logo_geo
eng_logo
თენგიზ ჩობანიძე: როგორ ჩაიგდეს ხელში ამერიკელებმა ქართველი ექიმის მიერ გამოგონებული პრეპარატი
- +

29 აპრილი. 2020. 10:15

 

 

ცოტამ თუ იცის, რომ ქართველთა სათვისტომო არსებობდა მანჯურიაში, - ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905 წლები)  მონაწილე ქართველებმა, იმ პერიოდში შექმნილი მძიმე ვითარების გამო,  სამშობლოში დაბრუნება არ ისურვეს და მანჯურიაში დასახლდნენ. 1905-1907 წლებში, საქართველოდან გაქცეულებიც დაემატნენ და 1910 წლისათვის, მათი რაოდენობა უკვე 10 ათასს აჭარბებდა. ძირითადი ნაწილი პროვინცია ხეილუნძიანის დედაქალაქ ხარბინში ცხოვრობდა (იგი სიდიდით ჩინეთში მერვეა და ყინულის ქალაქად იხსენიებენ). 1908 წელს, ხარბინში მცხოვრები სიმონ მიქელაძის, ნიკოლოზ წულუკიძის, ლავრენტი აბაშიძის, გიორგი მგალობლიშვილისა და ივლიანე ხაინდრავას თაოსნობით „ქართული საზოგადოება“ ჩამოყალიბდა, რომელსაც 1930 წლიდან ივლიანე ხაინდრავა ხელმძღვანელობდა. ამ უკანასკნელმა „ქართული საზოგადოებისათვის“ ხარბინის ერთ-ერთ ქუჩაზე სახლიც ააშენა და ქუჩას „გრუზინსკაია“ უწოდა (ეს იმის გამო, რომ ხარბინი რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო და მის მოსახლეობაშიც რუსებიც ბევრნი ერივნენ). აღსანიშნავია, რომ ხარბინელი ქართველები ყოველთვის ზეიმობდნენ ნინოობას, თამარობას, შობა-ახალ წელს, აღდგომას, 26 მაისს და სხვა დღესასწაულებს.

 

სწორედ ხარბინში მოღვაწეობდა ნიკოლოზ (ნიკიფორე) ჯიშკარიანი, რომლის შესახებ საქართველოში 1991 წლამდე არაფერი სმენიათ. ნიკოლოზ ჯიშკარიანი 1880 წელს, ლეჩხუმში დაიბადა. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, სწავლა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე გააგრძელა. 1910-1912 წლებში მუშაობდა მურომში (ქალაქი რუსეთში), ე.წ. ფილინის ჰოსპიტალში, გინეკოლოგიურ და ინფექციურ დაავადებათა ექიმად.

 

1911 წელს მანჯურიაში „შავმა ჭირმა“ იფეთქა და ნიკოლოზი მცირე ხნით  მოხალისედ წავიდა. ერთი წლის შემდეგ კი, მეორე ვიზიტის დროს, ხარბინში დარჩა და მუშაობა დაიწყო ქალაქის „აღმოსავლეთ რკინიგზის“ ცენტრალურ ჰოსპიტალში, შინაგან სნეულებათა ექიმად. იმდენად წარმატებულად მოღვაწეობდა, რომ  ჩინეთის მაშინდელმა მთავრობამ კერძო პრაქტიკის ნებაც დართო.

 

1918 -1921 წლებში, დამოუკიდებელი  საქართველოს მთავრობამ ჯიშკარიანი ელჩად დანიშნა ხარბინსა და ვლადივოსტოკში.

 

1930 წელს საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის ე.წ. სარკინიგზო კონფლიქტი დაიწყო. ხარბინში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ნიკოლოზ ჯიშკარიანი იძულებული შეიქმნა, შანხაიში გადაბარგებულიყო.

 

შანხაიში, ნიკოლოზმა ბრიტანელებისა და ფრანგებისაგან ენდოკრინოლოგიაში სამეცნიერო კვლევა–ძიების ლიცენზია მიიღო და სწორედ აქ შექმნა ვერძის სისხლზე დამზადებული სამკურნალო სისხლის ექსტრაქტი „ჰემოდინი“, რომელიც წარმატებით გამოიყენებოდა შაკიკის, ნევრასთენიის, ისტერიის, კლიმაქსის, ნევრალგიის, ანემიის, კვების უკმარისობისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

 

1939 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და 60 წელს მიტანებული ნიკოლოზ ჯიშკარიანი იძულებული გახდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასულიყო საცხოვრებლად და იქ გაეგრძელებინა მუშაობა „ჰემოდინის“ დასახვეწად.  აშშ-ში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლის, ვასილ დუმბაძის რჩევითა და დახმარებით, მინის მრეწველ მილიონერ გრიგოლ კობახიძეს (ჯორჯ კობი) შეხვდა და თავისი კვლევის შედეგები გააცნო. გრიგოლმა დახმარება გაუწია და თავის მეზობლად, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ეტლობოროში, ნიკოლოზ ჯიშკარიანს მოუწყო ლაბორატორია და შეუქმნა ყველანაირი სამუშაო პირობები. ნიკოლოზმაც თავისი პრეპარატი კლინიკურად უფრო დახვეწა,

 

 1941 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო და საჭირო გახდა „ჰემოდინის“ დიდი რაოდენობით წარმოება.  სამწუხაროდ, სრულიად მოულოდნელად, ნიკოლოზ ჯიშკარიანი გულის შეტევით გარდაიცვალა. საომარი მდგომარეობის გამო, გრიგოლ კობახიძის მინის მწარმოებელ ქარხანას სასწრაფო შეკვეთები ჰქონდა და ქართველმა მილიონერმა ჯიშკარიანის ლაბორატორიისათვის ვერ მოიცალა. პრეპარატი ამერიკელების ხელში აღმოჩნდა. მათ ჯიშკარიანის შექმნილს სახელი შეუცვალეს და წარმოებაშიც გაუშვეს. დღემდე დაუდგენელია, თუ რა სახელი უწოდეს ამერიკელებმა ქართველის პრეპარატს. ეს ფაქტი გრიგოლ კობახიძეს გულზე ლოდივით აწვა, ამიტომაც მოგვიანებით, ნიკოლოზ ჯიშკარიანის სალიცენზიო ბროშურა მაინც დაბეჭდა, რათა ქართველი ექიმის და მკვლევარის ღვაწლი არ დაკარგულიყო. სამწუხაროდ, ნიკოლოზ ჯიშკარიანს ოჯახი არ შეუქმნია,..

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner