logo_geo
eng_logo
ზაზა ჩიქვანაია: მიზანი შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის დანერგვაა!
- +

ავტორი ილონა ცაცუა

3 მაისი. 2020. 15:21

 

2019 წლის სექტემბერში საქართველოში ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად ყველა ორგანიზაცია ვალდებულია ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ჯერ კიდევ კანონის ამოქმედებამდე, 2019 წლის ზაფხულში, შეიქმნა შპს „სეიფ ოფისი“, რომელიც მოწოდებულ იყო დახმარება გაეწია ყველა იმ ფირმისთვის, ვისაც სახელმწიფო ავალდებულებდა ამგვარი სპეციალისტის ყოლას. „სეიფ ოფისის“ საქმიანობის, განვითარებისა და სამომავლო მიზნების შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად შპს-ს დირექტორს, ბატონ ზაზა ჩიქვანაიას გავესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს, როცა მსოფლიო სრულიად ახალი ეკოსისტემის შეგუებისა და ადაპტირების რეჟიმზე გადადის, ამაში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა უზარმაზარ როლს  ითამაშებს.

 

- როგორი იყო თქვენი საქმიანობის პირველი ეტაპი და რა წინააღმდეგობები შეგხვდათ?

 

- ქვეყანაში ახალი სფეროს შექმნას და მის სხვა ინფრასტრუქტურულ ერთეულებთან ინტეგრირებას, უპირველეს ყოვლისა, ესაჭიროება ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის ეროვნულ დონეზე შემუშავება და დანერგვა,  რაც 2019 წლის სექტემბრის თვეში მიღებულ კანონში აისახა. მეორე ეტაპია ამ სისტემის ადაპტირება, რათა სრულ თანხვედრაში იყოს ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასთან. მესამე კი, უკვე ამ სისტემის ორგანიზაციულ დონეზე მორგებაა. მინდა აღვნიშნო, რომ სხვა ქვეყნებში, სადაც დაინერგა იგივე სფერო, იმპლემენტაციის პირველ წლებში, თითქმის ანალოგიურმა პრობლემებმა იჩინა თავი. კერძოდ,  წარმოიშვა საინფორმაციო ვაკუუმი და არაჯანსაღი კომუნიკაცია თვითონ სფეროში მოქმედ სუბიექტებს შორის, როგორიც გახლავთ საკანომდებლო ორგანო, მაკონტროლებელი ორგანო - შრომის ინსპექცია, მასერტიფიცირებელი საგანმანათლებო ორგანიზაცია, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა სეგმენტი და მთავარი ბენეფიციარი - კერძო სეგმენტი. გამომდინარე იქიდან, რომ სფერო ცოცხალი ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ემსახურება, ჰიპოკრატეს ფიცის ტოლფასად აღვიქვით  ჩვენი პასუხისმგებლობა და გადავწყვიტეთ, ყველანაირად ხელი შეგვეწყო  ხუთივე არსებული სუბიექტისთვის და საერთოდ ქვეყნისთვის, რომ სფერო, რაც შეიძლება ჯანსაღად და ეფექტიანად იქნეს დანერგილი.

 

- როგორც ვიცი,  ამის შემდეგ გადადგით ახალი ნაბიჯი,  დააფუძნეთ ასოციაცია, რომლის მთავარი მიზანი დარგის პოპულარიზაციაა. ამჟამად რა ეტაპზეა თქვენი მცდელობა?

 

- ჩვენმა ორგანიზაციამ საქმიანობა დაიწყო შპს „სეიფ ოფისით“, თუმცა, მოგვიანებით სულ სხვა, იურიდიულ - არაკომერციულ და არამოგებაზეორიენტირებულ ფორმატზე გადავედით და ეს გახლავთ ასოციაცია „საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ლიგა“, რომლის მიზანია ჩამოყალიბდეს სრული და გამჭირვალე წარმოდგენა, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის უწყვეტი გაუმჯობესების ციკლზე. ასოციაციის ბენეფიციარები, სფეროში მოთამაშე ხუთივე სუბიექტია. ამ ეტაპზე, ჩვენმა გუნდმა  200-კაციან ჯგუფს, ჟენევის სათავო ოფისის - „აილოს“ მხარდაჭერით, სრულიად უანგაროდ, შეასწავლა  ერთ-ერთი უპირველესი და უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის პოლიტიკა ყველა მიმართულებით - უსაფრთხოების სპეციალისტის, აუდიტის, მაკონტროლებელი ორგანოს და ასევე კერძო სექტორის გადმოსახედიდანაც კი.

 

- უფრო კონკრეტულად ხომ არ ვისაუბროთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე?

 

- დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მათთან აქტიური კომუნიკაცია მაქვს.

 

- როგორ გესახებათ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა, იქნება ეს დაპირისპირება თუ ერთობლივი ძალისხმევა?

 

- არავითარ შეთხვევაში, დაპირისპირების საბაბსაც კი ვერ ვხედავ. თუ იქნება ჯანსაღი ნება, დარწმუნებული ვარ, ყველაფერ ამას გაგებით მოეკიდებიან, როცა შეისიხლხორცებენ, რომ საუბარი ეხება მათი დასაქმებულების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. მათ აქვთ აღებული  ვალდებულება, რომელიც  დასაქმებული, ცოცხალი ადამიანის დაშავებისგან,  პროფესიული დაავადებების განვითარებისგან, მიკროკლიმატის საფრთხეებისგან, საგანგებო მდგომარეობებისგან (მაგ: როგორიცაა ხანძარი, მიძისძვრა, წყალდიდობა და ა.შ. ) პრევენციას მოახდენს.

 

- ამჟამად მსოფლიო ებრძვის COVID-19 ინფექციას, თქვენ თუ გაქვთ რეკომენდაციები ამ მიმართულებით და შეგიძლიათ თუ არა, რაიმე სახით დაეხმაროთ მედიცინის მუშაკებს?

 

- ჩვენ გვაქვს საერთაშორის შრომის ორგანიზაციის მასალა, რომელიც გახლავთ გადაუდებელი დახმარების მედდებისთვის უსაფრთხოების სრული სახელმძღვანელო, აქვე პოლიციელებისა და მეხანძრეებისთვის საჭირო ინფორმაციაა მოცემული. ამ მასალაში ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილია პრევენციული ზომები. მზად ვარ, ეს ინფორმაცია გავუზიარო ყველას, ვისაც დასჭირდება.

 

- პოსტპანდემიური პერიოდი საკმაოდ რთული იქნება,  როგორ გესახებათ თქვენი ორგანიზაციის როლი ამ მიმართულებით?

 

- მსოფლიო მასშტაბით ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალი წყობის და ახალი წესების, სრულიად ახალი ეკოსისტემის შეგუებისა და ადაპტირების რეჟიმზე და ამაში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა უზარმაზარ როლს  ითამაშებს. სფერო არის ცოცხალი ორგანიზმი და იმედია, ჩემი ინიციატივა დაგვიანებული არაა.  იმედი მაქვს, რომ სფეროში მოღვაწე ყველა სუბიექტთან ერთად, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ ერთ მიზანს ვემსახურებით და ეს მიზანი, ადამიანთა, დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის  სისტემის ქვეყნის მასშტაბით ჯანსაღად დანერგვა-განვითარებაა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner