„ობიექტივის" ეთერში საუბრისას ზაზა აგლაძემ ახალშექმნილ პარტიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე თითოეული ამომრჩევლის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. აგლაძემ საზოგადოების იმ ნაწილსაც მიმართა, ვინც არჩევნებზე მისვლისგან თავს იკავებს, რადგან არაფრის იმედი არ აქვს და განაცხადა, რომ მათი პოზიცია არასწორია.
მისივე თქმით, არჩევნების ბედი მხოლოდ საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რადგან დღევანდელ პირობებში ხელისუფლება არცერთ პარტიას არ ზღუდავს და ვისაც ამომრჩეველი აირჩევს და მეტ ხმას მიიღებს, ის გაიმარჯვებს.
აქვე ზაზა აგლაძემ პარტიაზე „ჩვენი სამშობლო" ისაუბრა, რომლის წევრიც თავადაც გახლავთ და აღნიშნა, რომ მათი მიზანი საქართველოს გაერთიანებაა.
„მთავარი მიზანი და ძირითადი მიმართულება საქართველოს გაერთიანებაა.
პარტია შეიქმნა აფხაზეთის და სამაჩაბლოს თხოვნით და ზვიად ჩიტიშვილი ჩაუდგა მას სათავეში.
ზვიადი პირველად დგამს პოლიტიკაში ნაბიჯებს. იგეგმება ქართველების მიერ ოსი ბავშვების მონათვლა და პირიქით. ამ მხრივ ძალიან დიდი საქმე კეთდება.
დღეს, რეალურად პოლიტიკური სპექტრი აჭრელებულია. ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და არის კიდევ რამდენიმე, რომელიც ახლა უნდა დარეგისტრირდეს.
ცოდნა და გამოცდილება ყველა იმ პარტიაშია, რომელიც დარეგისტრირდა. ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომელი პარტია რისი გამკეთებელია, რა რესურსი აქვს და ვისი ფულით ფინანსდება.
ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის დროს.
ამომრჩეველს, რომელიც მიძინებულია და ფიქრობს, რომ მაინც არაფერი გამოვა და იმედი არ აქვს, მინდა ვუთხრა, რომ რეალურად უნდა დავინახოთ ვითარება და ყველაფერი გამოვა.
დღეს ყველას აქვს საშუალება, შექმნას პარტია. ხელისუფლება არცერთ პარტიას ხელს არ უშლის. საზოგადოება მინდა დავარწმუნო, რომ ვისაც მხარდაჭერა ექნება, ის პოლიტიკური პარტია გაიმარჯვებს. არ გაყალბდება ხმები.
აფხაზეთთან და ოსეთთან ჩვენ, ქართველებმა უნდა გამოვნახოთ საერთო ენა, ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები. თუ ჩვენ გვექნება მხარდაჭერა და ხელისუფლებაში გადავალთ არჩევნების შემდეგ, გაცილებით მეტის გაკეთებას შევძლებთ კონფლიქტების მოგვარების კუთხით.
რაც შეეხება რუსეთთან საერთო ენის გამონახვას, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რუსეთის მონები უნდა გავხდეთ. პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ, უნდა გავაანალიზოთ, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ვისთან ურთიერთობაში უფრო მეტი პოზიტივის გამონახვა შეიძლება მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის.
მილიონზე მეტი ადამიანია ჩვენი ქვეყნიდან რუსეთში გასული, რომლებსაც დღეს უფლება არ აქვთ, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ცესკო-ს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის ფედერაციას, შვეიცარიის საელჩოს, გაერო-ს, ჩვენს სახალხო დამცველს მივწერეთ და ახლა პასუხებს ველოდებით. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ერთი მილიონი ხმა გვეკარგება და ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ უფლება, თავიანთი ხმა დააფიქსირონ.
ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს ის პარტია და მიმართულება, რომელიც ქვეყნისთვის ეიმედებათ", - ამბობს ზაზა აგლაძე.