logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის
- +

17 ივნისი. 2016. 15:15


დღეს ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ პროგრამას - სტარტაპ საქართველო", რომელიც ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიურ პარკში, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" წარდგენისას განაცხადა.



პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის შესაძლებლობების რეალიზაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნა; ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება, რათა ადამიანებმა იფიქრონ, თუ როგორ მოიფიქრონ ახალი იდეები იმისათვის, რომ შექმნან საკუთარი ბიზნესი.



ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევქმნათ შესაბამისი ეკოგარემო, რომელშიც ახალგაზრდები, ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანები ამას შეძლებენ. ამიტომ, ჩვენ დღეს ვიწყებთ სრულიად ახალ პროგრამას - სტარტაპ საქართველო". ეს არის პროგრამა, რომელიც ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის, რომელიც გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და რომელიც განავითარებს ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას.

 

იმისათვის, რომ ამ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებს უნდა ჰქონდეთ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეა და შესაძლოა მათ სრულიად არ ჰქონდეთ კაპიტალი, რომლითაც შეიძლება დაიწყონ ეს ბიზნესი. ამით არის ეს პროგრამა გამორჩეული, რომ იგი ქმნის შესაძლებლობებს ნიჭიერი ადამიანებისთვის.

 

ის გარემო, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის ტექნოპარკი, რომელიც სულ უახლოეს წარსულში შეიქმნა. ის იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოვიყენოთ მთლიანად ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აქ არის. აქ არის იურიდიული კომპანიების მომსახურება, აქ არის ის სამეწარმეო საწყისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს მისცემს საშუალებას წამოიწყონ ბიზნესი. ადამიანებს, რომლებსაც დაუფინანსდებათ ამ პროგრამით მათი ბიზნესიდეები, სახელმწიფო დაეხმარება ასევე ექსპორტში და მათი შესაძლებლობების ქვეყნის გარეთ რეალიზებაში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.



მისივე თქმით, ამ პროგრამისთვის საწყის ეტაპზე გამოიყოფა 11 მილიონი ლარი, ხოლო შემდგომ 35 მილიონ ლარამდე არის გათვალისწინებული პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა.



როგორც პრემიერმა აღნიშნა, განცხადებების მიღება უკვე დღეიდან იწყება.



გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ პროგრამის დაწყებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.



ეს არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საპარტნიორო ფონდი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების სააგენტო. ეს ეს პროგრამა გახლავთ 4-პუნქტიანი რეფორმების პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი, ეკონომიკური განვითარების ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ამ ბლოკით გათვალისწინებულია ასევე ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია", - განაცხადა პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner