logo_geo
eng_logo
აშშ ჩინეთის წინააღმდეგ სტრატეგიას ამუშავებს
- +

4 მაისი. 2020. 10:35

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ გუშინ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ხელისუფლებას აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც მიანიშნებს იმას, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.

 

„ამაზე ჩვენ კარგა ხანია, ვსაუბრობთ, და მალე მთელი მსოფლიო იხილავს მტკიცებულებებს“, - განაცხადა მაიკლ პომპეომ. მისი თქმით, სპეცსამსახურის აგენტთა უმრავლესობა (75%) ამტკიცებს, რომ ვირუსი ჩინურ ლაბორატორიაში ხელოვნურად შეიქმნა, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ საამისოდ, საკმარისი მტკიცებულებები ჯერ არაა მოძიებული. თუმცა, ყველა დარწმუნებულია, რომ ჩინეთის მხარე ვირუსის გა ვრცელების ფაქტს კარგა ხანი მალავდა.

 

საინტერესოა, რომ პომპეომ თავი შეიკავა პასუხის გაცემისაგან კითხვაზე - ვირუსი სპეციალურად გავრცელდა თუ შემთხვევით.

 

რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, მან ჩინეთს, რომ იტყვიან, „პირდაპირ დაადო ხელი“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ზედ მიაყოლა. ეს უკანასკნელი დღემდე ძველ აზრზე დგას, - ვირუსი ცხოველებისგან გავრცელდაო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიური 500-მილიონიანი დაფინანსება შეუწყვიტა ტრამპის ადმინისტრაციამ. თუ პომპეოს გუშინდელ განცხადებაში დაანონსებული მტკიცებულებები გასაჯაროვდა, ეს მძიმედ აისახება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის იმიჯზე - ყველა დარწმუნდება, რომ ეს ორგანიზაცია, რომელიც დღემდე ჩინეთის მხარეს იცავს, აზიური ზესახელმწიფოს თანამზრახველია.

 

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში თავისი მისია ჩააფლავა და მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე: რატომ ეხმარებოდა ფარულად ჩინეთს“, - განაცხადა ტრამპმა.

 

საინტერესოა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ყოველწლიურად 400-500 მილიონი დოლარით აფინანსებდა, როცა, ჩინეთი მხოლოდ 40 მილიონამდე უხდის. ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ორგანიზაცია ფარულ გარიგებაშია ჩინურ მხარესთან და უხეშად რომ ვთქვათ, ფულს აკეთებს.

 

თეთრ სახლში უკვე ამუშავებენ სტრატეგიას ჩინეთის წინააღმდეგ. თუ რა კონკრეტულ სანქციებზეა საუბარი, ეს ჯერჯერობით უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩინეთის ეკონომიკას მძლავრი დარტყმა ელის...

 

ტრამპის თქმით, ჩინეთს ვირუსის გავრცელებისთვის საკმაოდ დიდი კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

 

ამ ბოლო რეპლიკას, აზიური სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლე იუიჩანი გამოეხმაურა - მას  სასაცილოდაც არ ჰყოფნის აშშ-ის პრეზიდენტის თემა კომპენსაციასთან დაკავშირებით და ამას „პოლიტიკური ფარსი“ უწოდა.

 

ექსპერტთა აზრით, ჩინეთი ბოლო დროს საეჭვოდ იქცევა იქიდან გამომდინარე, რომ თავიდან ვირუსის გავრცელება ღამურებს და პანგოლინებს დააბრალა, შემდეგ დამნაშავედ აშშ გამოაცხადა, ქვეყნის მინისტრის მოადგილე კი ისევ ცხოველების ბაზარს მიუბრუნდა.

 

აზიის ზესახელმწიფომ უკვე დაიწყო გამოძიება ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, თუმცა, ჩინელების უკვე არავის სჯერა, რადგან საგამოძიებო კომისიაში არ მიუწვევიათ სპეციალისტები არც აშშ-დან და არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან.

 

საერთაშორისო ექსპერტების ვარაუდით, ჩინეთი პასუხისმგებლობას მაინც ვერ აიცილებს თავიდან და გარკვეულ სანქციებს დაუწესებენ მიმდინარე წელს, რაც უფრო მეტად დააზარალებს ამ ქვეყნის ეკონომიკას. სანქციების მთავარი „დამდები“ კი აშშ იქნება ორი მიზეზის გამო: პირველი - მიმდინარე წელს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებია და ტრამპმა როგორმე უნდა ასწიოს საკუთარი იმიჯი ამერიკელი ხალხის თვალში, და მეორე - აშშ ამ ეტაპზე პირველ ადგილზეა ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით - 3 მაისისთვის მილიონნახევარი ადამიანია დაინფიცირებული. ხოლო გარდაიცვალა 67 200. არადა, ტრამპის ამასწინანდელი განცხადებით, თუ მსხვერპლი 65 ათასს არ გადააჭარბებდა, ეს ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს „გეგმა“ ვერ შეასრულა...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner