უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურმა ახლახან სახელმწიფო ღალატში ბრალდებული გენერლის - შაიტანოვის აგენტი დააკავა. როგორც ირკვევა, მოღალატე გენერალი ვალერი შაიტანოვი წლების განმავლობაში რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობდა. მისი დაპატიმრების შემდეგ კი უკრაინელი სამართალდამცველები ამ საქმის კიდევ ერთ ფიგურანტზე გავიდნენ. ამჯერად დაკავებულია ყოფილი მებრძოლი, რომელიც შაიტანოვის მსგავსად „ФСБ“-ს პოლკოვნიკ ეგოროვთან კავშირზე იმყოფებოდა. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სამართალდამცველებმა საქმის ამ ფიგურანტის საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მთელი არსენალი აღმოაჩინეს. ამოღებულია ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნი, ნაღმები, პისტოლეტი, კარაბინი, მაყუჩიანი იარაღი, დეტონატორები და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები.
ამოღებული ნივთმტკიცებები არსებულ სისხლის სამართლის საქმეს დაემატა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი ფიგურანტის კავშირების დაზუსტება რუსულ სპეცსამსახურებთან.
რამდენიმე დღით ადრე, როცა უკრაინელმა სამართალდამცველებმა გავლენიანი გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი დააკავეს, ამ საქმემ უკრაინაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. სამართალდამცველების ინფორმაციით, რუსებმა ის ჯერ კიდევ 2014 წელს „გადაიბირეს“. გამოძიებამ მტკიცებულებები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, შაიტანოვი და მისი რუსი კურატორი უკრაინელი მებრძოლის ადამ ოსმაევის ლიკვიდაციას გეგმავდნენ. ამ საქმის შესრულებაში რუსები 200 ათას დოლარს იხდიდნენ. ამას გარდა, შაიტანოვი წლების განმავლობაში აგროვებდა და გადასცემდა თავის დამკვეთებს საიდუმლო ინფორმაციას, ასევე მუშაობდა თანამებრძოლთა გადაბირებაზეც.
ადამ ოსმაევი და ამინა ოკუევა
რაც შეეხება რუსების მორიგ სამიზნეს - ადამ ოსმაევს, ის ცნობილი ჩეჩენი მებრძოლია, რომელიც წლებია უკრაინაში იბრძვის. ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის ამჟამინდელ პრეზიდენტ რამზან კადიროვს წლების წინ დაუპირისპირდა. 2007 წელს მას პირველად სწორედ კადიროვის მკვლელობის მომზადება დააბრალეს, თუმცა მტკიცებულებების არქონის გამო საქმე დაიხურა და ოსმაევი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. 2012 წელს უკრაინაში მას უკვე ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მომზადებაში დასდეს ბრალი და დააკავეს. რუსეთში ოსმაევის ექსტრადირება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩარევის შემდეგ ჩაიშალა. ამ საქმისთვის მან ოდესაში სამი წელი გაატარა ციხეში. 2015 წელს ადამ ოსმაევი ცოლის - ამინა ოკუევას დახმარებით პატიმრობიდან გათავისუფლდა და დონბასში უკრაინისთვის მებრძოლ მოხალისეებს შეუერთდა. მალე ის დუდაევის სახელობის საერთაშორისო მოხალისეთა ბატალიონს ჩაუდგა სათავეში. ოსმაევთან ერთად უკრაინის ერთიანობისთვის იბრძოდა მისი ცოლი ამინა ოკუევაც. ამბობდნენ, რომ წყვილი რამზან კადიროვისა და ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო. 2017 წელს კიევთან ახლოს თავს დაესხნენ ავტომანქანას, რომელშიც ადამ ოსმაევი და ამინა ოკუევა ისხდნენ. სავარაუდოდ, თავდამსხმელებს ადამ ოსმაევის მოკვლაც უნდოდათ, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა მისი ცოლი ამინა, ოსმაევი კი დაიჭრა. ის, რომ რუსეთის სპეცსამსახურები არასასურველი პირების ლიკვიდაციას სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიაზე თავხედურად გეგმავენ და ზოგჯერ ახერხებენ ხოლმე, ბოლოს წლებში მომხდარი კიდევ რამდენიმე ფაქტიდანაც ჩანს. 2018 წლის 23 აგვისტოს გერმანიაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით 40 წლის ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გერმანელმა სამართალდამცველებმა რუსი ეროვნების პირი დააკავეს. 2020 წლის 30 იანვარს, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, საფრანგეთის ერთ-ერთ სასტუმროში ცივი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობით მოკლული ნახეს იმრან ალიევი, 44 წლის ჩეჩენი ბლოგერი, რომელიც კრემლის მიერ მხარდაჭერილი რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკით გამოირჩეოდა.
ამინა ოკუევა