logo_geo
eng_logo
ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის და ძარცვისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

5 მაისი. 2020. 11:33

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის და ძარცვისთვის ბრალდებული შ.ღ. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 11 სექტემბერს, ქ. რუსთავში  „კულტურისა და დასვენების პარკში“  ქურდობისთვის და ყაჩაღობისთვის ნასამართლევმა შ.ღ.-მ ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით ლ.ტ.-სთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა,  ხელჩანთა წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა შ.ღ. 2019 წლის 12 სექტემბერს ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის I ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით), 178-ე მუხლის III ნაწილის „დ“ და IV ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ძალადობით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ შ.ღ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner