logo_geo
eng_logo
თენგიზ ჩობანიძე: ყველა ჩინეთის წინააღმდეგ
- +

30 აპრილი. 2020. 15:32

 

 

უფრო და უფრო ძლიერდება კამპანია ჩინეთის წინააღმდეგ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის სპეცსამსახურებს დაავალა ვირუსის გავრცელების წყაროს დადგენა. ვიდრე სპეცსამსახურები თავიანთ საქმეს აკეთებენ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს ჩინეთის ხელისუფლებას იმის გამო, რომ დროულად არ მოახდინა სხვა ქვეყნების ინფორმირება პანდემიის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით. ტრამპის თქმით, ჩინეთის ხელისუფლებას უნდა მიეღო მკაცრი ზომები, რათა ქალაქი უხანი ჩაკეტილიყო და ვირუსი სხვა ქალაქებში არ გავრცელებულიყო. იანვარში 170 ათასზე მეტი ჩინელი ეწვია აშშ-ს, იტალიას, საფრანგეთს, გერმანიას და სხვა ქვეყნებს, რამაც გამოიწვია მსოფლიო პანდემია, ესეც აზიის ზე-სახელმწიფოს დაუდევრობით მოხდა. გარდა ამისა, ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაადანაშაულა ჩინეთთან გარიგებაში და ამის გამო ორგანიზაციას ყოველწლიური 500-მილიონიანი დაფინანსება შეუწყვიტა. ჯერჯერობით, აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ერთგვარი ბოიკოტი გამოუცხადა ჯანმოს.

 

აშშ-ს მალევე გვერდში ამოუდგა ავსტრალია, რომლის ხელმძღვანელობამაც მსოფლიოს ქვეყნებს ჩინეთისათვის სანქციების  დაწესებისაკენ მოუწოდა. ავსტრალიაში ჩინეთის საელჩო კონფლიქტში შევიდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მათ „ტრამპის თუთიყუშები“ უწოდა.

 

აშშ-ს და ავსტრალიას არც ევროკავშირი ჩამორჩა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ევროკავშირის შიდაპოლიტიკური სამსახურის საბჭომ (EEAS) ჩინეთი დაასახელა არა მხოლოდ კორონავირუსის გავრცელების დეზინფორმატორად, არამედ საიდუმლო შეთქმულების თეორიის მთავარ მონაწილედ.

 

ამის საპასუხოდ, ჩინეთმა დასავლეთის დემოკრატია ეჭვქვეშ დააყენა, უფრო მეტიც, უმოქმედობაში დასდო ბრალი გერმანიის, იტალიის და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს.

 

ჩინეთი თავის “კეთილშობილებას“ და უდანაშაულობას “ამტკიცებს” იმით, რომ ის ეხმარება სხვა ქვეყნებს ვირუსისაგან დამცავი საშუალებებითა და ტესტებით, თუმცა, აზიური გიგანტის მაინც არავის სჯერა, მით უმეტეს, რომ ჩინელებმა რამდენიმე ქვეყანაში (მათ შორის, აშშ-ში, ჰოლანდიაში და საქართველოშიც კი) უხარისხო ტესტები გააგზავნეს. ჩინეთის მოწინააღმდეგე ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ეს ჩინეთმა დროის მოგების მიზნით გააკეთა, რათა უხარისხო ტესტებით, დროულად არ გამოვლენილიყო   დაინფიცირებულების ზუსტი რაოდენობა და უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაეყენებინა ადრესატი ქვეყნები.

 

ეჭვს ბადებს ჩინეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი გამოსვლებიც. მათ ჯერ ღამურას დააბრალეს ვირუსის წარმოშობა, შემდეგ აშშ დაადანაშაულეს კორონას „შეგდებაში“, და რუსეთისკენაც გაიშვირეს ხელი.

 

ასეა თუ ისე, დღესდღეობით, ჩინეთს უტევენ, თუმცა ზოგი ექსპერტის თქმისა არ იყოს, თუ აშშ-ს ხელისუფლება ვერ გამოიძიებს ვირუსის წარმოშობას და მხოლოდ „თითის გაშვერით“ დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში ამოტივტივდება „შეთქმულების თეორიაც“...

 

ერთი კი დანამდვილებით უნდა ითქვას, რომ დაზარალებული ქვეყნები შეეცდებიან, მკვეთრად შეამცირონ ჩინური პროდუქციის იმპორტი, რაც კორონავირუსის წყარო-ქვეყანას მომავალში მნიშვნელოვნად დააზარალებს.  უნდა ითქვას, რომ ეს პროცესიც დაწყებულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner