logo_geo
eng_logo
ვახტანგ კობაიძე: მედიკო მებურიშვილის დაკრძალვაზე რუსთაველის მოედანი სავსე იყო ხალხით!
- +

17 ივნისი. 2016. 14:12


„მაჩაბლის ცამეტთან ახალგაზრდობის წლები მაკავშირებს, - იხსენებს პოეტი გივი ალხაზიშვილი, - ის დრო თავის მოვლენებითა და აქტიური პერსონაჟებით, დალექილია ხსოვნაში და დროდადრო თავს მაგონებს. მკაფიოდ მახსოვს, იოსებ ნონეშვილმა რომ კონსტანტინე გამსახურდია გამაცნო, როგორ შემათვალიერა ბატონმა კონსტანტინემ და ხელი გამომიწოდა. მაშინ ყმაწვილი ვიყავი და ეს ფაქტი მოგვიანებით, მწერალთა კლუბში კონსტანტინე გამსახურდიას უაღრესად კოლორიტული გამოსვლა, სამუდამოდ დამამახსოვრდა. ბატონმა კონსტანტინემ მოიბოდიშა, შეხვედრაზე რომ დააგვიანა და მიზეზი აუხსნა დამსწრე საზოგადოებას... ბოდიშს ვიხდი, რომ დავაგვიანე. არ მიყვარს  დაგვიანება, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. რუსთაველის გამზირი თითქმის გადავსებული იყო ხალხით და მანქანა შეფერხდა. როგორც გავიგე, ვიღაც განგსტერ ქალს კრძალავდნენ და მოძრაობა იქ შეკრებილმა ზღვა ხალხმა, სამგლოვიარო პროცესიამ შეაჩერა.

ის განგსტერი ქალი, როგორც ბატონი კონსტანტინე ამბობდა, ულამაზესი მედიკო მებურიშვილი გახლდათ, ნარკოტიკის ზედმეტ დოზას რომ ემსხვერპლა და რომელზეც ლეგენდებს ყვებოდნენ. უბატონოდ ვერავინ სცემდა ხმას და ერიდებოდნენ კიდეც მასთან პირისპირ შეხვედრას, მეტადრე უსიამოვნებას. მახსოვს მაშინ გავრცელებული ამბავი, მთელი თბილისი რომ იმეორებდა საკმაოდ დიდხანს - როგორ გაიკეთეს ვენაში მორფინი მედეამ და მისმა დაქალმა იზა გოცაძემ, ჩემმა თანაკურსელმა; როგორ შეეპარა წამალთან ერთად ჰაერი გამოუცდელ ლამაზმანს და ემსხვერპლა კიდეც ამ საბედისწერო ინიექციას..."

რამაზ ურუშაძე: „ის მართლა ვარსკვლავი იყო! შეჰერეზადა „1001 ღამიდან". სამწუხაროა, რომ ცხოვრება უკუღმართად წაუვიდა. რაც შეეხება კრიმინალს და სხვა ამგვარ ეპითეტებს, ეს ზღაპარია. ის შეგნებულად „გააფუჭა" იმდროინდელმა ნომენკლატურამ, მაგრამ ლეგენდა ლეგენდად დარჩა".

 

 პაპუნა ძიძიგური: „მაშინდელი სისტემა ასეთ პიროვნებებს თუ გავლენის ქვეშ ვერ მოაქცევდა, ან გარიყავდა ან გაანადგურებდა. ასეთ გარიყულებს იმ სისტემაში ძალიან უჭირდათ შინაგანი ენერგიის სწორად წარმართვა და სამწუხაროდ, ისე ამთავრებდნენ, როგორც დაამთავრეს".

დღეს, 47 წლის შემდეგ, პირველად მკითხველისთვის, იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაეცეს ყველა იმ კითხვას პასუხი, რაც 60-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე გაისმის ამ ულამაზესი ქალის გარშემო; იმისთვის, რომ დამთავრდეს უაზრო ვერსიები და მითქმა-მოთქმა, აღარ დარჩეს კითხვის ნიშანი, მისი თანაკლასელი და უახლოესი მეგობარი, ვახტანგ კობაიძე ყველაფერს მოგიყვებათ:

ყველა თაობაში არიან პიროვნებები, რომლებიც ლეგენდად რჩებიან. მედიკო მებურიშვილს მარტო გარეგნული  კი არა, ძალიან დიდი სულიერი სილამაზეც ჰქონდა. ის ჩემი თანაკლასელი იყო. ჩვენთან, 53-ეში გადმოვიდა მესამე კლასიდან, მანამდე პირველ სკოლაში სწავლობდა. მამა,  შალვა მებურიშვილი გამომცემლობაში მუშაობდა, სტამბის  დირექტორი იყო. დედა, ვენერა ნიჟარაძე, ექიმი გახლდათ. ეს იყო ძალიან სტუმრიანი ოჯახი. ცხოვრობდნენ რუსთაველზე, მეცნიერებათა აკადემიასთან „შახტიორების სახლს" რომ უწოდებდნენ, სპორტული მაღაზია იყო. აი, ამ მაღაზიის კუთხეში აღმართიანი ქუჩა იწყება (ახლანდელი სარაჯიშვილის ქუჩა), როგორც კი აუხვევთ, იქვე, სამსართულიანი სახლი დგას.

მედიკო უყვარდა თბილისის ყველა ცნობილ ბიჭს ცნობილი ოჯახებიდან, მაგრამ აქ ერთი მომენტი იყო - მოგწონს? გიყვარს? მოექეცი პატივისცემით. მე მის მიმართ სულ სხვა განწყობა მქონდა. ის იყო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ძმაკაცი. სხვანაირად ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა შემეხედა თანაკლასელი გოგოსთვის. აი, ხომ უკვე დიდები ვიყავით -  მეცხრე, მეათე კლასში და რა სილამაზე იყო, მაგრამ რა მაგარი ქალია და რაღაც - ეს მომენტი მასთან არ მქონია. ამისთვის სხვები იყვნენ. 

მახსოვს, მეხუთე კლასში რომ ვიყავით, გვკითხა, თქვენ არ კითხულობთო? იმ პერიოდში გამოდიოდა სათაგადასავლო ბიბლიოთეკა - ათტომეული. მედიკოს ჩაბულბულებული ჰქონდა, თან რუსულ ენაზე. შეგვრცხვა. რუსული ვიცოდი, რუსულ საბავშო ბაღში ვსწავლობდი, მაგრამ ისე არა, როგორც მან. ჩვენ დროს სირცხვილი იყო, წიგნი არ გქონოდა წაკითხული და ის ისეთ ავტორებზე გვეკითხებოდა - ჯეიმს ფენიმორ კუპერი, ლუი სტივენსონი, დანიელ დეფო - გვრცხვენოდა, რომ არ ვიცდოთ. მე ამის მერე დავიწყე კითხვა. საკმაოდ კარგად სწავლობდა და რუსულის გარდა, ინგლისურიც კარგად იცოდა. „არტეკის" პიონერთა ქალაქში წარმოუდგენელი იყო მოხვედრა. საქართველოდან მედიკო იყო ერთადერთი, ვინც წავიდა.

მედიკო იყო ერთი ამაყი გოგონა, მაგრამ არა ამბიციური. სიამაყე სხვაა, ამბიციურობა - სხვა. ეს გამოიხატებოდა უპირველესად იმაში, რომ თავისი თავის ფასი კარგად იცოდა. თუმცა, თანატოლ გოგოებთან ამას არასდროს იმჩნევდა. მისი სიამაყე სხვა რამეში იყო. თავს არავის დააჩაგვრინებდა. მერე, იყო თავისუფალი, იმ დროისთვის და იმ რეჟიმისთვის შეუფერებელი ადამიანი. თუმცა, რასაც დღეს გოგოები აკეთებენ (რა ასაკისაც მედიკო გარდაიცვალა), იმის მესამედსაც არ აკეთებდა. ის ცხოვრობდა ისე, როგორც სწამდა და მოსწონდა. ჩვენც ასე ვცხოვრობდით, ოღონდ ცოტა შეშინებული და თავშეკავებული, თუმცა რუსთაველზე რომ გავიდოდით, ყველაფერი გვავიწყდებოდა. ერთმანეთს ვეხვეოდით, ვკოცნიდით, იქვე, რესტორანში ან კაფეში შევიდოდით... 

 

ჩორნი კოფე" - ასე ერქვა კაფეს, სადაც პოპულარული თბილისელი ბიჭები იკრიბებოდნენ.  ჩვენთან ერთად ყოველთვის იყო მედიკო. სასტუმრო  „თბილისის" კაფეშიც შევდიოდით, რესტორან „დარიალშიც", „გრემშიც" და კაფე „მეტროშიც". სხვათა შორის, კაფე „მეტროში" ოფიციანტად მუშაობდა ჯუნა დავითაშვილი. ერთხელ ბიჭებმა ფანჯრიდან  გადმოაგდეს, ნისიად არ იძლეოდა. მას შემდეგ თავში რაღაც გადაუტრიალდა და ასე გახდა მკურნალი-ნათელმხილველი. 

 

მედიკოს ქცევები, რაც ჩვენთვის მისაღები იყო, ეტყობა, ვიღაცისთვის მიუღებელი გახლდათ, უფრო სწორად, მაშინდელი ნომენკლატურისთვის. ამიტომ, რაღაცის ეშინოდა. თუ გავიდოდა, ოჯახის წევრთან ან რომელიმე მეგობართან ერთად. რომ აღარ გამოჩნდა ერთი, ორი, სამი დღე, დავრეკე მასთან სახლში. დედამისმა მიპასუხა აღელვებული ხმით - მედიკო ახლახან გაიყვანეს სახლიდანო. ვინ გაიყვანა-მეთქი? მეგობარმა გოგომო. ეგრევე გადავრეკე ბიჭებთან და წავედით საძებნელად იმ ადგილებში, სადაც შეიძლებოდა, ყოფილიყო. ბოლოს ვიღაცამ თქვა: ბიჭო,  თერთმეტსართულიანის  ლიფტში ვიღაც ნახეს დაბრედილიო. ჩავედით თერთმეტსართულიანთან, ხალხი მოგროვილიყო, მილიცია იდგა.

 

ის, რომ მედიკო მებურიშვილი წამლის გადაჭარბებული დოზით დაიღუპა, ტყუილია. მედიკო მოკლეს. იმასაც  ამბობენ, რომ იმ დროს მასთან ერთად იყო მისი დაქალი, იზა გოცაძე. ორივემ გაიკეთა და ამას ჰაერი შეეპარა წამალშიო. რა შუაშია იზა გოცაძე ან სად იყო წამლის ამდენი საშუალება? ეს ის პერიოდია, როდესაც ახალი შემოსულია პლანი" და მსგავსი რაღაცეები. მაშინ ყველა მაიმუნობდა, „მი ბალოვალის", გესმით? მე არ ვამბობ იმას, რომ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზები ვიყავით, მაგრამ ეს არ იყო ნარკომანობა. კი, იყვნენ ნარკომანებიც, როგორ არ იყვნენ, მაგრამ უფრო წინა თაობაში. პროზექტურაში გვითხრეს, რომ თავში ჰქონდა ჩარტყმული. როგორც ჩანს, ჯერ თავში ჩაარტყეს და მერე გაუკეთეს. მედიკო ნარკომანი არ ყოფილა. ხომ არ გგონიათ, მაშინ კარგი გოგოები არ დადიოდნენ, ძალიან ბევრი დადიოდა, მაგრამ მედიკო სულ სხვა იყო, იმდენად, რომ პროზექტურაში ექიმებმა თქვეს - მსგავსი სილამაზე არ გვინახავს, თეთრი მარმარილოსგან ჩამოთლილს ჰგავსო.

 

სასამართლო თავიდან ბოლომდე იყო ფარსი. ის გოგო დაიჭირეს, მის სახელსაც გეტყვით. ეს გახლდათ მანანა მგელაძე და არა იზა გოცაძე. ოთხი წელი მისცეს, მაგრამ ორ წელიწად-ნახევარში გამოვიდა. იქ ორი ბიჭიც იყო, მაგრამ არცერთი მათგანი სასამართლომდეც არ მიუშვეს. ვინ და რატომ? ამის გარკვევა ჩვენს ძალებს აღემატებოდა... აქ სხვა რაღაც იყო: მანანა გამოვიდა ორწელიწად-ნახევარში და მუშაობა დაიწყო მაღაზია „ციცინათელაში" ბუღალტრად.  იმ დროს ნასამართლები ასეთ თანამდებობაზე ვერ მოხვდებოდა, თუ „შეკრული" არ იყო. დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდია. სასტუმრო „თბილისის" კაფეში ვსხედვართ ბიჭები, შემობრძანდა ქალბატონი. პირდაპირ მოვიდა - ვაჰ, როგორ ხართ, ბიჭებო, მე გამოვედიო. წადი შენი ასე და ისე... თბილისში გავლილი არ დაგინახოთ-მეთქი და კინწისკვრით გამოვაგდეთ იქიდან.

 

რაც შეეხება ჭორებს, რომ მას ქურდულ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი, იარაღით დადიოდა, გეტყვით, რომ თბილისში ყოველთვის იყვნენ გამორჩეული ბიჭები, რომლებსაც „ძველ ბიჭებს" ეძახდნენ. უბანსა და უბანს შორის ჩხუბი და ამბები მოდიოდა, მაგრამ მათთან ურთიერთობა ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობას სულაც არ ნიშნავდა. ისინი იყვნენ ჩვენზე სამი-ოთხი წლით უფროსები, ავტორიტეტები და მედიკოც ისევე, როგორც ჩვენ ყველა, მათ იცნობდა. სწორედ მისი შინაგანი თავისუფლებისა და საოცარი გარეგნობის გამო, ამ კატეგორიის ხალხიც მეგობრულად და თბილად ექცეოდა, მაგრამ ბევრმა ეს  ვერ ან სხვაგვარად გაიგო იმ დროს. იარაღი მეც მქონია და ბევრ სხვასაც... მედიკოს ხელში იარაღი მე არ მინახავს. ან რაში სჭირდებოდა? ვინმე რამეს გაუბედავდა? მედიკოსთვის რომ ვინმეს რამე ზედმეტი ეთქვა, დედას ვუტირებდით  ბიჭები. მის უკან მთელი ჩვენი ამალა იდგა და ჩვენზე უფროსი თაობისაც. ხელისგულზე სატარებელი იყო. ლეგენდა იყო და დარჩა ლეგენდად. არ იყო ისე, რასაც ლაპარაკობენ. იყო ერთი ალალი, სუფთა, თავისუფალი გოგო, დამიჯერეთ. გამოვიდოდა, გრიალით გაივლიდა, თვალს ვერ წყვეტდნენ. ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც აი, იმ კომუნისტურ მენტალიტეტს უთხრა - არა. წარმოგიდგენიათ, რუსთაველზე ცხენით რომ გაიაროთ? ჯირითობდა, კარგად ცურავდა კიდეც, გიტარაზე, როიალზეც უკრავდა განსაკუთრებით იმ პერიოდის თანამედროვე კომპოზიციებს. დაბალი ხმის ტემბრი ჰქონდა, საოცარი. მედიკო იყო, ვინც პირველად ჩაიცვა ჯინსები, თმა შეიჭრა და შეიღება ფოლადისფრად, ძალიან უხდებოდა. მერე, უზომოდ დიდი სიყვარული შეეძლო. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მეგობრულ სიყვარულს. მისი და მერაბ გიგინეიშვილის სიყვარულზე ცალკე ლეგენდები დადიოდა. მერაბი მისი სახლის ფანჯრებთან ღამეებს ათევდა. ასეთი წყვილი არ დადიოდა. კარგი ფეხბურთელი იყო, ისეთი ლამაზი და ტანადი, თვალს ვერ მოაცილებდით. ამიტომაც მიაგნეს ერთმანეთს. მაშინდელი სისტემა ასეთ პიროვნებებს თუ გავლენის ქვეშ ვერ მოაქცევდა, გარიყავდა ან გაანადგურებდა. ეტყობა, ესენიც მიზანში ამოიღეს. ასეთ გარიყულებს კი, ძალიან უჭირდათ თავიანთი ცხოვრების სწორად წარმართვა და სამწუხაროდ, ცხოვრებას ისე ამთავრებდნენ, როგორც დაამთავრეს. ასე მოხდა მერაბის შემთხვევაშიც. 90-იან წლებში გარდაიცვალა. მედიკოს შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა და...

 

12 წლის ბიჭი ვიყავი, შალვა დადიანი და გალაკტიონ ტაბიძე რომ გარდაიცვალნენ. გალაკტიონის დაკრძალვაზე ბიჭები სადღაც ფერდობზე ავედით, მთაწმინდაზე, რომ დაგვენახა. მეორე ასეთი მახსოვს ჟორა შავგულიძის დაკრძალვა და მესამე იყო მედიკო მებურიშვილი. რუსთაველის მოედანი სავსე იყო ხალხით. ეს ხალხი ფეხით წამოვიდა საბურთალოს სასაფლაომდე. სასტუმროებიდან უცხოელები და სახლებიდან ჩვეულებრივი მცხოვრებნი ბინოკლებით იყვნენ გადმომდგარი, რომ ეყურებინათ. 1968 წლის 14 აპრილს 21 წლის უნდა გამხდარიყო. 10 აპრილს დავკრძალეთ საბურთალოს სასაფლაოზე თეთრ სამოსში ჩაცმული, თეთრ სასახლეში..." - იხსენებს ვახტანგ კობაიძე. 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner