logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: თუ არჩევნებში მონაწილეობით არ აიღებ სახელმწიფოზე პასუხისმგებლობას, შენ დაკარგავ თავისუფლებას
- +

17 ივნისი. 2016. 16:13


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორია გახსნა და საჯარო ლექცია წაიკითხა.


საჯარო ლექციაზე „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის 25-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში საზოგადოების წინაშე მდგარ ამოცანებზე, პოლიტიკურ პროცესებში თითოეული მოქალაქის ჩართულობაზე და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.


როგორც გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არ წავა არჩევნებზე და არ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას.


„ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გადადგას, საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების ფორმირებაა.

 

ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი, პოლიტიკური სისტემის მმართველობის ფორმირებაა.

 

ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. ეს არჩევნები არ არის უბრალოდ არჩევნები პოლიტიკოსებს შორის, ეს არჩევნები არის არჩევნები ჩვენი თავისუფლებისათვის.

 

ჩვენ უნდა დავინახოთ, ვის ვაძლევთ ხელში მართვის ბერკეტებს. დავავალოთ მათ - როგორ მართონ და პასუხი მოვთხოვოთ - როგორ მართავენ სისტემას.

 

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამბობს, რომ არ წავლენ არჩევნებზე, ან მათ არ აქვთ გადაწყვეტილი, ვის მისცენ ხმა, ან  მათ არ აინტერესებთ პოლიტიკა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩემთვის.

 

მოქალაქის პასუხისმგებლობა, გარდა იმ ვალდებულებებისა, რომ დაიცვას კანონი, არის დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური სისტემის ფორმირება.

 

ვერ იქნები დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყანაში თავისუფალი მოქალაქე, თუ არ აიღებ სახელმწიფოზე პასუხისმგებლობას. თუ შენ ამ პასუხისმგებლობას გაექცევი და იტყვი, რომ პოლიტიკა არ გაინტერესებს, იტყვი, რომ პოლიტიკა ბინძურია, იტყვი, რომ არცერთი პოლიტიკოსი არ მოგწონს, იტყვი, რომ ეს შენი საქმე არაა, იცოდეთ, რომ აი, ამ მომენტში, თქვენ კარგავთ თქვენს თავისუფლებას და გარდა ამისა, თქვენ უკარგავთ თავისუფლებას თქვენს თანამოქალაქეებს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ხშირად პოლიტიკოსების მიმართ საზოგადოებაში  აპათიაა და სვამენ კითხვას, რომ როცა არცერთი პოლიტიკოსი არ მოსწონთ, რატომ უნდა წავიდნენ არჩევნებზე.


„არჩევნები ფაქტია. არჩევნები შედგება და თითოეული ხმა, რომელიც არ იქნება დაფიქსირებული ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ, ფიქსირდება თავისუფლების წინააღმდეგ, ფიქსირდება იმ პოლიტიკური ჯგუფების კონტექსტში, რომლებსაც აწყობთ, რომ ამომრჩეველი იყოს აპათიური", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, წელს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს. საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და დღეს მთელი საზოგადოების მიზანსა და ამოცანას თავისუფლებისაკენ სწრაფვა წარმოადგენს.


„თავისუფლება მდგომარეობს იმაში, რომ შენი აზრის გვერდით, სხვისი აზრის არსებობის მნიშვნელობა აღიარო.

 

სამწუხაროდ, როდესაც ვაჯამებთ დამოუკიდებლობის 25 წელს, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ დაპირისპირებას.

 

ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსთა ჯგუფებს, პარტიებს, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ მეორე მხარე საერთოდ უნდა გაექროთ და არ უნდა არსებულიყო, რათა მარტო ისინი ყოფილიყვნენ ერთადერთი სიმართლის და ჭეშმარიტების მატარებელი პოლიტიკური ძალა.

 

არამარტო პარტიებში, საზოგადოებრივ დისკუსიებშიც ასე იყო, მაგრამ საზოგადოების ძალას ხედავ იმაში, რომ შენ აი, იმ მეორე მხარეს გააერთიანებ შენთან, რაღაც კომპრომისზე წახვალთ ორივენი და ქვეყანას არ შეარყევთ ისე, როგორც არაერთხელ შეგვირყევია. აი, ეს არის საზოგადოება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სწორედ თავისუფლებისაკენ სწრაფვის კონტექსტში განიხილება საპარლამენტო არჩევნები და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა.


პრეზიდენტმა საჯარო ლექციის შემდეგ სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც საქართველო - რუსეთის ურთიერთობებს, ოკუპირებულ ტერიტორიებს, ევროინტეგრაციას, ეკონომიკურ რეფორმებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner