ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი „facebook"-გვერდზე წერს, რომ დავით ლორთქიფანიძე პროკურატურაში წაყვანით ემუქრება.
„ბატონო დავით, ნუ გაირჯებით - მთავარ პროკურატურაში ჩემი ფეხით მივალ და იმ დოკუმენტებს ჩავაბარებ, რაც პირველ ეტაპზე თქვენი დაკითხვის საფუძველი გახდება. ეს უსათუოდ მოხდება, სხვანაირად წარმოუდგენელია! მაგრამ მანამდე საჯაროდ ვიტყვი, რა შემაქვს პროკურატურაში და რას ვაბარებ. პრემიერ-მინისტრის კანცელარიასაც ჩავაბარებ ამ დოკუმენტაციას და განცხადებას, რომელზე მუშაობაც დაწყებული მაქვს.
ეროვნული მუზეუმიდან ახლა აქ, პირად ფოსტაში მომწერეს, რომ დავით ლორთქიფანიძე პროკურატურაში წაყვანით მემუქრება, ოღონდ მაინც ელოდება დაანონსებულ დოკუმენტაციას - ვნახოთ ერთი, რას გამოაქვეყნებს და მეორე დღესვე წავაბუნძულებ პროკურატურაში, ცილისწამებისთვის პასუხს ვაგებინებო.
მოთმინება, მოთმინება, ბატონო დავით - მალე გამოვაქვეყნებ ამ ერთი შეხედვით ფარატინა ფურცლებს. იმას ვნატრობ, მერე თქვენი სახე დამანახა და კიდევ თქვენი გარემოცვისთვის (თანამოსაქმეებისთვის) გვერდიდან შემახედა", - წერს ნინო მიქიაშვილი.