logo_geo
eng_logo
ახალციხის ბაზარმა ყველა რეკომენდაციის შესრულება ვერ შეძლო და დაიხურა
- +

4 მაისი. 2020. 22:17

 

 

ახალციხის ბაზარი ისევ დახურულია, ბაზრის ადმინისტრაციამ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის რეკომენდაციებიდან ნაწილი შეასრულა. როდის გაიხსნება ბაზარი მოვაჭრეებისთვის, ამ ეტაპზე უცნობია.

 

ახალციხის ბაზრის დირექტორის, ვახტანგ ქართველიშვილის თქმით, ჯერ–ჯერობით გარკვეული რეგულაციები კვლავ შეუსრულებელი რჩება, მათ შორის მიუსაფარი ძაღლების პრობლემა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ტერიტორიის ბორდიურებით შემოღობვა. ასევე არ დაწყებულა მოქალაქეების თერმოსკრინინგიც.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ახალციხეში პარასკევს, პირველ მაისს იმყოფებოდა, მან განაცხადა, რომ ბაზრის ადმინისტრაციას, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებული აქვს და ობიექტი სავარაუდოდ ორშაბათიდან, ოთხი მაისიდან გაიხსნებოდა.

 

გახსნამდე უნდა შემოღობილიყო ტერიტორია, რათა ბაზარში შესვლა ვერ შეძლონ მიუსაფარმა ცხოველებმა, ასევე უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი შესასვლელი და გასასვლელი, მოწესრიგდეს პარკინგი, მყიდველსა და გამყიდველს ჩაუტარდეს თერმოსკრინინგი. ტერიტორიაზე პერიოდულად ასევე უნდა ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები.

 

დღეს ოთხ მაისს ახალციხის მერმა, ზაზა მელიქიძემ "სამხრეთის კარიბჭესთან" განაცხადა, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარება უკვე მიმდინარეობს, თუმცა არ დაუკონკრეტებია ამისთვის რა გაკეთდება: მუშაობს სპეციალური სამსახური და როგორც ბაზრის ტერიტორიაზე, ისე მთელს ქალაქში მიმდინარეობს ამ პრობლემის მოგვარება“.

 

საქართველოში COVID-19 ის გავრცელების გამო, შეიზღუდა გარკვეული ბიზნესსაქმიანობები, მათ შორის აგრარული ბაზრების ფუნქციონირება, თუმცა ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, 27 აპრილიდან შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო.

 

ბაზრის ადმინისტრაცია 29 მარტს, ტერიტორიაზე ხალხმრავლობისთვის, 15 000 ლარით დაჯარიმდა. მას შემდეგ დაწესდა შეზღუდვებიც. დღემდე ბაზარში მხოლოდ რამდენიმე მაღაზია მუშაობს.

 

http://sknews.ge/index.php?newsid=27452&fbclid=IwAR07sVkFSttxwibLAHeMBqf21gRIvg0yR1ZV345k7Q-egBL6pw69IejkqwE

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner