დღეს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
✅ ბათუმის მოსახლეობა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) გათავისუფლდა. აღნიშნული შეღავათი შეეხო იმ ობიექტებსაც, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეეზღუდათ საქმიანობა, არ ფუნქციონირებენ და არ წარმოქმნიან ნარჩენებს. ობიექტები თავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არსებული შეზღუდვის დროით. იმ პირებს, რომელთაც აღნიშნული შეღავათის გამოყენება არ სურთ, შეუძლიათ მიმართონ მერიის სერვისცენტრებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
✅ M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მფლობელები ნებართვის გაცემის საფასურისგან გათავისუფლდნენ. შეღავათი მუნიციპალური ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის შეჩერების ვადით იმოქმედებს.
✅ ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო, ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიმღები, ხელშეკრულებაში არსებული ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული ან დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან თავისუფლდება და ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულებისათვის დამატებითი ვადა მიეცემა.
✅ შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირებთან, განხორციელდება გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის (ქირა, საზღაური და სხვა) შემცირება.
✅ ბათუმის ტერიტორიაზე გარევაჭრობის უფლების მქონე სუბიექტები ყოველთვიური თანხის გადახდისგან დროებით გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის მერიის მიერ გაცემულ ნებართვებს ეხება და საქართველოს მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების განმავლობაში, ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების ვადით გაგრძელდება. აღნიშნული შეღავათის შესაბამისად, წლიურ საფასურს გამოაკლდება ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების პერიოდისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა თვეების გაანგარიშებით.