„საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებს, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს“, - განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევმა.
„ახლახან საქართველომ სკანდალი ატეხა იმასთან დაკავშირებით, რომ უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა სოფელ ხუმთასთან და ტახტიძირთან საინფორმაციო მაჩვენებლები განათავსა. ეს თემა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაგრძელდა. ევროკავშირის, ზოგიერთი დასავლური ქვეყნის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენლები სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის კრიტიკას შეუდგნენ და ბორდერიზაციაში და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევაში დაგვადანაშაულეს“, - განაცხადა მურატ ჯიოევმა.
მან დასძინა, რომ „თუ დასავლეთს სურს საქართველოს ცრუ პროპაგანდას დაუჯეროს, ეს მათი საქმეა, თუმცა საერთაშორისო საქმეებში სამართლიანობა მოითხოვს, რომ მოუსმინონ „სამხრეთ ოსეთის“ პოზიციასაც.“