logo_geo
eng_logo
თამაზ წივწინაძე: ათი ყველაზე პატიოსანი კაცი საქართველოში
- +

17 ივნისი. 2016. 15:10


ავტორისაგან: ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ჩალით იყო გადახურული და კორუფციის თემასთან დაკავშირებით ყურსაც არავინ აპარტყუნებდა, მე რომ საქართველოში პატიოსან ხალხს სანთლით ხელში ვეძებდი!


ხოლო თუ რატომ და რისთვის, წინამდებარე წერილს ყურადღებით რომ წაიკითხავთ, მაშინ გაირკვევა!..


ძვირფასო მკითხველო!


როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთანაც და უცხოეთშიც წინასაახალწლო დღეებში ქვეყნდება იმ „ათი საუკეთესო სპორტსმენის" სია, რომლებმაც სხვაზე უკეთ გამოიჩინეს თავი, იმავე წლის საერთაშორისო ასპარეზობებში!


ამავე პრინციპით დგინდება „ათი საუკეთესო პოლიტიკოსის", „ათი ყველაზე მდიდარი კაცის" და ა.შ. სიები!


სამწუხაროდ, დედამიწის ზურგზე ჯერ არავის მოუფიქრებია, დაედგინა და გამოექვეყნებინა „ათი ყველაზე პატიოსანი კაცის" სია - ცალკე აღებულ ერთ ქვეყანაში ან თუნდაც რომელიმე კონტინენტზე!


ეს ნაკლი აუცილებლად უნდა გასწორდეს, ბატონებო!


ამ მიზნით „ლიტერატურულ საქართველოში" გარკვეული სამუშაოები უკვე ტარდება და მთელი ყურადღება ათი ყველაზე მართალი კაცის გამოსავლენად არის მიმართული!


სხვათა შორის, ეს ჩვენი გაზეთის უბრალო ახირება არ გახლავთ!


თუ გახსოვთ, სოდომი და გომორი ღმერთმა იმიტომ დააქცია, იმ ქალაქებში ათი მართალი კაცი რომ ვერ ნახა!


არადა, ცოდვათა ჩადენის მხრივ დღევანდელ საქართველოში არც ისე კარგად გვაქვს საქმე, ღვთის რისხვა თავიდან რომ ავიცილოთ!


ამიტომ, ვიდრე ღმერთი ჩვენს სამაგალითო დასჯას გადაწყვეტდეს, იქნებ, იქამდე ვიმარჯვოთ და იმ ათიოდე მართალი კაცის გამოვლენა მოვასწროთ, განრისხებულ უფალს წინ რომ დავახვედრებდით და ვეტყოდით:


აჰა, უფალო, ათი მართალი კაცი საქართველოში და თუნდაც ამათი სიწმინდის გამო გვაპატიე ცოდვანი ჩვენი და ნუ დააქცევ ქვეყანას ჩვენსას!


ხოლო, თუ რატომ მაინცდამაინც ათი მართალი კაცის გამოვლენა გვჭირდება, ესეც სოდომის მაგალითზე გამოჩნდება, რომლის დაქცევის ეპიზოდიც ზედმიწევნით უნდა აღვადგინოთ, ამ მიზნით თუნდაც ბიბლიური ისტორიის XIX საუკუნის ხელნაწერების გამოყენებაც დაგვჭირდეს!


***

სოდომის და ახლო ქალაქების მცხოვრებლები მეტად ბოროტნი, ბიწიერნი და საშინლად გარყვნილნი იყვნენო, - გვამცნობს ბიბლიური ისტორიის XIX საუკუნის ხელნაწერები, - უფალი ხედავდა, რომ შეუძლებელი იყო მათი სწორ გზაზე მოქცევა. ხოლო ცოდვანი ისეთი მძიმე იყო, რომ მათი ქვეყანაზე დარჩენა საშიში ხდებოდა: სხვებიც მათ მაგალითს წაჰბაძავდნენ და მთელი ქვეყანა გაირყვნებოდა, ამიტომ უფალმა გადაწყვიტა, სამაგალითოდ დაესაჯა ისინი, ხოლო რას გულისხმობდა ეს საშინელი სასჯელი, გამოჩნდება შემდეგი ორი მოთხრობიდან...


***

ძვირფასო მკითხველო!


ვიდრე შემდეგ ორ მოთხრობას შედარებით წვრილად მოგიყვებოდეთ, იქამდე ერთი შეკითხვა მაქვს - ქალაქ სოდომში არსებული იმჟამინდელი კრიმინოგენური ვითარება დღევანდელი საქართველოს მდგომარეობას არ გაგონებთ?


ჰოდა, განვაგრძოთ თხრობაც!



უფლის სტუმრობა აბრამთან

(დაბ. 18, 1-32)


აბრამი და მისი ცოლი, სარა, გახდნენ ღირსნი მეტად დიდი პატივისა, მათ თავის სადგომში სტუმრად მიიღეს უფალი ღმერთი. იგი გამოეცხადა უბრალო სახით: შუადღე იყო და აბრამი იჯდა თავის კარვის კარებთან, მაღლა აიხედა და მახლობლად დაინახა სამი მგზავრი. წამოდგა მაშინვე, მიეგება მათ წინ, მიწამდის თავი დაუკრა და მიმართა თხოვნით მას, რომელიც უფროსს ჰგავდა:


„უფალო, მე ღირსი ვარ შენი მოწყალებისა, ნუ ამიქცევ გზასა, მიკადრე, მობრძანდი, დაისვენე ამ ხის ძირში და დანაყრდი ცოტაოდენი საჭმლით".


მგზავრები დათანხმდნენ და მივიდნენ ჩრდილქვეშ. აბრამი გაეშურა კარავში და უთხრა სარას:


„ჩქარა მოზილე და გამოაცხვე ხმიადები".


მერე გაიქცა თავისი საქონლის ფარაში, თავისი ხელით ამოარჩია უკეთესი ხბო და უბრძანა, საჩქაროდ მოემზადებინათ. როცა ყველაფერი დაამზადა, აბრამმა მიართვა თავის სტუმრებს პური, რძე, კარაქი და ხბოს ხორცი. ის თვითონ სთავაზობდა საჭმელს და ემსახურებოდა სტუმრებს. მაშინ ერთმა სტუმართაგანმა უთხრა აბრამსა:


„მერმის სწორედ ამავე დროს გეწვევით, შენ და შენს ცოლს მაშინ შვილი ნაშობი გეყოლებათ".


სარა ამ დროს კარებში იდგა და რომ გაიგონა ეს სიტყვები, გულში ჩაიცინა. მაშინ სტუმარმა თქვა:


„რად გაიცინა სარამ და იფიქრა თავის გულში: სიბერეში შვილი როგორღა უნდა მეყოლოსო? განა ღვთისათვის არის რაიმე ძნელი?"


სარამ და აბრამმა ცხადად დაინახეს, რომ სტუმარმა ისიც კი იცოდა, რასაც კაცი გულში იფიქრებდა და უწყოდა მომავალი. მაშინ იმათ იცნეს, ვინ იყვნენ მათი სტუმრები. ერთი მათგანი იყო თვით უფალი, ორნი - ანგელოზნი. სადილის შემდეგ საოცარი სტუმრები ადგნენ და წავიდნენ სოდომისაკენ. გახარებული აბრამი გასაცილებლად თან გაჰყვა მგზავრებს.


ორნი დაწინაურდნენ, უფროსი კი აბრამთან დარჩა და გამოუცხადა აბრამსა, რომ სოდომელების ცოდვანი აღწევდნენ ზეცამდე და მე გადავწყვიტე მათი სახსენებელი ამოვაგდო ქვეყანაზედაო. აბრამს შეეშინდა. ჩემი ძმისწულიც სხვებთან ერთად არ დაიღუპოსო და დაუწყო ვედრება უფალსა, რომ მან დაიფაროს უსჯულო ქალაქი, თუ მასში ცოტაოდენი მართალნი მაინც იქნებიან.


„უფალო, შენ ხარ მართლმსაჯული, და ნუთუ მართლებსაც ბიწიერებთან ერთად დაღუპავ? თუ იქ ორმოცდაათი მართალი ადამიანი იპოვება, ნუთუ მათთვის არ დაიფარავ მთელ ქალაქს?"


უფალმა უპასუხა: რომ: „მე ვაპატიებ ყველას, თუ მაგდენი მართალი ადამიანი მათ შორის ერევაო".


აბრამმა კიდევ გაბედა და ჰკითხა: ორმოცდახუთი რომ იყოსო? ნუთუ მთელ ქალაქს დაღუპავ ხუთი მართლის დაკლებისთვის?"


უფალმა მიუგო, რომ: „არც მაშინ დავსჯიდიო". მოწყალე პასუხით წაქეზებულმა აბრამმა თანდათან დააკლო მართალთა რიცხვსა:


„თუ ორმოცი იქნება?"


„თუ ოცდაათი?"


„თუ ოცი?"


„თუნდაც ათიც რომ იყოს!"


უფალმა ბოლოს უპასუხა: „არ დავღუპავ ათი მართალი კაცის გულისთვისაცაო"...


***

აი, ძვირფასო მკითხველო! თუ რატომ მაინცდამაინც ათი მართალი კაცის გამოვლენა გვჭირდება დღევანდელ საქართველოში და არა, მაგალითად, ათი საუკეთესო მორბენლის!


ცხადია, ღვთის რისხვას, რაც უნდა მარჯვედ დარბოდე, მაინც ვერსად გაასწრებ და სწორედ იქ დაგატყდება თავს, სადაც უფრო არ ელი!


ამიტომ ყველაფერს ჯობს, მართალი იყო! მით უფრო, თუ ქვეყანას ათი მართალი კაცი მაინც ჰყავს - ბედნიერია!


ხოლო ერთი პატიოსანი კაცის ამარა დარჩენილ ქვეყანას ღმერთმა რა სასჯელიც მოუვლინა, ამას ქვემოთ ნახავთ!..



სოდომის დასჯა

(დაბ. 19, 1-28)


საღამო იყო, როცა ორი ანგელოზი შევიდა სოდომში - ლოტი (აბრამის ძმისშვილი), ერთადერთი მართალი კაცი მთელ იმ ქალაქში, წინ მიეგება მათ და გულით სთხოვა, რომ მას სწვეოდნენ და ღამე მასთან გაეთიათ. ანგელოზები დათანხმდნენ და მივიდნენ ლოტის სახლში, რომელიც მათ მშვენივრად გაუმასპინძლდა. ამ დროს მათ კარს მიადგნენ ბიწიერნი და აბეზარნი სოდომელნი და მოითხოვეს ლოტისგან, რომ მას მიეცა მათთვის თავისი სტუმრები შეურაცხყოფისათვის. ლოტმა ხვეწნა დაუწყო:


„ძმებო, ნუ უზამთ მათ ბოროტსა".


მაგრამ სოდომელებმა მუქარით დაუყვირეს: „როგორ, შენ უცხო კაცმა, სხვა მხრიდან მოთრეულმა, ჩვენ ჭკუა უნდა გვასწავლო? ახლა გიჩვენებთ სეირს!"


სთქვეს ესა და გაექანენ ლოტისაკენ, მაგრამ ანგელოზები მიეშველნენ, ლოტი გამოაცალეს ხელიდან ხალხს, შეიყვანეს შინა და მოკეტეს კარები. სოდომელებს უნდოდათ კარები შეემტვრიათ, მაგრამ ანგელოზებმა მათ სიბრმავე დამართეს. დაბრმავებულმა ხალხმა ვეღარაფერი გაიგო, კარებს ვეღარ მიაგნო და წავიდ-წამოვიდა. ამის შემდეგ ანგელოზებმა განუცხადეს ლოტსა:


„ჩვენ გამოგზავნილნი ვართ ღვთისაგან ამ უსჯულო და გარყვნილი ქალაქის ამოსაფხვრელად. თუ შენ აქ ნათესავები გყვანან, ჩქარა გაიყვანე ქალაქიდან..."


მეორე დღეს, სისხამზედ, მზის ამოსვლამდის, ანგელოზებმა უბრძანეს ლოტსა, რომ ის, თავისი ცოლით და ქალიშვილებით, საჩქაროდ გაქცეულიყო ქალაქიდან. რადგან ლოტი იგვიანებდა, ანგელოზებმა წაავლეს ხელი, გამოიყვანეს იგი სახლობით სოდომიდან და უთხრეს: „უშველე ჩქარა თავსა, გასწი, უკან ნუღარ მოიხედავ და ნუ გაჩერდები ამ მინდორზედ, თორემ დაიღუპები!"


ლოტმა გაუგონა ანგელოზებსა და გაიქცა თავის სახლობით"...



***

ძვირფასო მკითხველო!


მცირე ხნით შევისვენოთ, სული რომ მოვითქვათ, თორემ ქვემოთ ისეთი ამბავი დატრიალდება, დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში!


ახლა განვაგრძოთ!



***

ამოვიდა თუ არა მზე: ციდან წამოვიდა ცეცხლის წვიმა, მოედო ქალაქებსა, მათ გარშემო არემარესა და მთლად გადაბუგა, შემდეგ გასკდა დედამიწა, ქალაქი ჩავარდა ძირს და მის ადგილას გაჩნდა საშინლად მტუტე და მწარე ზღვა..."



***

ღმერთო! ამ ცოდვა-მადლის განკითხვის დღეს ჩემს ქვეყანაშიც რომ არ მომასწრო - შენ მაპოვნინე საქართველოში ათი მართალი კაცი და ათივეს სიგრძე სანთელს ერთად დაგინთებ!..


ეს ჩანართივით! ახლა კვლავ განვაგრძოთ!



***

„ლოტის ცოლმა არ აასრულა ღვთის ბრძანება, წინააღმდეგ ანგელოზის დარიგებისა, მიიხედა უკან და, თითქო ნანობდა სოდომის დატოვებას. ამისთვის მასაც საშინელი სასჯელი მიადგა: მისი სხეული უცებ გადაიქცა მარილის სვეტად".



***

ძვირფასო მკითხველო!


მეტს არც არაფერს ჩავურთავ და არც არაფერს ჩავამატებ!


მაღლა ღმერთმა მეც რომ არ დამსაჯოს და ლოტის ცოლის გვერდით მეორე სვეტად არ ჩამასოს!..



***

„აბრამმა თავის ბინიდან დაინახა უშველებელი სვეტი კვამლისა, რომელიც სოდომიდან მაღლა ადიოდა და ამით გაიგო, რომ მართლმსაჯულ უფალს ვერ უპოვნია იმ წაბილწულ ქალაქში ის ათი  მართალი კაცი..!



***

ძვირფასო თანამემამულენო!


აი, რისთვის არის საჭირო, სასწრაფოდ გამოვლინდეს საქართველოში ათი ყველაზე მართალი კაცი!


აი, რისთვის მოვაწყვეთ საკონკურსო გამოკითხვა ამ ათი პატიოსანი კაცის გამოსავლენად, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენზე განრისხებულ უფალს წინ რომ დავახვედროთ და ვუთხრათ:


- აჰა, უფალო, ათი ყველაზე მართალი კაცი საქართველოში!


თუნდაც ამათი სიწმინდის გამო გვაპატიე ცოდვანი ჩვენი და ნუ დააქცევ წილხვდომ ქვეყანას ღვთისმშობელ მარიამისას!..



ათი ყველაზე ოდიოზური არსება საქართველოში!

 

ძვირფასო მკითხველო!

 

ვიდრე ჩვენს ქვეყანაში ათ ყველაზე პატიოსან კაცს გამოვავლენდეთ - მოგეხსენებათ, ამის გაკეთებას გარკვეული დრო სჭირდება! - იქამდე ათი ყველაზე არამზადას სია მაქვს ჩამოწერილი და ჯერჯერობით იმას გავეცნოთ!


1. მიხეილ სააკაშვილი!..

2. გიგა ბოკერია!..

3. გიგი უგულავა!..

4. ვანო მერაბიშვილი!..

5. ზურაბ ადეიშვილი!..

6. გიორგი ბარამიძე!..

7. გ. თარგამაძე (ვასილიჩი)!..

8. ბაჩო ახალაია!..

9. გოკა გაბაშვილი!..

10. მიხეილ მაჭავარიანი!..


ეს სია კი იმისთვის არის შედგენილი, რომ, როცა უფალი ჩამოივლის და კონკრეტულად ათი პატიოსანი კაცის დასახელებას მოგვთხოვს, ჩვენ ზემოთ ჩამოთვლილ ამ ათ არამზადას წარვუდგენთ და თანაც ავხსნით:


აი, ღმერთო! ის ათი ყველაზე ოდიოზური ადამიანი დღევანდელ საქართველოში, რომელთა გამოც ქვეყანა თავზე წამოგვექცა!..


(რასაკვირველია, ამათ, შესაძლოა, კიდევ ერთი ათეულიც დაემატოს!..)


ჰოდა, ძვირფასო ხელისუფლებავ! თუ ღმერთი დაგვეთანხმება და ამათ დასჯას გადაწყვეტს, დანარჩენი თქვენი ხელით იქნება გასაკეთებელი - სიაში მოხვედრილ ამ არამზადებს ათი წლით მაინც ყოველგვარი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა უნდა აეკრძალოთ!..


ყველა სხვა ნაცზე კი გამოცხადდეს საყოველთაო ამნისტია და მათზე კანონის ფარგლებში მოქმედების შეზღუდვა აღარ უნდა გავრცელდეს!..


ხაზს ვუსვამ: ამჟამინდელ ხელისუფლებას ჯერ იმის ძალა სადა აქვს, ყველა დამნაშავე რომ დასაჯოს, მაგრამ, კიდეც რომ მოეხერხებინა თითოეულის დასჯა - ეს საქართველოს დასჯა უფრო გამოვიდოდა და, სასარგებლო შედეგის ნაცვლად, ხელთ მარტოოდენ სამართლიანობა შეგვრჩებოდა!..


მარტოოდენ სამართლიანობა კი, თუ მას ქვეყნისთვის რაიმე სარგებელი არ მოჰყვება, არაფრის მაქნისია!..


წყარო: „ლიტერატურული საქართველო“

right_banner right_banner
არქივი
right_banner