საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანიშვილი, სოფლებში ჭალოვანსა და კორბოულში იმყოფებოდნენ, სადაც 2 მაისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. აღნიშნულ სოფლებში უხვი ნალექის შედეგად ჩამოშლილი ქანებისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. სტიქიის შედეგებს საგანგებო შტაბი აღრიცხავს, რის შედეგადაც სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დაიგეგმება.
მიმდინარე წლის 2 მაისს ძლიერი წვიმისა და სეტყვის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც დაზიანდა სახნავ-სათესი სავარგულები, მოხდა მიწის ჩამოშლა, დაზიანდა ხიდები, ხიდ-ბოგირები, ნაპირდამცავი ნაგებობები, საავტომობილო და საუბნო გზები.