logo_geo
eng_logo
ამბავი არქიმანდრიტ წმინდა გრიგოლ ფერაძისა
- +

17 ივნისი. 2016. 15:55

გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 13 სექტემბერს (ძველი სტილით 31 აგვისტოს) საქართველოში, სოფელ ბაკურციხეში, სადაც მღვდლად მსახურობდა მამამისი რომანოზ ფერაძე.

 

ამბავი პირველი: დაწყებითი განათლება მიიღო სამშობლოში. 1919 წელს შევიდა ახალგახსნილ თბილისის უნივერსიტეტში. 1921 წელს, ძმებთან ერთად, იგი იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბოლშევიკების წინააღმდეგ. იმავე წელს, ნიჭიერი ახალგაზრდა, საქართველოს ეკლესიამ თეოლოგიური ცოდნის მისაღებად გააგზავნა გერმანიაში. შემდგომში მიუხედავად სამშობლოში დაბრუნების მრავალგზის მცდელობისა, მთელი ცხოვრება ემიგრაციაში გაატარა. გერმანიაში გრიგოლ ფერაძემ მიიღო საფუძვლიანი თეოლოგიური განათლება. დაეუფლა 16 ენას და ორიგინალში კითხულობდა ძველ ხელნაწერებს. 1926 წელს ბონის უნივერსიტეტში მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. იგი იკვლევდა და აქვეყნებდა შრომებს ქართული ეკლესიის ისტორიაზე, წმინდანების ცხოვრებაზე და იმთავითვე გახდა ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ორიენტალისტი. კითხულობდა ლექციებს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

 

ამბავი მეორე:  1929 წელს გრიგოლ ფერაძე პარიზის მრავალრიცხოვანი ქართული ემიგრაციის თხოვნით, ბერად აღიკვეცა და 1930 წ. დააარსა XX საუკუნეში საქართველოს ფარგლებს გარეთ, პირველი ქართული მართლმადიდებლური, წმინდა ნინოს ეკლესია პარიზში და გახდა ქართული სამწყსოს სულიერი მამა. აქ მან გამოსცა ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. 1933 წელს პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გრიგოლ ფერაძე ვარშავაში მიიწვია პატროლოგიის პროფესორად, მართლმადიდებელი თეოლოგიის ფაკულტეტზე. პროფესორმა გრიგოლ ფერაძემ პირველი ლექცია ვარშავაში წაიკითხა პოლონურ ენაზე, 1933 წლის 7 დეკემბერს. 1934 წლის იანვარში მიიღო არქიმანდრიტის წოდება. 1935 წელს, საკუთარი სახსრებით, გაემგზავრა სამეცნიერო ექსპედიციაში: რუმინეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში (ათონის მთაზე). 1936 წელს კი, აისრულა დიდი ხნის ოცნება, იმოგზაურა წმინდა მიწაზე და სირიაში, სადაც არაერთი იშვიათი ხელნაწერი ძეგლი აღმოაჩინა და შეისწავლა.

 

ამბავი მესამე: პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის გარდა, იგი მეოხად ექცა პოლონეთში მცხოვრებ მრავალრიცხოვან ქართველ ოფიცერთა კორპუსს, იგი იყო მათი სულიერი მოძღვარი. ამავდროულად იყო პოლონელი სტუდენტების საყვარელი პროფესორი, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს წრეებში დიდი პატივით სარგებლობდა.

 

პოლონეთში ფაშისტების შესვლის შემდეგ, 1942 წლის მაისში, მამა გრიგოლმა არ დატოვა ვარშავა და დაბომბვის დროს უშიშრად დადიოდა ჯვრით ხელში, მიცვალებულებს აპატიოსნებდა და დაჭრილები გადაჰყავდა თავშესაფარში. პროფაშისტურად განწყობილი ქართველების მხრიდან, პროვოკაციების და დასმენების შედეგად, მამა გრიგოლი გესტაპომ  დააპატიმრა. იგი გადაიყვანეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში.

 

1942 წლის 6 დეკემბერს, მამა გრიგოლ ფერაძე მოწამებრივად აღესრულა. მან სხვა პატიმრების გადასარჩენად ნებაყოფლობით გასწირა თავი. მისი მოწამეობა თანამედროვე მართლმადიდებლობის ერთ-ერთ ნათელ ფურცელს წარმოადგენს.

 

***

ბოლოთქმა

 

1995 წლის სექტემბერში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გრიგოლ ფერაძე წმინდა მღვდელმოწამედ შერაცხა. იმავე წელს მისი კანონიზირება აღიარა  პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც.

 

წმ. გრიგოლს დიდი პატივს მიაგებენ პოლონეთში. იგი ითვლება ვარშავის უნივერსიტეტის მფარველად, აქ მოქმედებს მისი სახელობის ორი ეკლესია და უნივერსიტეტი გამოსცემს მეცნიერის შრომების ხუთტომეულს.

 

„წმინდა გრიგოლ ფერაძე პოლონეთისა და საქართველოს შემაკავშირებელი ხიდია. დროთა განმავლობაში კი, ეს ხიდი სულ უფრო და უფრო მეტად მტკიცდება...“ - თქვა თავის ერთ-ერთ ქადაგებაში წმ. გრიგოლ ფერაძის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

 

საქართველო ვალშია წმიდა გრიგოლ ფერაძის წინაშე!

 

წმინდა გრიგოლის მადლი შეგვეწიოს ყველას!

 

 

ხვალ წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოების თავყრილობაა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner