logo_geo
eng_logo
ვინ იყო ნიუ-იურკის ქართველი ვიცე-მერი 1967-1973 წლებში?
- +

28 აპრილი. 2020. 13:40

 

 

ბევრმა არ იცის, რომ 1967-1973 წლებში ნიუ-იორკის ვიცე-მერი ქართველი ემიგრანტის შვილი -  კონი ერისთავად წოდებული კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი გახლდათ. მისი მამა - სვიმონ (სიკო) სიდამონ-ერისთავი ჯერ რუსეთის არმიის პოლკოვნიკი იყო, შემდეგ კი, 1918-1921 წლებში საქართველოს ღირსებას იცავდა. 1921 წელს აშშ-ში გადაბარგდა საცხოვრებლად, სადაც რამდენიმე წელიწადში, ცოლად შეირთო საფრანგეთში აშშ-ის მაშინდელი ელჩის ქალიშვილი ანა ბიგლოუ-ტრეისი. წყვილს ქალ-ვაჟი - ანა და კონსტანტინე შეეძინა. ამბობენ, რომ ეს ქორწინება სიკოსთვის მეორე იყო, პირველი ქორწინებიდან მას ქალიშვილი ჰყავდა - ირინე.

 

სიმონმა 1934 წელს გახსნა რესტორანი „კავკასიის არწივი“. რესტორანს ხშირად სტუმრობდნენ ქართველები და კავკასიელები. 1937 წელს კი, ნიუ-იორკიდან ცოტა მოშორებით, კერძოდ, მდინარე ჰუძონის ნაპირზე, იტალიაში საქართველოს ყოფილ ელჩთან გიორგი მაჩაბელთან და ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე, პიანისტ ირაკლი ორბელიანთან ერთად დასასვენებელი სახლი „ალავერდი“ დაარსა.

 

ნიუ-იორკის მომავალი მერი კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი 1930 წლის 28 ივნისს, მანჰეტენზე დაიბადა. ის სწავლობდა მილბრუკის სკოლაში, შემდეგ კი პრინსტონის უნივერსიტეტი დაამთავრა სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით. სამხედრო სამსახურის გავლის დროს, კორეის ომში მონაწილეობდა და ბრინჯაოს მედალიც დაიმსახურა. 1957 წელს სწავლა გააგრძელა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ ჯერ იურიდიულ ბიუროში მუშაობდა, შემდეგ დასთან - ანასთან ერთად საკუთარი ბიუროც გახსნა.

 

1957 წელს იქორწინა ენ ფილიპსზე. მათ შეეძინათ სამი შვილი - სიმონი, ელისაბედი და ანდრია.

 

პრეზიდენტ კენედის მკვლელობის შემდეგ, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა და გახდა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრი.

 

1965 წელს, კონსტანტინე ნიუ-იორკის მერის არჩევნებში, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ ჯონ ლინდსის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა. არჩევნებში ლინდსმა გაიმარჯვა და ვიცე-მერად საავტომობილო მიმოსვლის დარგში კონსტანტინე დანიშნა. ეს უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში (1967-1973) თავდაუზოგავად მუშაობდა ამ პოსტზე. ლინდსის გადადგომის შემდეგაც, გააგრძელა მოღვაწეობა მსოფლიოს უდიდესი ქალაქის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე, ვიდრე პენსიაზე არ გავიდა.

 

„ის ერთდროულად ეფექტური მმართველიც გახლდათ და ძალზე პოპულარული წინამძღოლიც, ღირსეული ადამიანი უმწიკვლო რეპუტაციით, უნაკლო ლოგიკით. სწორედ კონი ერისთავის დამსახურებაა ის, რომ დღეს ნიუ-იორკს სუფთა წყალი მიეწოდება და მის შემოგარენში არამარტო წყლები, მთელი გარემოც დაცულია“, – იხსენებდა „ნიუ იორკ ტაიმსის“ ფურცლებზე ამერიკის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე უილიამ რაილი.

 

წარმატებულ ქართველს შრომა  გუბერნატორმა მალკოლმ უილსონმა დაუფასა: 1974 წელს მან გარემოს დაცვის საკითხები მიაბარა კონსტანტინეს. ეს უკანასკნელი 1989-1993 წლებში ნიუ-იორკის რეგიონის გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი გახლდათ. მის ფუნქციებში შედიოდა ჰაერისა და წყლის სისუფთავის კონტროლი.

 

მიუხედავად იმისა, რომ დედა ამერიკელი ჰყავდა და თავადაც საქართველოში არ დაბადებულა, ისტორიული სამშობლო არასოდეს დავიწყნია: ბოლომდე შეინარჩუნა ქართული ადათ-წესები და მუდამ ჩოხაში გამოწყობილი სტუმრობდა ქართული სათვისტომოს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს. გარდა ამისა, იურიდიულ საკითხებს უგვარებდა და სამუშაოზე აწყობდა ემიგრანტ ქართველებს. მისი მხრიდან საქართველოსადმი დიდი სიყვარულის გამომხატველი იყო ის, რომ 1970 წელს სოლიდური თანხა გაიღო პარიზში, წყალდიდობის დროს,  ქართული არქივის გადასარჩენად.

 

კონსტანტინე ერისთავი საქართველოს პირველად შვილებთან ერთად 1989 წელს ეწვია. სულ ხუთჯერ სტუმრობდა ისტორიულ სამშობლოს. 

 

სწორედ კონი ერისთავის ინიციატივით, 1994 წელს დაარსდა ჰუმანიტარული ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“, რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო სიცოცხლის ბოლომდე (აქვე გეტყვით, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი მარიამ ჭავჭავაძე).  უნდა აღინიშნოს, კონსტანტინემ მეგობრებთან ოთარ ზალდასტანიშვილთან და ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ძმასთან, გადამდგარ პოლკოვნიკ ოთარ შალიკაშვილთან ერთად, თავიანთი ფინანსური რესურსების გამოყენებით, საქართველოსთვის არაერთი ჰუმანიტარული დახმარება შეძლეს რთულ, 1990 –იან წლებში.

 

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი 2012 წელს, 81 წლის ასაკში, აშშ-ში გარდაიცვალა. კონსტანტინემ საქართველოსადმი დიდი სიყვარული შთაუნერგა შვილებსა და შვილიშვილებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner