logo_geo
eng_logo
ცემენტის გამომგონებელი ქართველი, რომლის წინაშე მთელი მსოფლიო ვალშია...
- +

2 მაისი. 2020. 13:45

 

 

მოგეხსენებათ, ხიდების, სხვადასხვა შენობა-ნაგებობების, მათ შორის ცათამბჯენების აშენებისათვის უმთავრესი მასალა ცემენტია. ეს არის  ჰიდრავლიკური მჭიდა ნივთიერება, რომელსაც იღებენ დაწვრილმანებული კლინკერისა და თაბაშირის ნარევისაგან. ზოგჯერ უმატებენ აქტიურ მინერალურ ნივთიერებებს. ამ ცემენტს მეორენაირად პორტლანდცემენტსაც უწოდებენ. მისი უმნიშვნელოვანესი თვისებებია: სიმტკიცის გაზრდა გამყარებისას, წყალმედეგობა არააგრესიულ გარემოში, ყინვამედეგობა. პორტლანდცემენტის გამომგონებლებად ოფიციალურად ორი პიროვნება ითვლება: ინგლისელი ჯოჟეფ ასპდინი  და ეგორ ჩელიევი. საინტერესოა, რომ 1948 წლამდე მხოლოდ ასპდინს აღიარებდნენ, რომელმაც პატენტი 1824 წელს აიღო. 1948 წელს კი აღმოჩნდა, რომ ჩელიევს 1822 წელს ჰქონდა დაწერილი ნაშრომი ცემენტზე, რომელიც წიგნად 1825 წელს გამოიცა.

 

ჩელიევზე და ასპდინზე ამბობენ, რომ მათ წინაშე მთელი მსოფლიო ვალშია, რადგან, სწორედ ამ ორი ადამიანის გამოგონებამ გახადა შესაძლებელი მსოფლიოში ცათამბჯენების მშენებლობა.

 

ცოტა მოგვიანებით კი, ცნობილი გახდა, რომ ეგორ ჩელიევი სინამდვილეში იაგორ ჭელიძეა. მისი ბაბუა - დავით ჭელიძე 1724 წელს, ვახტანგ მეექვსეს გაჰყოლია რუსეთში, სადაც იმპერატორმა პეტრე პირველმა მას თავადობა და მიწა უბოძა, იაგორის მამა - გერასიმე ქართველ ჰუსართა პოლკში მსახურობდა და სეკუნდ-მაიორი ყოფილა, დედა რუსი ჰყავდა.

 

თავად იაგორი 1771 წლის 19 მაისს ნოვოროსიისკის გუბერნიაში დაიბადა. უკვე 16 წლის ასაკიდან მუშაობდა სამაზრო მიწისზომელად. შემდეგ სამხედრო სამსახური გაიარა, 1800 წლიდან უკვე მოსკოვში მუშაობდა მიწისმზომელად.

 

1812 წელს ფრანგებთან ომის შედეგად გადამწვარი მოსკოვის აღსადგენად, იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა მოითხოვა ქალაქის ახალი პროექტების შედგენა. შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელსაც მეთაურობდა თავადი ციციანოვი (ციციშვილი). ამ კომისიაში  შედიოდა საპროექტო განყოფილება, რომლის დირექტორიც იაგორ ჭელიძე (ამიერიდან ასე მოვიხსენიებთ ეგორ ჩელიევს)  იყო.

 

იაგორისა და თავად ციციანოვის ხელმძღვანელობით, შედგა მოსკოვის გენერალური გეგმა. მასში შედიოდა 486 მნიშვნელოვანი შენობა, 6 ტაძარი, 21 მონასტერი, 261 ეკლესია, 129 საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა და ასე შემდეგ. მოსკოვის გენერალური გეგმის ესკიზი იაგორმა თავის ხარჯით დასტამბა და ოთხჯერ გამოსცა (1817, 1818, 1819 და 1824 წლებში).

 

აღსანიშნავია, რომ მისი უშუალო ხელმოწერითაა დამტკიცებული მოსკოვის მრავალი შენობის, არხის, ხიდის აღდგენა– რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტები. იგი უძღვებოდა ყველა გეოდეზიურ, ტოპოგრაფიულ და კარტოგრაფიულ სამუშაოს.

 

1818  წელს იაგორ ჭელიძეს დაავალეს შეედგინა ახალი წყალსარიდებელი არხის პროექტი, რათა გაზაფხულის წყალდიდობის დროს, მოსკოვის სანაპიროები არ დატბორილიყო. დაპროექტების გარდა, ის მონაწილეობდა  მოსკოვის სანაპიროების, აუზების, შადრევნების, არხების, ნაგებობების მშენებლობაში. ხელმძღვანელობდა საგზაო სამუშაოებსაც. 1824 წელს მან უპატაკა ხელისუფლებას, რომ „მტრისაგან ფერფლად ქცეული დედაქალაქი აღდგენილია“.

 

სწორედ ამ სამუშაოების დროს იაგორ ჭელიძემ შექმნა მტკიცე სილიკატური ცემენტი, რომელიც იქცა თანამედროვე ცემენტის საწყისად. ეს ცემენტი გამოიყენა მან ძველი შენობების აღდგენისა და ახლების აგების აგებისას. თავისი გამოგონება დაწვრილებით აღწერა წიგნში, რომელიც 1825 წელს გამოიცა. წიგნის სახელწოდებაა: „სრული აღწერილობა, თუ როგორ უნდა მომზადდეს იაფი და საუკეთესო ცემენტი, ფრიად მტკიცე, ისეთი წყალქვეშა ნაგებობებისათვის, როგორიცაა: არხები, ხიდები, აუზები და კაშხლები; მიწისქვეშა სარდაფებისათვის, ხისა და ქვის ნაგებობათა შესაბათქაშებლად“. ნაშრომში აღწერა დაწვრილებით ცემენტის მიღების ხერხი კირის (ან ცარცის) და თიხის ნაერთის გამოწვითა და მიღებული პროდუქტის დაქუცმაცების მეშვეობით. ავტორი შენიშნავდა, რომ წიგნი დაწერილი იყო რეალურად აგებული შენობების პრაქტიკის საფუძველზე. ეს ნათლად ცხადყოფს, რომ ჭელიძემ ასპდინზე ადრე გამოიყენა მაღალი ხარისხის ცემენტი, რომელიც დღემდე იმავე მეთოდით მზადდება. მოსკოვის აღდგენისთვის იაგორმა უამრავი ჯილდო მიიღო, მაგრამ 1828 წელს, რუსების მიერ მოწყობილი ავანტიურის შედეგად, სრულიად უსამართლოდ დაითხოვეს სამსახურიდან. ამ ფაქტზე დიდად იმოქმედა გამომგონებელზე - ის ყველასაგან მივიწყებული, 1829 წლის 3 სექტემბერს, 58 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა.

 

დღეს ეგორ ჩელიევის (იაგორ ჭელიძის) ღვაწლი სათანადოდაა დაფასებული. 1971 წელს, იუნესკოს ეგიდით, თბილისში ჩატარდა მისი დაბადების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ცემენტის ქიმიის მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები.

 

1976 წელს სანკტ-პეტერბურგში, ნევის რაიონში, ერთ-ერთი ქუჩას ეწოდა ეგორ ჩელიევის სახელი (ვინაიდან საბუთებში ეს სახელი და გვარი ჰქონდა მითითებული).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner