logo_geo
eng_logo
ორი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

2 მაისი. 2020. 01:24

 

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დ.რ. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 9 აგვისტოს, ღამის საათებში ქ.თბილისში, არასრულწლოვან ძმებს - ე.ჩ.-ს და დ.ჩ.-ს დ.რ.-სთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ. აღნიშნულით განაწყენებულმა დ.რ.-მ საცხოვრებელი სახლიდან წაღებული ორლულიანი სანადირო თოფიდან, მოკვლის განზრახვით, დამიზნებით,  ჯერ დ.ჩ.-ს ესროლა, რომელსაც კისრის არეში მიაყენა დაზიანება, ხოლო შემდეგ ე.ჩ.-ს, რომელმაც სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა  თავის არეში მიიღო. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად ე.ჩ.-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

 

სამართალდამცველებმა დ.რ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“  ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვანი პირის მიმართ) წარედგინა. დ.რ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.რ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner