„დღეს, რომ ჩვენ მსხვილი საწარმოები გაგვეჩერებინა, პრაქტიკულად ქართული ეკონომიკის განულებას მივიღებდით. ამჟამად ეკონომიკური ვარდნა გვაქვს, თუმცა გაჩერების შემთხვევაში, შედეგი იმდენად მძიმე იქნებოდა, რომ 5-10 წელი ამ შოკიდან ვერ გამოვიდოდით“, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მსხვილ საწარმოებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა დიდია და ეს სწორედ ეკონომიკურ ჭრილში მნიშვნელოვანი საკითხია.
ლევან ვეფხვაძის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მსხვილი საწარმოები შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ახალ ნორმებს მაქსიმალური სიზუსტით იცავენ.
„არსებული პანდემია საწარმოებისთვის სხვა სახის გამოწვევაა, რადგან თუ რომელიმე საწარმოში ვირუსი შეაღწევს ეს მის აუცილებელ გაჩერებას გამოიწვევს, რაც, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე აისახება. შესაბამისად, საწარმოების ხელმძღვანელი პირები ამ პასუხისმგებლობას იღებენ და იაზრებენ იმას, რომ თუკი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სტანდარტები დაცული არ იქნება, საწარმო ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითმა ინსპექციამ მსხვილი საწარმოების შემოწმება დაიწყო და დადასტურდა ის, რომ კომპანიები რეკომენდაციებს პირნათლად ასრულებენ”, – აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი წვრილი და საშუალო ტიპის საწარმო დაიხურა, რაც ქვეყანას ეკონომიკურად არამომგებიან მდგომარეობაში აყენებს. თუმცა, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა, რიგი მსხვილი საწარმოების უწყვეტ რეჟიმში მუშაობაზე საუბრისას, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი „ჯორჯიან მანგანეზის“ შეუფერხებელ საწარმოო პროცესს უსვამს ხაზს.
„ჯორჯიან მანგანეზი” არის სწორედ ის საწარმო, რომელიც ქვეყანაში უმსხვილესი დამსაქმებელია.
ის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი კომპანიაა. შესაბამისად, სამუშაო ადგილებს ქმნის და ის რამდენიმე ათას ოჯახს ინახავს. იმერეთის რეგიონისთვის და ზოგადად საქართველოს ეკონომიკისთვის მსგავსი საწარმოს ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
თუ ქვეყნიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი არ განხორციელდება, შესაბამისად დოლარის შემოდინება არ მოხდება და პრაქტიკულად ლარის კურსი აღარ გვექნება. მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ის მთავრობის დადგენილების შესაბამისად მოქმედებს და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებს“, – განაცხადა ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცნობისთვის, მთავრობის მიერ გამოცემული 241-ე დადგენილების შესაბამისად, რიგი ნებადართული საწარმოები ბაზარზე ოპერირებას შეუფერხებლად განაგრძობენ. მათ შორის არის: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ასევე მიწოდება/რეალიზაცია.