logo_geo
eng_logo
გახდება თუ არა საქართველო ონლაინვაჭრობის ცენტრი რეგიონში – შანსი, რომელსაც covid 19 იძლევა
- +

29 აპრილი. 2020. 12:24

 

 

 

დაბალი ფასები, ხშირი ფასდაკლებები და პროდუქციის დიდი არჩევანი – ეს ის ფაქტორებია, რის გამოც ინტერნეტვაჭრობა მთელს მსოფლიოში პოპულარულია და გამონაკლისი არც საქართველოა. AMAZON.COM, EBAY.COM MYAUTO.GE, MYMARKET.GE, – ეს იმ საიტებისა და კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც საქართლოში ათეულობით ათასი მომხმარებელი ჰყავს.

 

 

 

მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებენ “იქომერს”, ანუ ელექტრონული კომერციის კომპანიები, რომელთაც აქვთ საკუთარი მულტიბრენდული საწყობები, კომპანიები, მხოლოდ ონლაინსავაჭრო პლატფორმებით და მცირე მეწარმეები, რომლებიც საკუთარი ხელით ამზადებენ პროდუქციას და სოციალური ქსელის ან სხვადასხვა ელექტრონული კომერციული პლატფორმის მეშვეობით ყიდიან.

 

 

როგორც ცნობილია, covid19 -ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტიდან 27 აპრილის ჩათვლით საქართველოს მთავრობამ ონლაინვაჭრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალა. აკრძალვები არ შეხებია მხოლოდ საფოსტო გზავნილებსა და საკვების მიწოდებას. ონლაინვაჭრობით დაკავებული ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მთავრობამ არასწორი გადაწყეტილება მიიღო და ადგილობრივ ბიზნესს სერიოზული ზიანი მიადგა.

 

 

როგორც ქართული ელექტრონული კომერციის გაერთიანება – “იქომერსის ხმის” წარმომადგენელი, თამარ გოგოლაშვილი აცხადებს, ქართული კომპანიებისათვის დაწესებული შეზღუდვების პირობებში, ადგილობრივ მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დადგენილებით აკრძალული პროდუქცია ისეთი უცხოური ვებგვერდებიდან შეეძინათ, როგორებიც Amazon-ი, Ebay და Alibaba-ა. მისი თქმით, ამან გამოიწვია ის, რომ თანხები, რომლებიც ადგილობრივი კომპანიების ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო, უცხოეთში გადამისამართდა.

 

 

რა მოცულობის ფინანსურ ზარალზეა საუბარი, გოგოლაშვილს ამის თქმა უჭირს, თუმცა, როგორც ის აცხადებს, 2018 წელს ელექტრონული ბაზრის მოცულობა საქართველოში, დაახლოებით, 400 მილიონ ლარს შეადგენდა. გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ დღეისათვის ბაზრის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შეზღუდვებით გამოწვეული ზარალი საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება კავშირში. ამ ყველაფრის მიუხედავად, გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ “იქომერსს”, ანუ ინტერნეტით ვაჭრობას საქართველოში საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს.

 

 

“ ამ ბიზნესში საკმაოდ დიდი მოთამაშეები შემოვიდნენ, როგორიცაა “თიბისი” ბანკი, “საქართველოს ბანკი”. ასეთი მსხვილი კომპანიების დაინტერესება ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ეს დარგი არის განვითარებადი და მზარდი. მსოფლიოში საცალო რითეილის, დაახლოებით, 20 %-ს შეადგენს ელექტრონული კომერცია, საქართველოში ეს მაჩვენებელი 2 %-ს არ აღემატება. ეს ბაზარი რომ თუნდაც 10 პროცენტამდე გაიზარდოს, წარმოიდგინეთ, რა თანხებზე იქნება საუბარი. ეს არის უსაფრთხო საშუალება იმისთვის, რომ კომპანიამ ოპერირება გასწიოს, ჰქონდეს ნაკლები დანახარჯები, ფილიალები არ გახსნას და ფოსტის მეშვეობით მთელი საქართველო, რეგიონი და თუნდაც მთელი მსოფლიო მოიცვას”, – აცხადებს გოგოლაშვილი.

 

 

მისი თქმით, მისი და ელექტრონული კომერციის ასოციასიის მიზანი (რომელიც დღეს დაფუძნდა) იქნება დარგის ლობირება და ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომელიც ამ ინდუსტრიის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და მას კონკურენტულს გახდის.

 

 

“დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გამოიყენოს Covid -19-ის გამოწვევა, როგორც შესაძლებლობა ქვეყანაში ელექტრონული კომერციის განვითრებისა, როგორც ეს მოხდა სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, ჩინეთში სადაც 2003 წელს, ვირუსის გავრცელების გამო, მომხმარებლების ფიზიკურმა იზოლაციამ ხელი შეუწყო ბაზარზე ელექტრონული კომერციის როლის ზრდას და, ფაქტობრივად, მოახდინა ელექტრონული კომერციის რევოლუცია”, – აცხადებს გოგოლაშვილი.

 

 

გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ რაც უფრო მეტად განვითარდება “იქომერს” ინფრასტრუქტურა საქართველოში, მით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება ქვეყანაში. მაგალითად, უნდივიდურ მეწარმეებს და არა მარტო მათ “იქომერსის” საშუალებით გაუადვილდებათ გასაღების ბაზრების მოძიება, რაც, გოგოლაშვილის მოსაზრებით, ბიძგს მიცემს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

 

 

“გარკვეული საკანონმდებლო და ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის შემთხვევაში, ბაზარი სწარაფად განვითარდება. მაგალითად, ახლა იძულებულები ვართ, ყველა პროდუქტზე ავტვირთოთ ზედნადები.  ამერიკაში საერთოდ არ არის ზედნადებების სისტემა. ამ ეტაპზე, ამ სისტემის გაუქმება თუ არა, მისი გამარტივება თუ მოხდება, ესეც დიდი მიღწევა იქნება”, – აცხადებს გოგოლაშვილი.

 

 

როგორც ირკვევა, ამჟამად საქართველოში 300 ზე მეტი დიდი და მცირე ონლაინმაღაზია ფუნქციონირებს. ათასებს აჭარბებს იმ თვითადასაქმებულთა რაოდენობა, რომლებიც სხვადახსხა ონლაინპლატფორმის მეშვეობით დამოუკიდებლად ვაჭრობენ გამოწერილი ან საკუთარი ხელი დამზადებული პროდუქციით.

 

 

როგორც გოგოლაშვილი აცხადებს, ეს ხალხი ყოველთვიურად 1000- 2000 ლარს გამოიმუშავებს და მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ ბიზნესის დაწყება საკმაოდ მწირ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს და, ფაქტობრივად, ყველასათვის ხელმისაწვდომია. გოგოლაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ “იქომერსი” საქართველოს სამეზობლოში ცუდადაა განვითარებული და საქართველოს შანსი აქვს, რეგიონული ცენტრი გახდეს.

 

 

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილიდან ონლაინვაჭრობა საქართველოში ისევ დასაშვები გახდა. გამონაკლისი მხოლოდ ის ადმინისტრაციული ერთეულებია, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს.

 

 

ოპერირების განსაახლებლად კომპანიებმა ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური რეგისტრაციის ფორმა უნდა შეავსონ, რის საფუძველზეც უწყების ზედამხედველობის სამსახური შეამოწმებს, ბიზნესოპერატორი იცავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია 260-მდე ობიექტის შემოწმება.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner