლისში კომპანიის გეგმების შესახებ ის ვიცოდით, რომ ადამიანის ტვინზე იმპანტის (ჩიპის) განთავსებისთვის, ისინი ნაკლებინვაზიური მეთოდის გამოყენებას აპირებდნენ. ანუ, ოპერაციული ჩარევის ნაცვლად, რაც სხვა ტვინის იმპლანტების შემთხვევაში აქამდე გვინახავს, „ნევრალინკი“ ლაზერის გამოყენებით, ყურის ძირში ადამიანის თავის ქალის გახვრეტას და თმის ღერებზე წვრილი სადენებით, კანის ზედაპირზე (ყურთან) დამაგრებული მოწყობილობის ტვინთან დაკავშირებას აპირებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის ნოემბერში, მასკი ამბობდა, რომ Neuralink-ს შეუძლია აუტიზმსა და შიზოფრენიას „გაუმკლავდეს“, რადგან ტვინის მინელებული უბნების გააქტიურებას შეძლებს.
ჯერჯერობით, არ გვინახავს „ნევრალინკის“ მოწყობილობის ახალი სახე. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, 2019 წლის ივლისისთვის ეს იყო ყურის ძირში, ადამიანის კანის ზემოდან განთავსებული პატარა მოწყობილობა/ჩიპი, რომელიც ტვინს თმის ღერზე წვრილი სადენებით უკავშირდება. უცნობია, ზუსტად რას გულისხმობს მასკი მოწყობილობის განახლებულ სახეში.
„არ მინდა ძალიან ავღელდეთ, თუმცა [ნევრალინკის] პოტენციალი ნამდვილად ტრანსფორმაციულია, როგორც ტვინის, ასევე მოტორული ფუნქციებისთის“, – დაწერა მასკმა რამდენიმე დღის წინ.