ავტორი თენგიზ ჩობანიძე
„ლე ფიგაროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში მილიარდერმა ბილ გეიტსმა მეტად სკეპტიკური განცხადება გააკეთა მსოფლიოში მიმდინარე პანდემიასთან დაკავშირებით. მისი აზრით, სამყარო ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს 2-3 წლის შემდეგ დაუბრუნდება.
„ჩვენ დღესდღეობით ვმარცხდებით კორონავირუსთან ბრძოლაში. არის დაინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, დიდი მსხვერპლიც. მსოფლიოს ქვეყნებში ინგრევა ეკონომიკა. სიტუაციის გამოსასწორებლად საჭიროა ეფექტური მეთოდები, თუნდაც ვაქცინა, თუმცა, ამას დრო სჭირდება. კარგად მესმის, რომ რამდენიმე ლაბორატორიამ შექმნა ახალი პრეპარატები, რომლებიც გამოცდას გადის. მაინც ვერ ვიტყვით, რომელი მათგანი გამოდგება. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ნამდვილი ვაქცინა არ არსებობს“.
ბილ გეიტსის თქმით, მსოფლიო ქვეყნები ჯერ უნდა დაუბრუნდნენ პანდემიამდელ მდგომარეობას, რასაც დიდი დრო სჭირდება და ამის შემდეგ უნდა განაგრძონ პროგრესი. ჩინეთთან დაკავშირებით გეიტსმა განაცხადა: „არ არის ახლა იმის დრო, რომ ჩინეთი აღვიქვათ, როგორც დამნაშავე, - ეს არაკონსტრუქციული მიდგომაა. დღესდღეობით, მსოფლიო ეკონომიკა გაჩერებულია და სიტუაციიდან თავის დაღწევა მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობით უნდა შევძლოთ. ჩინეთმა უკვე შეძლო პანდემიის დამარცხება და ეს ჩვენც უნდა გავაკეთოთ“.