სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან დისტანციურ შეხვედრებს მართავს. ონლაინ ჩართვის საშუალებით მხარის რწმუნებული ჯერ ჩაის, შემდეგ კი სიმინდის სექტორში წარმოდგენილ ფერმერებს გაესაუბრა, შეხვედრაზე ასევე ჩართულები იყვნენ მუნიციპალიტეტების მერები. სახელმწიფო რწმუნებულმა დარგის წარმომადგენლებისგან მოისმინა ყველა იმ საჭიროების შესახებ რაც მეწარმეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების პერიოდში შეექმნათ.
ჩაის კრეფის სეზონი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში არსებულ ფართობებზე კი 15 მაისიდან დაიწყებენ. წალენჯიხაში პირველი მოსავლის გადამუშავების პროცესიც მიმდინარეობს.
რაც შეეხება სიმინდს, რეგიონში ამ დროისთვის დამუშავებულია 17 137 ჰექტარი მიწის ფართობი, აქედან 5013 ჰექტარ მიწის ფართობზე სიმინდი უკვე დათესილია.
გასულ კვირას ონლაინ ჩართვის საშუალებით სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაესაუბრა მეფუტკრეებს და მათგან მოისმინა არსებული საჭიროებების შესახებ. მეფუტკრეებმა, მთავარ პრობლემად საკომენდანტო საათებში გადაადგილება დაასახელეს. სწორედ ამ პერიოდში, ღამის საათებში ხდება ფუტკრის ოჯახების სეზონური მთა-ბარობა - პრობლემა უკვე მოგვარებულია.
ჩაის და სიმინდის სექტორში წარმოდგენილი ფერმერების და მეფუტკრეების მსგავსად სახელმწიფო რწმუნებული, სოფლის მეურნეობის სხვა დარგის წარმომადგენლებს ონლაინ ჩართვის საშუალებით გაესაუბრება და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციას პირადად მათგან მიიღებს.